Accessibility links

logo-print

ვაშინგტონის ახალი გეგმა ახლოაღმოსავლეთელი მოკავშირეების გასაძლიერებლად


ეგვიპტეში ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.


30 ივლისს რაისმა განაცხადა, რომ მრავალმილიარდიანი სამხედრო შეიარაღება და დახმარების პაკეტი შეერთებული შტატების მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს, შეაძლებინებს ალ ყაიდას, ჰისბოლაჰის, სირიისა და ირანის ნეგატიური ზეგავლენა თავიდან აიცილონ. მინდა ამ დახმარების დეტალებზე უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

სანამ ახლო აღმოსავლეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ სამხედრო შეიარაღებით დახმარება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონის გაწონასწორებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ასეთ “გაწონასწორებულ” ქვეყანას, ეგვიპტეს, ეწვივნენ პირველად, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი. სწორედ ეგვიპტეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა კონდოლიზა რაისმა ვაშინგტონის ახალი ინიციატივის შესახებ:

[კონდოლიზა რაისის ხმა] “შეერთებული შტატები მყარ გარანტიას აძლევს მოკავშირეებს, რომ დაეხმარება უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს რეგიონში. ეს არის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამშვიდობო პროცესის შედეგების დაცვა და მათი სამომავლოდ განმტკიცება.”


სამხედრო დახმარების მოცულობა ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნისათვის, მართლაც რომ, შთამბეჭდავად გამოიყურება. წინასწარი ინფორმაციით, 30 მილიარდ დოლარს მიიღებს, კერძოდ, ისრაელი 10 წლის განმავლობაში, რაც 25 პროცენტით მეტია დახმარების იმ მოცულობაზე, რასაც ისრაელი ვაშინგტონისაგან წინა წლებში ღებულობდა. იმავე პერიოდში ეგვიპტეს სამხედრო საჭიროებისათვის 13 მილიარდი დოლარი მიეცემა. შეიარაღება მიეყიდებათ საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს. კონდოლიზა რაისს არ დაუსახელებია ზუსტი ციფრი, მაგრამ, საინფორმაციო ცნობების თანახმად, ეს გარიგება შეიძლება აღწევდეს 20 მილიარდ დოლარს, რაც გულისხმობს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ხომალდების შეძენას.

მაგრამ ვაშინგტონის ახალ ინიციატივას შეერთებულ შტატებშიც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც შიშობენ, რომ საუდის არაბეთისათვის იარაღის მიყიდვის გეგმა მეტად საეჭვოა და რომ ამ გარიგებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს გამალებულ შეიარაღებას. შეშფოთებას განსაკუთრებით ის გარემოება იწვევს, რომ ვაშინგტონის დახმარების მიმღებ ქვეყნად დასახელდა საუდის არაბეთი, რომელიც ერაყის შიიტური მთავრობის ოპონენტებს აფინანსებს და საკმარის ღონეს არ ხმარობს, რომ გზა გადაუჭრას სუნიტ ექსტრემისტთა ნაკადს ერაყისკენ. რამდენად შეესაბამება შეიარაღებით მსგავსი ვაჭრობა ვაშინგტონის სამომავლო გეგმებს? - სვამს კითხვას ვეიდ ბოესი, შეერთებულ შტატებში მოქმედი შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი:

[ვეიდ ბოესის ხმა]“შეერთებული შტატები ერთ-ერთი მთავარი შეირაღების მიმწოდებელი იყო საუდის არაბეთისათვის 1991 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ქვეყანამ თავისსავე შიგნით არ ამოძირკვა ფუნდამენტალიზმი, რაც შეერთებული შტატების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამაზე ის თვალს ხუჭავდა. ასე რომ, აუცილებლად უნდა დავსვათ საკითხი, შეიძლება თუ არა იარაღის გაყიდვამ ჩვენ შეგვძინოს მოკავშირეები, გააძლიეროს ჩვენი გავლენა და პოლიტიკა, რასაც მათგან ველოდებით.”

მაგრამ სამხედრო დახმარების პროექტს წინ ბარიერი ეღობება – მას კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი. უკვე კონგრესის რამდენიმე წევრმა გამოხატა იმაში დარწმუნების საჭიროება, რომ დახმარების პაკეტი გულისხმობს მხოლოდ თავდაცვითი და არა შეტევითი სისტემების მიყიდვას ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის.
ვაშინგტონის ახალი გეგმა გააკრიტიკეს ირანმა და სირიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ახალი ინიციატივა რეგიონში დაძაბულობას გაზრდის.
XS
SM
MD
LG