Accessibility links

logo-print

დაიწყება თუ არა „გირგვლიანის მკვლელობის საქმის“ ხელახალი გამოძიება


თბილისის საქალაქო სასამართლომ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში

ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელების ქმედება შეფასდა როგორც „სხეულის დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია“, თუმცა დაზარალებულმა მხარემ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. შედეგად, უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დააბრუნოს თუ არა „გირგვლიანის მკვლელობის საქმე“ გამოსაძიებლად ქვედა ინსტანციის სასამართლოში. მოქმედი კანონის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის მიღებიდან ექვს თვეში უნდა გამოაქვეყნოს. კანონით განსაზღვრული ეს ვადა კი დღეს, 30 ივლისს, იწურება. რა პერსპექტივა აქვს „გირგვლიანის მკვლელობის საქმის“ ხელახალ გამოძიებას?

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა. საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ დაზარალებულს მარტო კისრის არეში 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სიკვდილიც ამ ჭრილობებმა გამოიწვია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოძალადე პოლიციელთა ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა:

[შალვა შავგულიძის ხმა] „ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ ხელახალი გამოძიებისთვის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნდეს საქმე, ვინაიდან როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოხდა არასრულად, ცალმხრივად და არაობიექტურად. ვნახოთ ახლა თუ დაკმაყოფილდება...“(სტილი დაცულია)

და მართლაც, შედგება თუ არა საქმის ხელახალი განხილვა? ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი უზენაესმა სასამართლომ უნდა გასცეს, თუმცა, როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას მხარეებს კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობებს.

[პრესსამსახურის თანამშრომლის ხმა] „დღის ბოლოს იწურება კასაციის განხილვის ვადა. დღის მანძილზე მხარეებს გადაეგზავნებათ გადაწყვეტილება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ პასუხი მხარეებმა ხვალ მიიღონ.“

აქვე უნდა ითქვას, რომ არ დაკმაყოფილდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის ის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვა საჯაროდ, მხარეთა მონაწილეობით, უნდა შემდგარიყო. საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებული მხარე უახლოეს დღეებში ფოსტის საშუალებით შეიტყობს.

[შალვა შავგულიძის ხმა] „თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც დარღვეული იქნა უფლებები, მაშინ ამ დეტალებს დავამატებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილ საჩივარს, რომელიც უკვე რეგისტრირებულია და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელი და ნომერი. ეს სარჩელი ეხება ამ საქმის სამართალწარმოების წინაპერიოდს და ახლა თუ უზენაესი სასამართლოც იმავე წარმატებით გააგრძელებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას, მაშინ ესეც აისახება საჩივარში.“

შალვა შავგულიძის მსგავსად, გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახლა და საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციაც. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო საქმის მთავარი მოწმის, ლევან ბუხაიძის, ჩვენებას და ხელი დააფარა პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერს ოლეგ მელნიკოვს. კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ამბობს, რომ, ობიქტური გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გენერალურ პროკურორს წერილი გაუგზავნეს:

[კახა კუკავას ხმა ]„თუ ახლაც მივიღეთ პასუხი, რომ გამოძიებას ამასთან დაკავშირებით არანაირი შედეგი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ოფიციალურად დადასტურდება ის, რაც ისედაც ცნობილია: პროკურატურა და ხელისუფლება მფარველობს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზატორებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე და ამასთან დაკავშირებით ორგანიზებას გავუკეთებთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.“(სტილი დაცულია)

აქციები, რომელთა შესახებაც კახა კუკავა საუბრობდა, თითქმის წელიწად-ნახევარია იმართება. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებასა და მკვლელების დასჯას მოითხოვენ, თუმცა საბოლოო სიტყვა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაბრუნდება თუ არა საქმე ქვედა ინსტანციის სასამართლოში და დაიწყება თუ არა „გირგვლიანის მკვლელობის საქმის“ ხელახალი გამოძიება.

XS
SM
MD
LG