Accessibility links

logo-print

ბუშის და ბრაუნის შეხვედრა კემპ დევიდში


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონის მახლობლად, კემპ დევიდში გამართეს მოლაპარაკებები.

შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ირივე ყოველ ღონეს იხმარს ერაყის სტაბილიზაციისთვის. ამასთან, ბუშმა და ბრაუნმა კვლავ გაიმეორეს, რომ მათი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ სტრატეგიულ პარტნიორობას.

სულ ერთი თვეა, რაც გორდონ ბრაუნმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა და მას მერე არაერთხელ გაიჟღერა შეკითხვამ - ისიც ისევე მოწადინებულია თუ არა ერაყში გამარჯვებისთვის, როგორც მისი წინამორბედი ტონი ბლერი.

ამერიკაში ვიზიტისას ბრაუნმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ ჩქარობს ერაყიდან ჯარების გაყვანას:

[ბრაუნის ხმა] "ჩვენ ერაყში მოვალეობები გვაქვს შესასრულებელი და ხელი უნდა შევუწყოთ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატულ ნებას."

ისევე, როგორც თავის დროზე ჯორჯ ბუშს უთქვამს არაერთხელ, ბრაუნმაც გაიმეორა, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება დამყარებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მეთაურების რჩევაზე.

დიდ ბრიტანეთს ამჟამად 5500 ჯარისკაცი ჰყავს ერყში. საბრძოლო მოქმედებების წარმოებიდან ისინი ნელ-ნელა გადადიან ერაყის ძალების დახმარებაში, რათა მათ გადაიბარონ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კემპ დევიდის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე ლიდერმა პირობა დადო, რომ მათი ქვეყნების ძალისხმევა არც სამომავლოდ შესუსტდება.

ერაყის გარდა მათ მთელ რიგ სხვა საკითხებში მიაღწიეს შეთანხმებებს. მათ შორისაა ირანი, მსოფლიო ვაჭრობა, გლობალური დათბობა და კრიზისი სუდანის პროვინცია დარფურში.

ბრაუნმა და ბუშმა განაცხადეს, რომ მათი შეთანხმება ორი ქვეყნის ხანგრძლივ ალიანსს და საერთო ღირებულებებს ემყარება. აი, რა თქვა ბრაუნმა:

[ბრაუნის ხმა] "ვფიქრობ, ესაა პარტნიორობა, რომელიც ემყარება უფრო მეტს, ვიდრე საერთო ინტერესებს, უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ საერთო ისტორიას. ესაა პარტნიორობა, რომელიც ემყარება და რომელსაც წარმართავს საერთო ღირებულებები."

თავის მხრივ ბუშმა აღნიშნა, რომ მან და მისმა სტუმარმა იმდენად კარგად გაუგეს ერთმანეთს, რომ ვახშმის დროს დაწყებული ორსაათიანი დისკუსია მეორე დღეს საუზმეზე გააგრძელეს. შეხვედრას მან “მშვიდი” და “აზრით დატვირთული” უწოდა.

[ბუშის ხმა] " ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკისა და ბრიტანეთის საერთო ღირებულებების იდეა და ის, რომ, ჩემის აზრით, გვაქვს ვალდებულებები, მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობისთვის ვიღვაწოთ. მე აღმოვაჩინე პიროვნება, რომელიც იზიარებს ამ ხედვას და ესმის ეს მოწოდება. ჩვენ პირველ თავებს ვწერთ იმისა, რაც, ჩემი აზრით, არის დიდი იდეოლოგიური ბრძოლა იმათ შორის, ვისაც გვწამს თავისუფლება, სამართალი, ადამიანის უფლებები, ადამიანური ღირსება, - და იმ ცივსისხლიან მკვლელებს შორის, რომლებიც თავისი მიზნების მისაღწევად უკან არ დაიხევენ უდანაშაულო ადამიანების მოკვლისგან."

როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში მრავალი კრიტიკოსი ამბობს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იბრძოლონ და არა არმიამ. ბუშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლა ყველა არსებული საშუალებით არის აუცილებელი.

[ბუშის ხმა] "ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლის სხვადასხვაგვარ მეთოდოლოგიასთან გვაქვს საქმე. ესაა დაზვერვა, ესაა სამართწესრიგის დამყარება, ესაა არმია. ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიპოვოთ ისინი და მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ, სანამ კვლავ ზიანს მიაყენებდნენ ჩვენს ხალხს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამ ადამიანების დასამაცხებელი საშუალება მათი საპირისპირო იდეოლოგია გახლავთ."

როცა პრესკონფერენციაზე ბრაუნს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ბუშის ამ მოსაზრებას, მან უპასუხა, სრულიად ვეთანხმებიო.
XS
SM
MD
LG