Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები: ”ეს დიდი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სტრატეგიულ მიმართულებად არჩეულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა”


გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ მოულოდნელად გადაწყვიტა სწვეოდა საქართველოს.

ვიზიტისთვის იმპულსი, შესაძლოა, მისცა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შექმნამ, ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნამ და გაეროს მიერ კოდორის დაბომბვის გამოძიების ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნებამ. თბილისში ყოფნისას სემნები შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილსა და სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. შაბათ საღამოს საშუალება მომეცა ორ ქართველ ჟურნალისტთან ერთად შევხვედროდი პეტერ სემნების და პირადად მისგან შემეტყო ევროკავშირის პოზიცია საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან - და არამხოლოდ კონფლიქტებთან - დაკავშირებული საკითხების მიმართ. საქართველოს ხელისუფლება რუსეთსა და ევროკავშირს "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელ კომისიაში” თანამშრომლობას სთავაზობს. პეტერ სემნებიმ ამ მიწვევის შესახებ საქართველოში ვიზიტისას შეიტყო და ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ადრეა ამ ფორმატში ევროკავშირის კონკრეტულ როლზე საუბარი:
[სემნების ხმა]
”ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის კომისიის მუშაობაში მონაწილეობა პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან ჩვენ უფრო კონკრეტული წინადადებების განხილვა გვჭირდება. ერთი რამ ცხადია - თუკი აქ საუბარია ავტონომიის სტატუსზე მუშაობაზე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენაზე, საერთაშორისო საზოგადოებრიობას (და არა მხოლოდ ევროკავშირს - ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიასაც) ამ საქმეში დახმარების გაწევის კარგი საშუალება ეძლევა.”
ყოველგვარი დამატებითი შეკითხვის გარეშე, ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით არსებული ჩიხური ვითარების გამო:

[სემნების ხმა]
”მე (და არამარტო მე) შეშფოთებული ვარ იმ გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და მხარეთა შორის დიალოგის დეფიციტის თვალსაზრისით არსებობს. შემაშფოთებელია ფაქტი, რომ თითქმის არაფერი ხდება თბილისსა და სოხუმს შორის რეალური კომუნიკაციის თვალსაზრისით. ბოლო თვეებში მომხდარმა არაერთმა ინციდენტმაც მიიქცია ყურადღება და გამოიწვია ჩვენი შეშფოთება. კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი ინციდენტი ძალიან შემაშფოთებელია. როგორიც უნდა იყოს ზუსტი დეტალები, რომლებიც ამ ინციდენტს უკავშირდება, ფაქტია, რომ ეს იყო სერიოზული და საკმაოდ საშიში თავდასხმა, რომელსაც სამომავლოდ, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოეტანა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ღრმა შეშფოთებასა და მღელვარებას ამ ინციდენტთან მიმართებით.”

პეტერ სემნების ვკითხე, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე გაეროს მიერ გავრცელებული ანგარიშის ტექსტმა, რომელიც კოდორის დაბომბვის გამოძიების ერთობლივი ჯგუფის მუშაობას ეყრდნობა:

[სემნების ხმა]
”ვფიქრობ, სამუშაო გულდასმით იყო შესრულებული. ანგარიში არ იძლევა მომხდარის სრულ სურათს. თუმცა იძლევა საკმარისად ნათელ სურათს დასკვნისათვის, რომ ეს იყო ძალიან საშიში ინციდენტი, ძალიან საშიში თავდასხმა.”

ჩემს შეკითხვაზე, თუ რა განაპირობებს, სემნების აზრით, პირდაპირი დიალოგის დეფიციტს და როგორ უხსნიან მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სეპარატისტებთან პირდაპირი კონტაქტის უქონლობის მიზეზებს, ევროკავშირის წარმომადგენელმა გაიხსენა საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება შერეული საკონტროლო კომისიის შემადგენლობის გამო. სემნებიმ დასძინა:

[სემნების ხმა]
”შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა ჩიხში შეიყვანა აგრეთვე კონფლიქტის ზონაში ორი - პარალელური - ხელისუფლების ყოფნის თაობაზე არსებულმა უთაბხმოებამ. ამის მიუხედავად, მაინც მოველი, რომ ახლა შესაძლებელია გავცდეთ ამ თემას. სულ მალე ჩატარდება შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო განცხადებები, რომლებიც ასახავდა შედარებით მოქნილ მიდგომას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის მიმართ. ვფიქრობ, საქართველოს მხარესაც არსებობს სურვილი გამოიყენოს შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი იმისთვის, რისი მიღწევაც მის ფარგლებშია შესაძლებელი. კომისია ვერ გადაწყვეტს ”დიდ” საკითხებს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მხარე შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში არსებულ შეზღუდულ პოტენციალსაც გამოიყენებს.”

მთლიანობაში, სტატუსის საკითხზე მომუშავე კომისიის შექმნას სემნები მიესალმება. გამოთქვამს იმედს, რომ კომისიის მუშაობა იქნება, მართლაც, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი და ის დაემყარება ნამდვილ დიალოგს:

[სემნების ხმა]
”ეს დიდი ნაბიჯია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სტრატეგიულ მიმართულებად არჩეულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა, ვინაიდან 15-16 წლის წინ სწორედ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებამ დაუდო სათავე კონფლიქტს.”

ჩემი ბოლო შეკითხვა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის მიმართ არ იყო პირდაპირ კავშირში კონფლიქტებთან, არამედ ერთ კონკრეტულ საკითხზე წამოჭრილ უთანხმოებას შეეხებოდა, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მიერ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის დადანაშაულებას ევროკავშირისგან კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში. პეტერ სემნების ვკითხე, რა მექანიზმით კონტროლდება ევროკომისიის თანხების ხარჯვა კონფლიქტის ზონებში და რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ თანამდებობის პირმა ის სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს. პასუხი ასეთი გახლდათ:

[სემნების ხმა]
”ვერ შევძელი დაწვრილებით შემესწავლა ეს კონკრეტული შემთხვევა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის თანხების ხარჯვას გულდასმით ადევნებს თვალს ევროკომისია, ევროკავშირის შესაბამისი უწყებები და ამგვარი ხარჯები სერიოზული აუდიტის საგანი გახლავთ. თუკი რაიმე სახის უკანონობას აქვს ადგილი, ის გამოვლინდება აუდიტის შედეგად. ასე რომ, ყველაზე ავტორიტეტული წყარო, რომელსაც მე დავეყრდნობოდი, გახლავთ შესაბამისი პროექტების აუდიტი.”

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG