Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირის დასაწყისიდან ქართულ პრესასა და ქართულ სინამდვილეში გაჩნდა გამოთქმა ,,კოკოითი, ფანდარასტუ!”

- ამ სიტყვებით დაასრულა ვლადიმერ სანაკოევმა თავისი სიტყვა ოსი ხალხის ყრილობაზე, რომელიც სოფელ თამარაშენში ახლად გახსნილ კულტურის სახლში გაიმართა. ორშაბათის ”24 საათსაც” ეს სიტყვები აქვს სტატიის სათურად გამოტანილი. სტატიაში ვკითხულობთ: ,,აღნიშნული შეძახილი ქართულად ასე ჟღერს: გზა მშვიდობისა, კოკოითო. თამარაშენში შეკრებილი საზოგადოება ამ სიტყვებს ტაშით შეხვდა და სანაკოევთან ერთად რამდენჯერმე გაიმეორეს - ,,კოკოითი, ფანდარასტუ!”

”რეზონანსმა” კი გასული კვირა საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრით დაიწყო: საპროცესო და ადმინისტრაციული კოდექსები იცვლება, - ვკითხულობთ გაზეთში.,,არ ჯობს, საფოსტო მტრედებით გავუგზავნოთ სასამართლო შეტყობონება?” - ოპოზიციის ეს ირონია იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომელთა შეტანასაც პრეზიდენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გეგმავს. ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ საკითხებზე საქმის განხილვის პროცესს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, ზოგადად, უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპს,” - ვკითხულობთ გაზეთ ,, რეზონანსის” 23 ივლისის ნომერში.

გაზეთი ”24 საათი” შაბათის ნომერში აგრძელებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ საუბარს. პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელის წარდგენის ერთთვიანი ვადა 14 დღემდე შემცირდება.,,როგორც ამ ცვლილების მოწინააღმდეგეები განმარტავენ, კანონპროექტი სარჩელის შეტანას პრაქტიკულად ზღუდავს. ,,14 დღეში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მიიღებს სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას, თუ კვალიფიციური იურისტი არ არის,”- ასეთია კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი,” - წერს შაბათის 24 საათი.

კვირის დასაწყისიდანვე გაისმა პრესაში - ,,შემაშფოთებელი პერსპექტივა ქართველებისათვის!” სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას გაზეთი ”კვირის პალიტრა”. იქვე ვკითხულობთ საგანგაშო მოწოდებებს: ,,სოს”, ,,განგაშის ზარი გვაქვს დასარისხებელი”, ”მალე წითელ წიგნში შეგვიყვანენ”, ,,2050 წლისათვის საქართველოში დაახლოებით 10-12 ბავშვი დაიბადება, რაც გადაშენების ტოლფასია”, ,,დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა იმ რეგიონებშია ყველაზე მაღალი, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ კომპაქტურად” და ა.შ.

ეს თემა მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისში საგანგებო ბრიფინგი მოაწყო. მემარჯვენეთა ინიციატივას ქართული პრესაც გამოეხმაურა. ხუთშაბათს გაზეთი .,,ალია” წერდა: ,,გამყრელიძე დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მშობიარობის 100 % -ით დაფინანსებას, ყოველ ახალშობილზე ერთჯერად 500-ლარიან დახმარებას, ანაზღაურებადი დეკრეტის ვადის 1 წლამდე გაზრდას, მესამე შვილზე ყოველთვიურად 300 ლარის გაცემას და სხვა შეღავათებს ითვალისწინებს. ამასთანავე, პროგრამის მართვა საქართველოს ეკლესიას უნდა დაევალოს.”

ოთხშაბათიდან მოყოლებული, ქართულ პრესაში განიხილებოდა აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, რომელშიც ბან კი მუნმა საქართველოს ხელისუფლებას სოფელ განმუხურის პატრიოტული ბანაკის დახურვისაკენ მოუწოდა.

ბან კი მუნის განცხადება შაბათსაც მთავარი თემა იყო; მთავარი თემა იყო აგრეთვე გენერალური მდივნის შუალედური მოხსენების განხილვა უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. სტატიაში, სათურით ,,ირაკლი ალასანია კოდორის დაბომბვის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს”, გაზეთი ”24 საათი” აღნიშნავს, რომ ეს მოხსენება ქართული მხარისათვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი 11 მარტს ზემო აფხაზეთის სოფლების დაბომბვის თაობაზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული მოხსენების გამოქვეყნებას დაემთხვა. ,,საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს მონაწილეებს განუცხადა, რომ რუსეთმა საგამოძიებო ჯგუფს დაუმალა მთავარი ინფორმაცია, რომელიც ჭურვების წარმოშობის დასადგენად მათი სანომრე ნიშნებისა და რადარის მონაცემებს შეეხებოდა,”- ვკითხულობთ ”24 საათში”. გაზეთი მკითხველს აცნობებს, რომ ქართულმა მხარემ გამოძიების გაგრძელება და მასში რუსეთის სრულად ჩართვა მოითხოვა.

შაბათის ”რეზონანსი” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მეთიუ ბრაიზას საქართველოში მორიგ ვიზიტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე მოუთხრობს მკითხველს. ,,რაზე ესაუბრა მეთიუ ბრაიზა ოპოზიციას”? კითხვა გამოაქვს სათაურში ,,რეზონანსს” და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, ზურაბ ტყემალაძეს, ესაუბრება. ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ბრაიზამ პირველმა წამოიწყო საუბარი მომავალ არჩევნებზე.. ,, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა ორი მოთხოვნა დავაყენეთ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესისა და მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლას ვთხოვთ. მან გააკეთა განცხადება, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება მოხდება... ბრაიზა დარწმუნებულია, რომ საარჩევნო ბარიერი 5% -მდე დაიწევს... ” - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ გაზეთ ”რეზონანსის” შაბათის ნომრისათვის მიცემულ ინტერვიუში.

”მრეწველების” ერთ-ერთი წევრის, გია ცაგარეიშვილის, პარტიულ უთანხმოებაზე კი გაზეთი ,,ახალი თაობა” წერს 28 ივლისს. ირაკლი ოქრუაშვილთან ახლობლობას გია ცაგარეიშვილი-მრეწველის კარიერა შეეწირა. მას გუშინ ოფიციალურად აუკრძალეს ფრაქცია ”მრეწველების” სახელით განცხადების გაკეთება... ,,’მრეწველების’ ფრაქციაში ამ ინფორმაციას არ უარყოფენ,” - წერს შაბათის გაზეთი ,,ახალი თაობა”.

დაბოლოს... ,,თუ სიცხე 37.8 გრადუსს აჭარბებს, მუშაობა არ შეიძლება.” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას 28 ივლისის ”რეზონანსი”.,,დღეს ტემპერატურა 32 – 33 გრადუსი იქნება... 30 ივლისიდან კი სიცხე 38 გრადუსს მიაღწევს და 2 აგვისტომდე აღარ აგრილდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, 37,8 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში, შუადღის საათებში გარეთ გასვლას და მუშაობას მოერიდონ, ”- აფრთხილებს მკითხველს შაბათის ”რეზონანსი”.
XS
SM
MD
LG