Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


გასულ კვირას ქართული შოუ-ბიზნესის

კრიტიკოსის როლში თავად საქართველოს პრეზიდენტი მოგვევლინა. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ყაჩაღობის ფაქტი, რომელსაც პატრულის სიცოცხლე შეეწირა. აჩი ფურცელაძეს და ქართული შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დანაშაულის დაფარვისთვის დააპატიმრეს, პრეზიდენტმა საერთო სახელი - ”ბომონდი” უწოდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ოთხგზის ნასამართლევი იყო ეს კრიმინალი და ასეთივე მეგობრები ჰყავდა, ჩვენი ბომონდი კი დაკავებული იყო ამ ნაძირლების შეფარებით და დანაშაულის კვალის დაფარვით… მე დაინტერესებული ვარ, რომ ის, ვინც საშიშია, როგორი ლობირებაც არ უნდა დაიწყონ, რომელი პარლამენტარებიც არ უნდა დაუდგნენ გვერდზე, ნათესავები და ახლობლები, ის გარეთ არ გავიდეს.”(სტილი დაცულია)

ინტერნეტჟურნალი ”ვარსკვლავები”, რომელიც ქართული შოუ-ბიზნესის სიახლეებს აშუქებს, აჩი ფურცელაძის დაპატიმრებას, აი, ასე გამოეხმაურა: ”როგორც კულუარებში ჭორაობენ, სხვა თუ არაფერი, საქართველოს მისია აქვს შესასრულებელი და 70 000-დან პატიმრების რაოდენობა 100 000-მდეა ასაყვანი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა უამრავ ტრანშს, გრანტს... საქართველოში უკვე შინაგანმა შიშმა დაისადგურა. შიშმა იმისა, რომ, მიზეზების მიუხედავად, დარჩენილ დაპატიმრებულთა 30 000 კაცში ჩვენც არ მოვხვდეთ.”

გრძელი ციტატაა, მაგრამ, ასე თუ ისე, ასახავს შოუ-ბიზნესში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს - მაგალითად, იმას, რომ დასავლეთი თურმე რატომღაც დაინტერესებულია ქვეყანაში გაიზარდოს პატიმრების რაოდენობა, იმას, რომ, ”წყაროს” სახით, ყოველთვის ”კულუარებში ჭორაობენ” მოჰყავთ ხოლმე... და, რაც მთავარია, შოუ-ბიზნესის ზოგიერთ წარმომადგენელს ეს ”შინაგანი შიში” მაინცდამაინც მაშინ ეუფლება, როცა კოლეგას აპატიმრებენ - როგორც ჩანს, აქ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული აზრი მოქმედებს: პოპულარულ ადამიანს ციხე არ ემუქრება!

ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როგორც თავად ამბობს, ”ქურდული კონტრკულტურის” კვლევა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ კონტრკულტურამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ქურდული ცნობიერებისგან განთავისუფლება უაღრესად რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ, ნინო ბურჭულაძის თქმით, ქურდული მენტალიტეტი ინტელიგენციის წრეშიც მყარად იყო დამკვიდრებული:

[ნინო ბურჭულაძის ხმა] ”ამ დაუწერელ კანონებზე გაიზარდა ახალგაზრდობა საქართველოში. თუკი რუსეთში ქურდული კონტრკულტურა ვერ გასცდა კრიმინალურ წრეებს, ჩვენთან საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა, ინტელიგენციაშიც კი შეაღწია... არსებობდა ასეთი ცნება - ”თეთრი ქურდი”, ანუ პირი, რომელსაც არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, არ იყო ნაჯდომი ციხეში, მაგრამ თავი მოჰქონდა ქურდად, ცხოვრობდა ქურდული წესებით და, ტრიალებდა რა ინტელიგენციაში, მისი აზრები ყოველთვის ავტორიტეტულად მიიჩნეოდა.”

