Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეუმცირდათ სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს?


საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი 6 თვით შეუმცირდათ,

მაშინ როცა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი, პირიქით, უზენაესი სასამართლოსგან საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას მოითხოვდა, დამნაშავეების სრულფასოვნად დასჯის მიზნით. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 31 ივლისს. რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ დაზარალებულთა მოთხოვნა და რატომ შეამცირა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა სასჯელი?

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების ქმედება შეაფასა როგორც „სხეულის დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი გამოიწვია.“

დაზარალებულის ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ დაზარალებულს მარტო კისრის არეში 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და სიკვდილიც ამ ჭრილობებმა გამოიწვია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოძალადე პოლიციელთა ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა მისცემოდა:

[შალვა შავგულიძის ხმა] „ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ ხელახალი გამოძიებისთვის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნდეს საქმე, ვინაიდან როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოხდა არასრულად, ცალმხრივად და არაობიექტურად.”(სტილი დაცულია)

უზენაესმა სასამართლომ დაზარალებული მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რა გახდა ამის საფუძველი? უზენაესი სასამართლოს პრესმდივნის ნანა ვასაძის განცხადებით:

[ნანა ვასაძის ხმა] ”მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით საჩივარი შემოიტანეს მხოლოდ უზენაეს სასამართლოში. კანონი ამას არ ითვალისწინებს, რომ უზენაესმა იმსჯელოს, თუ ქვედა ინსტანციაში ამის თაობაზე მხარე არ აყენებს შუამდგომლობას. პირდაპირ არის მითითებული, რომ ამის თაობაზე მხარე უნდა აყენებდეს ქვედა ინსტანციებშიც შუამდგომლობას, რაც არ გაუკეთებიათ.”(სტილი დაცულია)

უზენაეს სასამართლოს, დაზარალებული მხარის გარდა, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა მხარემაც მიმართა. უზენაესმა სასამართლო ინსტანციამ მსჯავრდებულების - გერონტი ალასანიას, ავთანდილ აფციაურის, მიხეილ ბიბილურისა და ალექსანდრე ღაჭავას - შუამდგომლობა განიხილა და მათ სასჯელი ექვს-ექვსი თვით შეუმცირა. თუ რატომ, ამას ისევ ნანა ვასაძის განცხადებიდან შეიტყობთ.

[ნანა ვასაძის ხმა] ”საკასაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ საქმეში არსებული მასალებით, არ არის დადგენილი დაზარალებულთა ნივთების ღირებულება და მათი განადგურებით გამოწვეული ზიანის ოდენობა.”

ლაპარაკია ტანსაცმელსა და მობილურ ტელეფონზე, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვისას არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებს დაზარალებულთა ნივთების განადგურებისთვის მისჯილი ვადა გაუბათილა და საბოლოო სასჯელი 6 თვით შემცირდა.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს და არასამართლიანს უწოდებს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კი გამოძიების ტენდენციურობაზე საუბრობს, რაც საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას:

[სოზარ სუბარის ხმა] ”გირგვლიანი და მისი მეგობარიც იყვნენ ნაწამები და ამაზე თვალის დახუჭვა გამოძიების მხრიდან არის აბსოლუტურად შეგნებული ქმედება, რომ მინიმალური სასჯელით დაესაჯათ მკვლელები. შეიძლება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულიც იყოს, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც მათ მიაწოდა გამოძიებამ. ტენდენცია, თვითონ რომ სასჯელი ჩამოუკლეს, საკმაოდ მკაფიო მესიჯი იყო იმისა, რომ ჩვენიანებს არ დავსჯით.”(სტილი დაცულია)

სანდრო გირგვლიანის ოჯახი და მისი ადვოკატი საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG