Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ახალი 7 დღის” დღევანდელი ნომრის დიდი ნაწილი ქართულ-ოსურ კონფლიქტს ეძღვნება.

ქვეყნდება ინტერვიუ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან, რომელიც ამბობს: ”ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არის მოხსნილი დღეს რუსეთის პრობლემა. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ”ფეესბე” ამ ტერიტორიაზე აღარ მუშაობს, რომ რუსეთის ჯარი აღარ დგას, რომ ჯავას, ცხინვალს და როკის გვირაბს რუსები აღარ აკონტროლებენ.” გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ალექსანდრე რუსეცკისთან, რომელიც ამბობს: ”ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის საკითხში კონკრეტული შედეგი მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ ამ თემაზე პუტინის და სააკაშვილის დიალოგი შედგება.” სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე კი ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, აცხადებს, რომ ”სამხრეთ ოსეთის” კიდევ ერთხელ იურიდიულად შექმნა საქართველოში კონფლიქტს ვერ დააცხრობს და, ამასთან, წერილის ბოლოს რეგიონის პრობლემებზე მომუშავე ახლად შექმნილ კომისიაში შეყვანას სთხოვს პრეზიდენტს: ”მე მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფნა ამ კომისიის შემადგენლობაში საჭიროა”, - აცხადებს ნოდარ ნათაძე.

დღევანდელ ნომერში ვრცელი პუბლიკაცია ეძღვნება სპორტის აკადემიის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ინტეგრაციას. ”ლევან ჩხაიძის ბიომექანიკის კათედრა ჯერჯერობით ისევ არის ფიზკულტურის აკადემიაში და გაგარინთან დამშვიდობების სურათიც თვალსაჩინოდ არის კედელზე გაკრული. გაფრენა სულ მალე ნახეთ, ამ ”ინტეგრაციის” შემდეგ, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დაფრენა”, - წერს ავტორი.

”ახალი თაობის” კორესპონდენტთან ინტერვიუში ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ამბობს: ”მინდა აღშფოთება გამოვთქვა იმ სპორტსმენების და იმ სპორტული ფედერაციების თავმჯდომარეებისა და მესვეურების მიმართ, რომლებმაც ცალსახად დაიკავეს ბენდუქიძე-სააკაშვილის მხარე.”

”რეზონანსი” იტყობინება, რომ შეიძლება ხელისუფლებამ რექტორთა საბჭო შექმნას. ”მე პირადად რექტორთა საბჭოს შექმნის პირველი წინააღმდეგი ვიქნები, იმიტომ რომ რექტორთა საბჭოს ძალიან ცუდი კომუნისტური გამოცდილება გააჩნია. ამასთან, ვერ ვხედავ ამ საბჭოს არსებობის რაიმე საჭიროებას”, - განუცხადებია ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძეს ”რეზონანსისთვის”. მართალია, საკითხი გადაწყვეტილი არ არის და გაზეთი მხოლოდ ვარაუდებზე წერს, ოპოზიცია უარს არ ამბობს შეფასებაზე: ”როგორც ჩანს, ამით უნდათ, რომ ზოგადად საუნივერსიტეტო დამოუკიდებლობა შეიზღუდოს. მართალია, თვითმმართველობა რეალურად დღეს ისედაც შეზღუდულია, მაგრამ შეიზღუდოს სამართლებრივი თვალსაზრისითაც”, - ამბობს პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი. გაზეთი აქვეყნებს პარლამენტარ დავით ზურაბიშვილის კომენტარსაც: ”აქ გინდა რექტორთა საბჭო შეუქმნიათ, გინდა სულ დაუქცევიათ ყველაფერი, მაინც აღარაფერი არ ეშველება უკვე გაფუჭებულ საქმეს. როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, მერე თავიდან იქნება ყველაფერი გასაკეთებელი”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.
XS
SM
MD
LG