Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


”24 საათის” დამატებაში, ”აფხაზეთი”, ქვეყნდება ინტერვიუ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან,

რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებით ასე ახასიათებს: ”აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აწყობს გრძელვადიანი, რუტინული და არაგასაპიარებელი მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, ჩვენში, რაც არ მოძრაობს, ის სერიოზულად არ აღიქმება. მოლაპარაკება ვადას საჭიროებს, ხელისუფლება კი - არჩევნებამდე ხელჩასაჭიდ წარმატებას. შედეგზე მეტად ნახევარშედეგი გვჭირდება. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას მოიწონებს და დაიჯერებს, მოვა არჩევნებზე და ხმას მისცემს, როგორც კოდორის მოვლენების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას მოიქცა”, - ამბობს ზაქარეიშვილი და დასძენს: ”დღეს ძირითადი დირექტივა არის - არანაირი დიალოგი როგორც აფხაზურ, ასევე ოსურ მხარესთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ხდება კონფლიქტის გატანა საზღვარგარეთ და საუბარი იმაზე, რომ ისინი ჩვენ არ გველაპარაკებიან. სინამდვილეში კი ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ისინი ჩვენ არ გველაპარაკებოდნენ”, - პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუს ”24 საათის” დამატება - ”აფხაზეთი” - ბეჭდავს.


”კაზაკთა ასობით ოჯახს აფხაზეთში ასახლებენ”, - იუწყება ”რეზონანსი”: ”სოჭის 2014 წლის ოლიმპიადა და აფხაზეთის თემა კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ერთმანეთს. კრასნოდარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის თქმით, უახლოეს მომავალში კაზაკთა რამდენიმე ასეული ოჯახი ქალაქ სოჭის მიმდებარე რაიონებიდან აფხაზეთში გადასახლდება. ასეთი განცხადება ტკაჩოვმა კრასნოდარის ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთა”, - წერს ”რეზონანსი” და მკითხველს განუმარტავს, რომ ოლიმპიადისთვის სპორტული კომპლექსებისა და სასტუმროების მშენებლობის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს რუსეთის მთავრობამ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები უნდა შესთავაზოს, რისთვისაც აფხაზეთის ტერიტორიას ირჩევს, რადგან იქ უძრავი ქონება გაცილებით იაფია, ვიდრე კრასნოდარის მხარეში. ავტორი წერს: ”თბილისში ვარაუდობენ, რომ ტკაჩოვის ამ გადაწყვეტილებას შორს მიმავალი მიზნები აქვს. კაზაკთა რამდენიმე ასეული ოჯახის აფხაზეთში გადასახლება მნიშვნელოვნად შეცვლის თავად აფხაზეთის დემოგრაფიულ სურათს. ქართველ ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, მოსკოვის მიზანიც ეს არის, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ეთნიკური რუსების რაოდენობის მატებაც მოხდეს”, - წერს ”რეზონანსი”.

დეპუტატი კახა კუკავა ”ალიას” კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ ”ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემა იმდენად აშკარაა, რომ ვერაფრით შემოსავ”. კუკავა გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას ოპოზიციასთან შეხვედრაზეც საუბრობს: ”მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ, ოპოზიციას, მოგვეცა სრული შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ ვითარებაზე, რაც დღეს საქართველოშია - ეს იყო სასამართლო რეფორმა და ადამიანის უფლებების დარღვევა თუ სხვა. მეთიუ ბრაიზა შეგვპირდა, რომ ამ საკითხს ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად აუცილებლად განიხილავდა. ეს უკვე არის იმის მინიშნება, რომ სააკაშვილს დიდხანს არ აპატიებენ უმსგავსო საქციელს. არჩევნებიც თუ გააყალბა, მაშინ ის ცუდად დაასრულებს პრეზიდენტობას.” - ეს გახლდათ ნაწყვეტი კახა კუკავასთან ინტერვიუდან, რომელსაც ”ალია” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG