Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 707-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ 707-ე გამოშვებას. მასში ვიწყებთ გადაცემათა ციკლს "დიდი ტერორის ანატომია". ამ ციკლის პირველი სიუჟეტში ჩვენი სტუმარი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალის" თავმჯდომარე ილამაზ მიწიშვილი. შემდეგ გიამბობთ სოლოლაკის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის თანახმად თბილისის ამ ძველ უბანში 44 შენობას რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს; სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ საფრთხეზე, რომელიც საქართველოში ბოტულიზმის შემთხვევების გახშირებას უკავშირდება; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ჩეხეთის ქალაქ უჰერსკე ჰრადიშჩედან, სადაც გასულ კვირაში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

დიდი ტერორის ანატომია - პირველი გადაცემა

დავით კაკაბაძე:
ისტორიას სიზუსტე უყვარს. ისტორიული დოკუმენტების წყალობით, ზუსტად არის ცნობილი, როდის დაიწყო საბჭოთა კავშირში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მორიგი რეპრესია - რეპრესია, რომელსაც "დიდი ტერორი" ეწოდა. თარიღი ასეთია - 1937 წლის 30 ივლისი - ამ დღეს გამოვიდა შინსახკომის ბრძანება ნომრით 00447. ბრძანებით განისაზღვრა ე.წ. "დასახვრეტთა ლიმიტი" მოძმე რესპუბლიკების მასშტაბით. არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალის" მონაცემებით, 1937-38 წლებში სხვადასხვა პოლიტიკური ბრალდებით 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. დეპორტაციის მსხვერპლებთან და "სოციალურად საშიშ" მსჯავრდებულ ელემენტებთან ერთად რეპრესირებულთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს. 700 ათას პატიმარზე მეტი სიკვდილით დაისაჯა. "დიდი ტერორის ანატომია" - ამ თემაზე მომზადებული ციკლის პირველ გადაცემას თამარ ჩიქოვანი გთავაზობთ.

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "თუ შეიძლება, რუსულად წავიკითხავ, რომ არ დაირღვეს სტილი... ეს იყო სტალინის ინიციატივა და აქედან დაიწყო უბედურება, რომელმაც თავი იჩინა შემდეგ წლებში."

თამარ ჩიქოვანი:
არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალის" ხელმძღვანელმა ილამაზ მიწიშვილმა, თავადაც რეპრესირებულის შვილმა, საქართველოში დღეს, ალბათ, ყველაზე მეტი იცის იმ პერიოდზე, ხან დიდ ტერორს რომ ვუწოდებთ და ხან - 37 წელს. იცით, რას ნიშნავდა 70 წლის წინ პირველი, მეორე და მესამე კატეგორია? პირველ კატეგორიაში დასახვრეტები შედიოდნენ, მეორეში - გადასახლებულები, მესამეში - ხალხის მტრების ცოლები და ოჯახის წევრები. სხვათა შორის, ჟურნალ ”ოგონიოკმა” რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა არქივებში დაცული დოკუმენტი - ბრძანებულების შავი პირი, რომელშიც სტალინმა საკუთარი ხელით ჩაასწორა დასახვრეტი ბავშვების ასაკი - 17-დან 15 წლამდე შეამცირა.

საქართველოში არსებულ არქივში შემორჩენილი დოკუმენტების შესწავლა ახლა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვებ-გვერდზე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეპრესიებისას დახვრეტილი ადამიანების სიას აქვეყნებს. პერიოდი შეზღუდულია - 1921-24 წლები. ილამაზ მიწიშვილის ვარაუდით, თავად საქართველოში დაცული არქივი ნაკლულია:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "იქ არის ასეთი გრადაცია - დაპატიმრებულები, გადასახლებულები, დახვრეტილები. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია დროის თვალსაზრისით. თვითონ განსაჯეთ - იქ არის ასეთი ცნობა, რომ სანამ განადგურდებოდა არქივები საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში, სულ უშიშროების არქივებში ინახებოდა მონაცემები 230 ათასი ერთეული. ეს ერთეული შეიძლება ყოფილიყო 1 ფურცელი, ერთი ცნობა, ერთი ტომი...ე.ი. ინფორმაციის ოდენობა იყო უზარმაზარი. სამწუხაროდ, ახლა არის ძალიან მცირე ნაწილი დარჩენილი." (სტილი დაცულია)