ნინო ბურჭულაძის თქმით, ქურდული მენტალიტეტის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი თავად კულტურამ შეასრულა. აშკარა იყო, რომ სპექტაკლები, ფილმები ქურდებსა და ქურდულ სამყაროზე მოსწონდა თავად საზოგადოებას. ხალხი ზეპირად სწავლობდა ეგრეთ წოდებულ ”ქურდულ სიმღერებს”:

[ნინო ბურჭულაძის ხმა] ”გარდაქმნის პერიოდის დროს დაიწყო ქურდული კულტურის კომერციალიზაცია - დაიწერა სიმღერები, გადაიღეს ფილმები... საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქურდული კონტრკულტურა დევნილი და ციხის გალავნის მიღმა უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე სინამდვილეში.”


[მუსიკა ”ქურდი კაცის ბედი”]

”აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო... გალიაში ბულბულები ზიან”... რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სიმღერა ასეთი ტექსტით ჯერ კიდევ 50-იანი წლების მიწურულს ფილმ ”განაჩენისთვის” დაიწერა. კანონმორჩილი ადამიანი ყვავად ითვლებოდა, ის კი, ვინც კანონს არღვევდა, - ბულბულად. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობდა, ასეთი ”ქურდული კულტურის” თუ ქურდული ფოლკლორის დაბადება აბსოლუტურად ბუნებრივი იყო:


[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ჩვენს საზოგადოებაში არის კულტი ქურდის, ყაჩაღის. რატომ? - საქართველომ დიდი ხნის წინ დაკარგა თავისი საქმეების წარმართვის უნარი... და ქურდობაში, დაუმორჩილებლობაში დაინახა ხსნა. თუ გინდა იყო ქართველი, უნდა იყო არსენა ოძელაშვილი ან, სულ ცოტა, დათა თუთაშხია მაინც. ის პატივი, რომელიც ჩვენ მივაგეთ სხვების ენის ამ ბანდიტებს, ის პერიოდი იყო, როცა ჩვენ სხვა შანსი არ გვქონდა. ამიტომ ჩვენს ინტელიგენციაში იყო ამის მიმართ ლტოლვა.”(სტილი დაცულია)

დაახლოებით ასეთივე აზრისაა ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე. უსამართლობისა და უკანონობის ეპოქაში ”ქურდული სამართალი” თავისებური ჩანაცვლება იყო - იმის მანიშნებელი, რომ საზოგადოებას მაშინაც კი შეეძლო თავის მართვა, როცა, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა სახელმწიფოში და არ ჰქონდა დამოუკიდებლობის განცდა:

[ნინო ბურჭულაძის ხმა] ”ქართული ქურდული კონტრკულტურის ისტორია ქართული ”უსახელმწიფოებრიობის” ისტორიაა...უბრალო ქართველი ენდობოდა ქურდულ სამართალს და არა სახელმწიფო სამართალს, ქართველისთვის მეორე ქართველი იყო ”ჩვენი ძმა” და არა თანამოქალაქე... ”

საბჭოთა კავშირიც დაინგრა და ქვეყანამაც მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ უამრავი ქართველისთვის ქართველი არა თანამოქალაქე, არამედ ”ჩემი ძმაა”... ძმა კი ძმას, ქურდულ ლექსიკას თუ გამოვიყენებთ, ”ვერ ჩაუშვებს”...მაშინაც კი, როცა ძმა მკვლელია.

[მუსიკა. ”ქურდი კაცის ბედი”]

სხვებთან ერთად, შოუ-ბიზნესის ქართველ ვარსკვლავებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ”ჩაშვების ინსტიტუტს” ისინი არასდროს დამორჩილდებიან... შედეგი კი თვალსაჩინოა: გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ისინი, ვის დაპატიმრებასაც, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ ამ ვარსკვლავთა თაყვანისმცემლები. ხოლო ბომონდის ერთი ნაწილი, რომელიც გარეთ დარჩა, ამტკიცებს, რომ ”საქართველოში შინაგანმა შიშმა დაისადგურა”... ამტკიცებს და ყველაფერს დასავლეთს აბრალებს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG