Accessibility links

logo-print

“რუსეთო, გაიყვანე შენი ჯარები მოლდავეთიდან!”- ინტერვიუ შეერთებული შტატების ელჩთან მოლდავეთში


რუსეთის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ევროპაში ჩვეულებრივი შეირაღებული ძალების ხელშეკრულებაში მონაწილეობა, განსაკუთრებული შეშფოთებით აღიქვეს მოლდავეთში.

საქმე ისაა, რომ ევროპის მოთხოვნა იყო, რუსეთს დაეხურა სამხედრო ბაზა დნესტრისპირეთში, რასაც ზემოხსნებული ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი ითვალისწინებს. ამ კონტექსტში დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე და სუამის მომავალზე რადიო ”თავისუფლების” რუმინულ-მოლდავურმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა მოლდავეთში შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაიკლ კირბის. გაგაცნობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

შეერთებული შტატების ელჩი მოლდავეთში დარწმუნებულია, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის რეჟიმის მოქმედებას აკონტროლებს, რის გამოც პრობლემის გადასაჭრელად მოსკოვის გვერდის ავლა არ შეიძლება. თუმცა მაიკლ კირბი ამბობს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ-ერთი მოთამაშეა დნესტრისპირეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში, რომელშიც ასევე დიდ როლს თამაშობენ შეერთებული შტატები, უკრაინა, ეუთო, ევროკავშირი და თავად მოკონფლიქტე მხარეები. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს კოსოვოს შესაძლო დამოუკიდებლობა სხვა გაყინული კონფლიქტების ბედზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ კირბის პასუხი ასეთი გახლდათ:

[მაიკლ კირბის ხმა]“მე უარვყოფ მოსაზრებას, რომ კოსოვო არის პრეცედენტი დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის პრობლემის შემთხვევაში. აქ საქმე გვაქვს განსხვავებული სახის კონფლიქტებთან.”

მეორე საკითხი, რომელიც მოლდავეთში ამჟამად ძალიან აწუხებთ, ეს არის რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების თაობაზე. სწორედ ამ ხელშეკრულების ადაპტირებული, 1999 წლის სტამბულის ვარიანტის თანახმად უნდა გაეყვანა რუსეთს სამხედრო ბაზა დნესტრისპირეთიდან. მაგრამ რა იქნება რუსეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ? აი, რას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოლდავეთში მაიკლ კირბი:

[მაიკლ კირბის ხმა] “რუსეთი თითქმის ყველანაირ პროგრესს აღწევს, რაც მას სჭირდება საქართველოში, საიდანაც ჯარების გაყვანის პროცესი კარგად მიდის. დიდი პრობლემაა მოლდავეთი. მოლდავეთში როცა ხარ, გამუდმებით გესმის მთავრობისგან: “გთხოვთ, გაიყვანეთ თქვენი ჯარი.” ეს არის მოლდავეთის პოზიცია და ჩვენ ამაში მხარს ვუჭერთ მოლდავეთს: რუსეთო, წაიყვანე შენი ჯარი სახლში. გაიტანე, არ დატოვო არც შენი იარაღი.”

შეერთებული შტატების ელჩი მოლდავეთში ფიქრობს, რომ რუსეთის ჯარის ყოფნა-არყოფნა მოლდავეთში კიშინიოვის სუვერენული უფლებაა და მოლდავეთს ყოველთვის შეუძლია შეახსენოს ეს დაუპატიჟებელ სტუმარს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის პერსპექტივას და მის რეგიონალურ მნიშვნელობას, შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ კირბი გაერთიანებას წარმატებულს უწოდებს:

[მაიკლ კირბის ხმა]“ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ადამიანებს, როდესაც მათ ერთმანეთთან საუბრის კარგი მიზეზი აქვთ. სუამიც შესაძლებლობას აძლევს ოთხ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და მოლდავეთს - ერთად განიხილონ საქმეები. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მას ხანგრძლივი მომავალი, ჩვენ ვფიქრობთ, ის არის წარმატებული ფორუმი ოთხივე ქვეყნისათვის, რომ ერთობლივად განიხილონ საქმეები.”
XS
SM
MD
LG