რამდენი ადამიანი იყო რეპრესირებული საქართველოში? - სხვადასხვა ციფრი სახელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სამწუხაროდ, იმ პერიოდის დოკუმენტაცია ნაწილი გასაიდუმლოებულია, ნაწილი - ხელმიუწვდომელი, ნაწილი - დაკარგული. დღეს მხოლოდ სავარაუდო ციფრებზე შეიძლება საუბარი:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] ”ლაპარაკი არის დახვრეტილებზე - დაახლოებით 10 ათას კაცზე. ზოგი 11 ათასს ასახელებს. მაგალითად, არის წიგნი "Берия. Конец карьеры", სადაც მოყვანილია სამეულის მდივნის, ვინმე მოროზოვის, ჩვენება, რომ სამეულში მისი ყოფნის დროს, ამ სამეულმა განიხილა 30 ათასი კაცის საქმე, მათ შორის, 10 ათასი კაცი იქნა დახვრეტილი. მაგრამ რამდენად არის ეს სრული? ამაზეა ლაპარაკი. მაშინ როცა ლაპარაკია, რომ არქივი ითვლიდა 230 ათას საინფორმაციო ერთეულს, ეს ციფრი ცოტა შემცირებულად მიმაჩნია." (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, იმ პერიოდში სადამსჯელო მანქანა ისეთ ტემპში მუშაობდა, რომ დახვრეტილთა აღრიცხვა ყოველთვის არ ხდებოდა. ასეთი მაგალითი, ისევ და ისევ ილამაზ მიწიშვილის თქმით, დადასტურებულია:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "არის, მაგალითად, ოფიციალურად დადასტურებული, რომ 37 წელს კაცი დახვრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ადგილი არ იყო. არის ბევრი მონაცემი, რომ, როცა გაჰყავდათ დასახვრეტად, მანქანებს ავსებდნენ, ვერ ასწრებდნენ შევსებას, ვინ წაიყვანეს. ბევრი იყო შემთხვევა, როცა ერთის მაგივრად მეორე მოკლეს." (სტილი დაცულია)

უკანონობის მსხვერპლთა ვინაობის დადგენა და აღნუსხვა შესაძლებელია - ასეთი რამ რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაცია "მემორიალმა" წარმატებით შეძლო: რეპრესირებულთა ოჯახის წევრებმა სპეციალური ბარათები შეავსეს, რომლითაც მეტ-ნაკლები სიზუსტით შესაძლებელი გახდა რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობაზე წარმოდგენის შექმნა.

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] "აი, ასეთი სამუშაო უნდა ჩატარებულიყო და ამას უნდა ჰქონოდა მასშტაბური ხასიათი და მაშინ ჩვენ უკვე გვექნებოდა მეტი ალბათობა იმისა, რომ გვემსჯელა, რა შედეგები ჰქონდა საქართველოში 37 წელს. მე, მაგალითად, მჯერა, რომ ყველაზე სასტიკად და ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა ეს რეპრესიები 37 წელს საქართველოში, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში." (სტილი დაცულია)

რუსეთის "მემორიალის" გამოცდილების გამეორება საქართველოშიც სცადეს. სამწუხაროდ, წარუმატებლად. მეტიც - დღეს ორგანიზაცია შენობის გარეშეა დარჩენილი. ასეთ პირობებში სერიოზულ მუშაობაზე საუბარი ზედმეტია. არადა, საკუთარი ისტორია უნდა იცოდე. "ჩვენი საერთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წლისთავის წინ "მემორიალი" უხმობს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნებისა და ერების მომავალი, გულისყურით დააკვირდეს წარსულს და შეეცადოს შეიმეცნოს მისი გაკვეთილები" (საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალის" თეზისებიდან).

სოლოლაკის რეაბილიტაციის პროექტი

დავით კაკაბაძე:
თბილისის ისტორიული ნაწილის დასახასიათებლად დღემდე ყველაზე ხშირად იშველიებენ გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკში" 1847 წელს გამოქვეყნებულ ერთ გამონათქვამს თბილისის - იანუსის მსგავსად - ორსახოვნების შესახებ. ამ შედარებაში ერთ სახედ თბილისის აღმოსავლური, აზიური იერია დასახელებული, მეორედ კი - ევროპული. ევროპული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სახე სოლოლაკია. მე-19 საუკუნეში განაშენიანებული და მთელი საუკუნის მანძილზე თბილისის ყველაზე პრესტიჟული უბანი დღეს სავალალო მდგომარეობაში რომ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, სულ მალე ვითარება, შესაძლოა, გამოსწორდეს. ძველი თბილისის გამგეობა აპირებს, სოლოლაკში მდებარე 44 შენობას მასშტაბური რესტავრაცია და რეაბილიტაცია ჩაუტაროს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ტოპონიმი სოლოლაკი თბილისში არაბობის დროიდან გაჩნდა. სულულაჰი - არაბულად წყლის სადინარს ნიშნავს. ცნობილია, რომ დღევანდელი სოლოლაკის ადგილას ხეხილის ბაღები იყო გაშენებული, მათ მოსარწყავად არაბთა მიერ სოლოლაკის ქედიდან საგანგებო არხი იყო ჩამოყვანილი. პირველი შენობები სოლოლაკის ბაღების ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გაჩნდა. პირველად თბილისში სწორედ სოლოლაკში დაიგეგმა პარალელური ქუჩების ქსელი, საუკეთესო არქიტექტორებმა დაიწყეს ამ უბანში მდიდარი თბილისელებისათვის საცხოვრებელი სახლების შენება და გადაიქცა კიდეც სოლოლაკი ქალაქის ელიტარულ უბნად. დღეს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი აღარ არის, შენობათა უმეტესობა უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ ფასადებს ისევ შერჩათ ძველი დიდების, დამკვეთთა და არქიტექტორთა გემოვნების კვალი, მაგრამ წლითი წლობით ეს კვალი ქრება და უფერულდება. თუმცა, როგორც ირკვევა ასე დიდ ხანს არ გაგრძელდება - ძველი თბილისის გამგეობამ ახლახანს გამოაცხადა სოლოლაკში მდებარე 44 შენობის საფუძვლიანი რესტავრაცია-რეაბილიტაციის ტენდერი. პროექტი მოიცავს ასათიანის ქუჩის ერთ ნაწილს და ტაბიძის ქუჩას მთლიანად. კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ასე აფასებს ძველი თბილისის გამგეობის ინიციატივას:

[ცირა ელისაშვილის ხმა] "ეს არის ძალიან მისასალმებელი საქმე, ვინაიდან ათწლეულების მანძილზე ასეთი მასშტაბის საპროექტო სამუშაოები და მით უფრო საწარმოო სამუშაოები, რომელიც ამას მეორე ეტაპად მოყვება არ ჩატარებულა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეხლა იწყება მთელი სოლოლაკის სადრენაჟო კომუნიკაციების გამოცვლის სამუშაოები, ეს ძალიან წაადგება ამ უბანს, ვინაიდან რეალურად ვითარება არის ძალიან მძიმე გრუნტის წყლებიდან დაწყებული და კომუიკაციების მდგრადობით დამთავრებული."

ტენდერის თანახმად 44 შენობა 8 ე.წ. ლოტად არის დაყოფილი. ტენდერის მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ, როგორც ერთბაშად ყველა, ასევე თითოეულ ლოტზე. ტენდერში გამარჯვებულებს ძველი თბილისის გამგეობაში არსებული კომისია შეარჩევს, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროცესსაც გამგეობა გააკონტროლებს. ტენდერში გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ უკვე პირველი სამუშაოები 2008 წლის იანვარში უნდა დაიწყოს.

[ცირა ელისაშვილის ხმა] "ქალაქისთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ტერიტორია, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, ეს არის ის ურბანული ქსოვილი, რომელიც არის ავთენტური, რომელიც არის შესანარჩუნებელი, რომლის წყალობითაც ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისი არის უნიკალური ქალაქი, რომლის გამოც გვაქვს ჩვენ პრეტენზია, რომ თბილისის ისტორიული ნაწილი შევიდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ყველაფერი თუ არ იქნა შენარჩუნებული აი ამ მეთოებით, რა თქმა უნდა თბილისი დაკარგავს თავის ისტორიულ წარსულს."

ამ ეტაპზე რთული სათქმელია რამდენ ხანს გასტანს სოლოლაკში 44 შენობის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესი. ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ ანალოგიური სამუშაოები სოლოლაკის სხვა შენობებსაც ჩაუტარდებათ, შემდეგ კი სავარაუდოდ ჯერი დავით აღმაშენებლის გამზირზე და იქ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზეც მიდგება.

რა საფრთხეს გვიქმნის ბოტულიზმი?

დავით კაკაბაძე:
"ქვეყანაში ბოტულიზმის დაავადების შემთხვევების მატება შეინიშნება” - განაცხადა საგანგებო პრსკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა პაატა იმნაძემ 2 აგვისტოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოტულიზმით დაავადების მაჩვენებლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ახლა კონსერვების დამზადების სეზონია, - თქვა პაატა იმნაძემ, და ამიტომ დროულად უნდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ზამთარში და გაზაფხულზე პრობლემა არ შეეექმნათო. რა არის ბოტულიზმი? რა საფრთხის წინაშე აყენებს იგი ადამიანს? როგორ და რისთვის შეიძლება მისი გამომწვევი მიკრობის გამოყენება? პასუხებს ამ კითხვებზე მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

(იხ. აუდიოვერსია)

ქართული კინო უჰერსკე ჰრადიშჩეს საერთაშორისო ფესტივალზე

დავით კაკაბაძე:
ზუსტად ერთი კვირის წინ, "მეათე სტუდიის" წინა გამოშვებაში, მოკლედ გიამბეთ ჩეხეთის პატარა ქალაქ უჰერსკე ჰრადიშჩეში გამართულ კინოფესტივალზე და მაშინვე დაგპირდით, რომ შემდეგ გადაცემაში ამ საერთაშორისო კინოფორუმზე უფრო ვრცლად მოგითხრობდით. და რაკი პირობას შესრულება უნდა, დღევანდელი "მეათე სტუდიის" დასკვნითი ნაწილი სწორედ კინოზე საუბარს მიეძღვნება.

უჰერსკე ჰრადიშჩე აღმოსავლეთ ჩეხეთში, მორავიის რეგიონში მდებარეობს და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული ავსტრიისა და სლოვაკეთის საზღვრებს. მე-13 საუკუნეში დაარსებულ ამ პატარა, კოხტა ქალაქში სულ 26 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ წელიწადში ერთხელ უჰერსკე ჰრადიშჩეს მოსახლეობას ჩეხეთისა და სლოვაკეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხუთი-ექვსი ათასი კინოს მოყვარული ემატება და ქალაქს ერთ დიდ კინოთეატრად აქცევს.

წლეულს იქ უკვე 33-ედ ჩატარდა "საზაფხულო კინოსკოლად" წოდებული საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა კავკასიის კინემატოგრაფია იყო. გარდა იმისა, რომ მაყურებელს შეეძლო ენახა ძველი და ახალი ფილმები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მას საშუალება ჰქონდა, პირადად გასცნობოდა ზოგიერთი ფილმის შემქმნელებს და მათთვის შეკითხვებიც დაესვა.

საერთოდ, უჰერსკე ჰრადიშჩეს კინოფესტივალის ძირითადი თავისებურება ალბათ მისი დემოკრატიულობა გახლავთ. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ კინოს მოყვარულს საშუალება ეძლევა, პირადად შეხვდეს და გაესაუბროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვარსკვლავებს - როგორც რეჟისორებს, სცენარისტებსა თუ ოპერატორებს, ისე მსახიობებს. სწორედ ამიტომ მოეწონა "საზაფხულო კინოსკოლა" მის ერთ-ერთ სტუმარს, კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას:

[ელდარ შენგელაია]: "მე ძალიან მომწონს ეს ფესტივალი. მომწონს თავისი დემოკრატიულობით; მომწონს, რომ ასეთი ინტერესი არის ახალგაზრდობისგან, რომელიც ამ ქალაქში ჩამოდის მთელი ჩეხეთიდან: კარვებში ძინავთ და დღისით დადიან ფილმებზე და უყურებენ და დარბაზები არის სავსე! მიკვირს: დილიდანვე არის სავსე დარბაზები. აუცილებლად არის საუბარი ფილმის მერე, გარკვეულ შეკითხვებს გაძლევენ... მათ ეს აინტერესებთ - აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!"

ელდარ შენგელაიას გარდა, უჰერსკე ჰრადიშჩეს ფესტივალზე წლეულს კიდევ ორი ქართველი კინორეჟისორი იყო მიწვეული: ირაკლი კვირიკაძე და ლევან თუთბერიძე. სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი კინემატოგრაფისტები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, მათ შორის რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომან ბალაიანი, ოლეგ საიდულაევი და სხვები.

მაინც, რატომ გადაწყვიტეს "საზაფხულო კინოსკოლის" ორგანიზატორებმა, წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთ ძირითად თემად კავკასიის ქვეყნების კინო ექციათ? ამ შეკითხვით მივმართე ფესტივალის მთავარ დრამატურგს მირა ჰავიაროვას.

[მირა ჰავიაროვა]: "ჩემთვის და ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენლისთვის ქართული კინემატოგრაფი ერთ-ერთი უძლიერესი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. იმ მძიმე პერიოდში ქართულ ფილმებს ჩვენთვის შინაგანი სიხარული მოჰქონდა, მათში იყო იუმორი, რომელიც ასე ახლოა ჩეხი და სლოვაკი ხალხებისთვისაც. ამჯერად გადავწყვიტეთ, ქართულ ფილმებთან ერთად სომხური და აზერბაიჯანული კინოც წარმოგვედგინა და ფესტივალისთვის კავკასიური ელფერი მიგვენიჭებინა. ჩვენმა ახალგაზრდობამ, სამწუხაროდ, ცოტა რამ თუ იცის არა მარტო ამ ქვეყნების კინოზე, არამედ, ზოგადად, თვით ქვეყნებზეც კი. თუ რამე გაუგიათ, ისიც ძირითადად ომებსა და მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება. მათ არაფერი იციან იმაზე, რომ იქ ცხოვრობენ გასაოცარი, ჭკვიანი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი, იმხიარულონ, იმღერონ და იცეკვონ ისე, როგორც ალბათ არსად მსოფლიოში. და კავკასიური ფილმები სავსეა ყოველივე ამით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, იმ ახალგაზრდებს, ვინც კინოს საშუალებით გაეცნო ამ ქვეყნებსა და მათს ხელოვნებას, აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი, იქ გაემგზავრონ და საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი."

მირა ჰავიაროვა რომ მართალია, ფილმების ჩვენების შემდეგ მოწყობილი დისკუსიებიც დაგარწმუნებდათ. ერთ-ერთი ასეთი დისკუსია ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთების" შემდეგ გაიმართა.

[ელდარ შენგელაია]: "იყო საუბარი თანამედროვე ქართულ კინოზე, იმ სიძნელეებზე, სირთულეებზე, რომლებიც ქართულ კინოში არის. ნაკლები იყო საუბარი პოლიტიკაზე, რაც მე გამიხარდა იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის ჩვენ უკვე ვარსებობთ და მათ აინტერესებთ ჩვენი ხელოვნება, ჩვენი განვითარება - სულიერი განვითარება - და ასეთი წრე კითხვებისა უფრო მეტად იყო."

სეანსების შემდეგ გამართული დისკუსიებით კმაყოფილი დარჩა ირაკლი კვირიკაძეც - კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც ამ ფესტივალზე წარმოადგინა არა მარტო საკუთარი ფილმები, არამედ თავისი მეუღლის, ნანა ჯორჯაძის ორი სურათიც - "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა" და "შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი".

[ირაკლი კვირიკაძე]: "ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ახალგაზრდები, სულ სხვა თაობა, არ ვიცი, რამდენად გარკვეული არიან კინოში, განსაკუთრებით კავკასიურ კინოში, მაგრამ ისეთი კარგი შეკითხვები, ისეთი კარგი დისკუსიები! მე მოხარული ვიყავი, კიდევაც ავენთე და დიდი ენთუზიაზმით ვპასუხობდი და ვყვებოდი, რა არის ფენომენი ქართული კინოსი. ეს ფესტივალი არ არის. არის, როგორც მითხრეს, ხუთი ათასი ახალგაზრდა, ვისაც რაღაც აინტერესებს ამ ცხოვრებაში - ხელოვნება, კინო... იკრიბებიან, ჩამოდიან მთელი ჩეხეთიდან და ასევე, გვითხრეს, უცხოელებიც ჩამოდიან, იმდენად ეს მოვლენა არის ძალიან... მე მგონი, ევროპაშიც უცნაურია და უნიკალური."

ევროპაშიც უცნაურია და უნიკალურიო - ამბობს უჰერსკე ჰრადიშჩეს "საზაფხულო კინოსკოლაზე" მისი ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი კვირიკაძე. შეიძლება თუ არა ასეთივე ფესტივალის ჩატარება საქართველოში-მეთქი, ვეკითხები მის მესამე ქართველ მონაწილეს, რეჟისორ ლევან თუთბერიძეს, რომლის ფილმმა - "გასეირნება ყარაბაღში" - დიდი მოწონება დაიმსახურა.

[ლევან თუთბერიძე]: "რატომაც არა! ძალიან კარგი იქნება, რომ საქართველოში ასეთი ტიპის ფესტივალი ჩატარდეს, იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, ძალიან საჭირო რამ არის, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ კინოკლასიკა, იცოდნენ საფესტივალო ფილმები და არ უყურებდნენ მხოლოდ ამერიკულ "ბლოკბასტერებს" და ამერიკულ ფილმებს. ყველა დარბაზი იყო, ფაქტიურად, გატენილი. ძალიან გამიხარდა, როცა შევედი დარბაზში და საკუთარ ფილმზე ვნახე სავსე დარბაზი. ასევე ყველა ქართულ ფილმზე იყო, ფაქტიურად, სავსე დარბაზები, და არა მარტო ქართულ ფილმებზე. ასეთი რამ თუ მოხდება საქართველოში, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება კინოს განვითარებისთვის, განსაკუთრებით ქართული კინოს განვითარებისთვის" - ამბობს ლევან თუთბერიძე. თუ საქართველოში კულტურის სფეროს ხელმძღვანელთაგან ვინმემ გადაწყვიტა, ყურად იღოს რეჟისორის სიტყვები და მართლაც მოაწყოს "საზაფხულო სკოლის" მსგავსი კინოფორუმი, მას უთუოდ გამოადგება უჰერსკე ჰრადიშჩეს ფესტივალის დირექტორის ირჟი კრალიკის რჩევები. მით უმეტეს, რომ მას ყოველწლიურად უხდება მრავალი, ერთი შეხედვით გადაულახავი სიძნელის დაძლევა.

[ირჟი კრალიკი]: "ის, რომ ჩვენი ფესტივალი არსებობს, სასწაულის ტოლფასია. მისი ბიუჯეტი, სხვა ფესტივალებთან შედარებით, მეტად დაბალია - 12,5 მილიონი კრონი, რაც, მაგალითად, ათჯერ ნაკლებია კარლოვი ვარის ფესტივალის ბიუჯეტზე. სასწაული კი ის არის, რომ ასეთი შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების პირობებშიც ვახერხებთ უცხოელი სტუმრების დაპატიჟებას - ამჯერად კავკასიიდან და ბრაზილიიდან, ანუ შორეული ქვეყნებიდან, საიდანაც ხალხის ჩამოყვანა და ფილმების ჩამოტანა მეტად ძვირი ჯდება. მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს: ჩვენს ფესტივალს ბევრი ფული რომ ჰქონდეს, დაიკარგებოდა ის ენთუზიაზმი, ის წყურვილი თუ მოწადინება, რომელიც აშკარად ეტყობა ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილე ყველა ადამიანს - განურჩევლად თანამდებობისა. ასე რომ, სირთულეები არსებობს, მაგრამ საქმის კეთებით მონიჭებული სიხარული მაინც სჭარბობს."

სიხარული კი კინოფორუმის მონაწილეებმა და სტუმრებმა, რიგითმა მაყურებლებმა, ამ ერთი კვირის მანძილზე მართლაც არაერთხელ გამოსცადეს. განსაკუთრებით გვიხაროდა ჩვენ, ქართველებს, რადგან ფესტივალის დახურვის დღეს, 29 ივლისს, მისმა მთავარმა ორგანიზატორმა - ჩეხეთის კინოკლუბების ასოციაციამ - მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემია ელდარ შენგელაიას მიანიჭა.

