Accessibility links

კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა


პარლამენტში გამოცხადებული არდადეგებისა

და ივლისის მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, პოლიტიკური თვალსაზრისით გასული კვირა საქართველოში საკმაოდ დატვირთული და საინტერესოც კი იყო. გასული კვირის დასაწყისში შედგა სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის პირველი სხდომა და კომისიის თავმჯდომარემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მასზე პირველი დავალებებიც გასცა. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა მიმართოს რუსეთის მთავრობას და ევროკავშირს თხოვნით, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე სამუშაოდ შექმნილ კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები ჩართონ. კვირის ბოლოს კომისია უკვე კონფლიქტის ზონაში, სოფელ ქურთაში, შეიკრიბა. გასულ კვირაში ზემო აფხაზეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა. ამას გარდა, წინა პლანზე წამოიწია 2007 წლის მარტში ზემო აფხაზეთის დაბომბვის ისტორიამ.. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების გაგრძელება და გამოძიებასთან რუსეთის თანამშრომლობა კატეგორიულად მოითხოვა.

გასულ კვირაშივე თბილისსა და სოხუმში აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაზე მსჯელობდნენ. ამ მოხსენებაში ბან კი მუნმა საქართველოს მოუწოდა დაშალოს გალის რაიონის საზღვართან, სოფელ განმუხურში, ახალგაზრდების პატრიოტული ბანაკი.. საქართველოს ხელისუფლებაში ითქვა, რომ მოწოდება გათვალისწინებული არ იქნება. გასულ კვირაში თბილისში შეხვედრები გამართეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხოსე ბორელ ფონტელესმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ... ხოსე ბორელ ფონტელესი მიესალმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის გამოკვეთილ საქართველოს ბოლოდროინდელ ინიციატივებს, მეთიუ ბრაიზამ კი კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მანვე უპასუხისმგებლო უწოდა ზოგიერთის მცდელობას დაინახოს ანალოგია აფხაზეთის პრობლემასა და კოსოვოს პრეცედენტს შორის... ბრაიზასთან შეხვედრაზე თბილისში იყო მსჯელობა დემოკრატიულ რეფორმებსა და საარჩევნო კანონმდებლობაზეც.

გასულ კვირაში იუსტიციის სამინისტროში ”მომავლის პარტიის” დასაფუძნებლად განაცხადი შეიტანა გია მაისაშვილმა. შეგახსენებთ, მან დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ აპირებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
”ახალი პარტიის საფუძველი იქნება ტრადიცია და ნოვაცია,” - თქვა მან. მთავარი ამოცანა კი ასე ჩამოაყალიბა:

[გია მაისაშვილის ხმა] ”საქართველო გადაიყვანოს ბ კლასიდან ა კლასში, უმაღლეს ლიგაში, სადაც ჩემპიონები თამაშობენ..”

გასულ კვირაშივე ვრცელდებოდა ცნობები, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას სექტემბერში გეგმავს... საქართველოს 2008 წლის ჩემპიონატისთვის (არჩევნებისთვის) მზადება დაწყებულია და, როგორც ჩანს, ეს პროცესი ახალ-ახალ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. მთავარი კი გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებს შორის, ალბათ, მაინც იყო: გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ელჩის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებები, გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებაში გამოთქმულ ზოგიერთ შენიშვნაზე ოფიციალური თბილისის რეაქცია და რუსეთის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოსთან შეუთანხმებლად არ აპირებს აფხაზეთის რესურსების გამოყენებას სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებაში.. ასეთი განცხადება საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ გააკეთა:

[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა] ”არავის უთქვამს, რომ რუსეთი ამის გაკეთებას საქართველოსთნ შეუთანხმებლად გეგმავს. იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ რუსეთს სურდა და სურს აფხაზეთის რესურსები გამოიყენოს 2014 წლის ოლიმპიადისთვის მზადებაში.”

ვიაჩესლავ კოვალენკომ ფაქტები აშკარად შეალამაზა. სოჭის ოლიმპიადა სერიოზული სტიმული რომ უნდა გახდეს აფხაზეთში რუსეთის ინვესტიციების ასამუშავებლად, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა და დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა იმსჯელეს. მათ შესაბამისი შეთანხმებაც გააფორმეს. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ერთგვარი სიტყვიერი უკანდახევა მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც ოფიციალურმა თბილისმა რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თემა შეახსენა და არამარტო ეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთს მოუწოდა წინდახედულობა გამოიჩინოს ოლიმპიადისა და აფხაზეთის თემასთნ დაკავშირებით:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ” ჩვენ შევახსენებთ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და, თუ რუსეთი მოახდენს ამ ყველაფერის იგნორირებას, ასეთ შემთხვევაში სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება გაიზიაროს მოსკოვის ოლიმპიადის ბედი. ”

ოლიმპიადამდე კი დიდი დროა. ”ეს დრო მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის უნდა გამოიყენონ. ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა იყოს წარმატებული ოლიმპიური თამაშები რამდენიმე კილომეტრში არსებული კონფლიქტის ზონიდან,” - თქვა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ. მანვე საბედისწერო შეცდომა უწოდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში აფხაზეთის რესურსების გამოყენების თაობაზე რუსი ჩინოვნიკების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ეს 27 ივლისს მოხდა. ამავე დღეს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ საქართველო დააყენებს გაეროს მეგობართა ჯგუფის შემადგენლობიდან რუსეთის გაყვანის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უწინდებურად აარიდებს თავს ზემო აფხაზეთის დაბომბვასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამ მიმართულებით გამოძიების გაგრძელება 26 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა. უშიშროების საბჭომ კი, კონსულტაციების რეჟიმში, აფხაზეთის თობაზე გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებასა და 2007 წლის 11 მარტის დაბომბვასთან დაკავშირებით გაეროს დამკირვებელთა მისიის მიერ შემუშავებულ დასკვნაზე იმსჯელა. ამ დასკვნას საქართველოს ელჩმა იქვე არასრულყოფილი უწოდა და, აი, რატომ:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ”რუსეთმა თავი შეიკავა გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანესი ცნობების გამჟღავნებისგან. გამოძიების პროცესში თანამშრომლობა აუცილებელია და თუ რუსეთი უარს იტყვის ამ თანამშრომლობაზე, მაშინ შეუძლებელია მას შეუნარჩუნდეს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მთავარი მედიატორის მისია. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთი სრულად ჩაერთვება გამოძიებაში. ”

უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროში საქართველოს ელჩის ასეთი მკვეთრი გამოსვლა ცოტა მოულოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ზემო აფხაზეთის დაბომბვასთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენი ჯგუფის დასკვნა თბილისში თავიდან დადებითად იქნა შეფასებული. დასკვნაში რუსეთის მიმართ არაპირდაპირ გამოთქმულ ბრალდებაში თავიდან საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა საქართველოს დიპლომატიური გამარჯვებაც კი დაინახეს. პოზიცია ერთ კვირაში გამკაცრდა და გამორიცხული არ არის ამაში თავისი როლი აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებასაც შეესრულებინა, მოხსენებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთის მოთხოვნები ამოიკითხეს. მოთხოვნებს შორის კი წინა პლანზე გალის რაიონთან განმუხურის პატრიოტთა ბანაკის დაშლა ფიგურირებს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ვლაპარაკობთ კონფლიქტზე, სადაც დე ფაქტო ხელისუფლება უარს ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ვლაპარაკობთ ტერიტორიაზე, სადაც გალის რაიონში გრძელდება რეპრესიები და ამ ფონზე ლაპარაკი იმაზე, რომ მშვიდობიანი ბანაკი არის პრობლემა, მიუღებელია. ჩვენ ამ შენიშვნას არ მივიღებთ.”(სტილი დაცულია)

”გენერალური მდივნის ამ კონკრეტულ შენიშვნას ვერ და არ მივიღებთ,” - თქვა რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. პოზიცია ლამის ურყევია, თან საქართველოს ხელისუფლებაში არასერიოზულად მიაჩნიათ მსჯელობა იმაზე, რომ გენერალური მდივნის მოწოდების შეუსრულებლობა რაიმე გავლენას მოახდენს საქართველოსა და გენერალური მდივნის ან საქართველოსა და მეგობართა ჯგუფის ურთიერთობაზე.
გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის პრობლემა ოქტომბერში უნდა განიხილოს, ამ დროისთვის მისაღებ მორიგ რეზოლუციას კი საფუძვლად გენერალური მდივნის საბოლოო მოხსენება უნდა დაედოს და არა შუალედური... ტექსტი დასაზუსტებელია, საქართველოს მხარე კი აპირებს იმუშაოს მეგობართა ჯგუფთან და ყველა დაარწმუნოს, რომ პატრიოტთა ბანაკზე არ უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი მოხსენებაში, რომელიც დევნილთა ქონების გასხვისების, დევნილთა დაბრუნების და გალის რაიონში ადამიანის უფლებების რღვევის პრობლემებს უნდა ეხებოდეს...

საინტერესოა, უშიშროების საბჭოში აფხაზეთის პრობლემის მორიგ განხილვამდე მართლაც დააყენებს თუ არა საქართველო მეგობართა ჯგუფიდან რუსეთის გაყვანის საკითხს, თუკი რუსეთი უწინდებურად დამალავს ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტის გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანეს ცნობებს..

წინ ბევრი საინტერესო რამაა მოსალოდნელი. გასული კვირის ბოლოს გავრცელებული ცნობებით, არ არის გამორიცხული აგვისტოში ერთმანეთს შეხვდნენ, თანაც სოჭში, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები.
XS
SM
MD
LG