[ელდარ შენგელაია]: "მე ძალიან მესიამოვნა, რა თქმა უნდა - დასამალი რა არის! რა მესიამოვნა, იცით? უნდა წარმოიდგინოს ჩვენმა მსმენელმა, რომ დარბაზი არის სავსე ახალგაზრდობით, უმეტესად. რა თქმა უნდა, სხვა ასაკის ხალხიც არის, მაგრამ უმეტესად მაინც ახაგაზრდობაა. საკვირველებაა ჩემთვის, იმდენად ბევრნი არიან ჩამოსული მთელი ჩეხეთიდან. ისინი აწესებენ ამ პრიზს და, რა თქმა უნდა, ეს არის სასიამოვნო, იმიტომ, რომ ეს არის მაყურებლის პრიზი, რეალური მაყურებლის პრიზი. სულ სხვა არის დიდ ფესტივალებზე: იქ სხვა ატმოსფერო არის, იქ ბრძოლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ყველას სჭირდება პრიზი: აქედან გამომდინარე კომერციაც სხვანაირი არის ფილმის, მისი გამოჩენა და ყველაფერი... და ამიტომ იქ სხვანაირი სიტუაციები არის ხოლმე, რომლებიდან ზოგი გესიამოვნება, ზოგი არ გესიამოვნება. ეს პრიზი ჩემთვის სასიამოვნოა იმიტომ, რომ ეს არის - თუ ვიხმართ ასეთ ქართულ სიტყვას - ალალი პრიზი."

ელდარ შენგელაია მართალია - ეს ალალი პრიზი იყო! და მაყურებლით სავსე დარბაზის ოვაციაც ამის დასტური გახლდათ; ისევე, როგორც ალალი იყო 27 ივლისს გამართული "კავკასიური საღამო", რომელშიც კინემატოგრაფისტების გარდა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული დიპლომატებიც მონაწილეობდნენ - ვიღას ახსოვდა მთიანი ყარაბაღი?!; და ალალი იყო ანსამბლ "შინის" კონცერტიც, რომელიც აღფრთოვანებულმა მსმენელმა ღამის ორის ნახევრამდე არ გაუშვა ღია ცის ქვეშ მოწყობილი სცენიდან. საქართველოს ელჩი ჩეხეთში კახა სიხარულიძე კმაყოფილებას ვერ მალავდა:

[კახა სიხარულიძე]: "ყველაფერი - დაწყებული ქალაქიდან, დამთავრებული ამ ფესტივალის თემით - დაკავშირებული არის მეგობრობასთან, სიყვარულთან; დაკავშირებული არის ურთიერთგაგებასთან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თქვენც ესწრებოდით საღამოს, სადაც კინემატოგრაფისტები იყვნენ სამი ქვეყნიდან. როგორი უშუალო ატმოსფერო იყო, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკისაგან, ყოველგვარი პროტოკოლისაგან, ყველაფერი ზედმეტისაგან, რაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პრობლემებს გვიქმნის ხოლმე. არაჩვეულებრივად კარგი ღონისძიებაა და განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველების მიერ მოწყობილმა კონცერტმა! ანსამბლ "შინს" ვგულისხმობ, რომელიც ჯაზს და ქართულ ფოლკლორს უკრავდა ჩეხი ახალგაზრდობისათვის. და იქ ვაკვირდებოდი, მერე, ერთ მომენტში, როდესაც ძალიან გახურდა ქართული მუსიკა (მე მაინც ქართულად აღვიქვი, ბუნებრივია, "შინის" ჯაზი) იქ ვაკვირდებოდი პატარა გოგონებს და ბიჭებს - ჩეხებს, რომლებიც დაახლოებით ათი წუთის მერე უკვე აქტიურად ინტერესდებოდნენ პროგრამით, რომ ენახათ, ვინ არიან ისინი და გაიძახდნენ: "გრუზინსკე, გრუზინსკეო". მოკლედ, ძალიან ნასიამოვნები ვარ პირადად მე, ძალიან ნასიამოვნები ვარ აქ ჩამოსვლითაც, ამ კონტაქტებითაც, ძალიან საინტერესო ხალხითაც. აი, ეს არის რეალური საქმე, მე თუ მკითხავთ."

ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კახა სიხარულიძის ამ შეფასებით ვამთავრებთ თხრობას ჩეხეთის ქალაქ უჰერსკე ჰრადიშჩეში გამართულ კინოფესტივალზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კავკასიის ქვეყნების კინო იყო.

დასასრულს მიაუხლოვდა რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" და რა ვამთავრებთ "მეათე სტუდიას", რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. ხმის ოპერატორის პულტთან ლევან გვარამაძე მუშაობდა. "მეათე სტუდიასთან" ერთად მთავრდება რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის გადაცემაც, რომელსაც პრაღის სტუდიდან უძღვებოდა დავით კაკაბაძე. ჩვენი შემდეგი გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ღამის 12 საათზე, სიხშირეზე FM 105,9. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG