Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


ლაშა მარგიშვილი "თავისუფლების" დღიურების წერა ამჯერად

ლაშა მარგიშვილს ვთხოვეთ - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტსა და ლიტერატურული კონკურსის - "გზა მშვიდობისკენ - ჩემი ხედვა" - პირველი პრემიის ლაურეატს.

15 ივლისი, კვირა
ივლისისთვის უჩვეულოდ გრილი დილა გათენდა. საგამოცდო ციებ-ცხელებას მიჩვეულს, ადრიანად გამეღვიძა, თუმცა მთელი თვის მანძილზე თავს ვიიმედებდი, დასრულდება სესიები და რამდენიმე დღე გაბმულად ვიძინებ-მეთქი. ბოლო გამოცდა სამი დღის წინ ჩავაბარეთ.
მთელი წელი სამუშაო და სამეცადინო არ გამოგვლევია, მაგრამ ეს ბოლო თვე მაინც განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა. რომ არა თანაკურსელების ერთმანეთისადმი დახმარება და თანადგომა, ალბათ, გაგვიჭირდებოდა. იყო წიგნების განათხოვრება, ქსეროასლების გადაღება, კანონებში შეტანილი ცვლილებების კომპიუტერში მოძიება.
დრო თუ გამოვნახეთ, თეტარშიც დავდივართ, ბილიარდსაც ვთამაშობთ, კაფეშიც ვიკრიბებით, მაგრამ მეცადინეობა და წიგნთან მუშაობაც არ გვეზარება.
კარგად გვესმის, მაღალი პროფესიონალიზმის გარეშე ვერც ღირსეულ მომავალს შევქმით და ვერც ქვეყანას ვარგებთ რამეს, მით უფრო, რომ ახლანდელ საქართველოში ბევრ პრობლემას სწორედ საკანონდებლო ბაზის მოუწესრიგებლობა ქმნის.
დღევანდელი დღე ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა - ჯერ ერთი, დღიურის წერა უნდა დავიწყო, 11 საათისთვის კი უზენაეს სასამართლოში უნდა ვიყო, სადაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება, თანაც, ამაღამ დიდი ფეხბურთია - კოპა ამერიკის თასზე ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები ხვდებიან ფინალში და ასეთ სანახაობას ნამდვილად ვერ გამოვტოვებ.
სიმართლე გითხრათ, დღიურის წერაზე არასდროს მიფიქრია. მეთვრამეტე ან მეცხრამეტე საუკუნეში რომ მეცხოვრა, ალბათ, ხშირად მომიწევდა გრძელ-გრძელი ეპისტოლეებისა და წერილების წერა, მაგრამ ახლა, ინტერნეტისა და მობილურების საუკუნეში, ყველაფერი რამდენიმე წინადადებიან შეტყობინებამდე დავიდა,
ისე კი, ძალიან მაინტერესებს, ამ ჩემთვის უჩვეულო საქმეს ბოლო როგორი გამოაჩნდება.
11 საათზე ჩვენი გუნდი, რომელსაც ”ლეგიონერები” ვუწოდეთ, უზენაეს სასამართლოში შეიკრიბა. ახალგაზრდა იურისტების თაოსნობით მოწყობილი ოლიმპიადის პირველი ტური უნივერსიტეტში ჩატარდა. ჩვენმა ოთხკაციანმა გუნდმა სამოქალაქო სამართლის დარგი აირჩია და საკმაოდ მაღალი შედეგიც აჩვენა. მეორე ტურში გავედით.
უზენაეს სასამართლოში ჩატარებული ტური გაცილებით რთული და საინტერესო აღმოჩნდა. ორი-სამი დღით ადრე ყველა გუნდს დაგვირიგდა უზენაეს სასამართლოში წინა წლებში წარდგენილი საკასაციო საჩივრები. განაწილდა ფუნქციები, ჩვენს გუნდს მოპასუხის ფუნქცია დაეკისრა. ჟიურის წევრები უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, მოსამართლეები და იურისტები იყვნენ. ისინი დაწვრილებით აღნუსხავდნენ ყველა პროცესუალურ დარღვევასა თუ შეცდომას. ორსააათიანი მომქანცველი დავისა და კამათის შემდეგ პროცესი მოვიგეთ.
რუსთაველის პროსპექტზე კაფეში შევედით. ”კანონის დამცველები” ახლა ფეხბურთის თავგამოდებულ ქომაგებად ვიქეცით და დაიწყო დაუსრულებელი კამათი - ბრაზილია თუ არგენტინა. ყველა დიდი ფეხბურთის მოლოდინში ვიყავით და არგენტინის ნაკრებს ერთსულოვნად ვუწინასწარმეტყველებდით გამარჯვებას.
კაფეში დაწყებული დავა სახლში მე და მამაჩემმა გავაგრძელეთ. მამა ბრაზილიის გულშემატკიცარია და ჩემს ყველა მოსაზრებას მშვიდი და აუღელველები ფრაზით პასუხობდა: ”მართალია ხარ, მაგრამ ბრაზილიური ფეხბურთი ჩვეულებრივი ლოგიკის კანონებს არასოდეს ემორჩილება, ახლაც ასე იქნება!”
ვნახოთ!

16 ივლისი, ორშაბათი
მამაჩემის სიტყვები გამართლდა, ბრაზილიის ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო და გამანადგურებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა არგენტინელები, რომლებიც ზედმეტმა თავდაჯერებულობამ და ფინალამდე გამართულ მატჩებში შედარებით იულად მიღწეული წარმატებებით გათამამებამ მიიყვანა დამარცხებამდე.
ვენესუელაში არაჩვეულებრივ საფეხბურთო ფინალს ამინდიც დიდებული დაემთხვა. თბილისში კი დილიდან გადაუღებლად წვიმს. ასეთ ამინდში ყველაფერი მეზარება, საცურაო აუზზე წასვლაც კი. რამდენიმე მეგობარმა დამირეკა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ, რადგან წვიმა მატულობს და მატულობს.
ტელევიზორი ჩავრთე. თორმეტი საათია და ყველა არხი სპორტის აკადემიის მხარდამჭერთა აქციას აჩვენებს. უნებურად შაბათს, კვიპროსის სტადიონზე გამართული თემურ ქეცბაიას არაჩვეულებრივი გაცილება მახსენდება. ფაქტიურად, ეს ქართული სპორტის სადიდებელი საღამო იყო. რა გულსატკენი პარალელია...
ქართველებს პირველობა ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით - სპორტში. ჩვენ ხომ კვარცლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგომი თანამემამულე და საქართველოს ჰიმნის ჟღერა იოლად გვიჩქროლებს გულს და საოცარი სიამაყით გვავსებს, მაგრამ ჩემპიონები რომ ციდან არ ცვივა და რომ ამ კვარცხლბეკის მიღმა ოფლით მორწყული უმძიმესი გზაა, ეს ხშირად გვავიწყდება. სპორტი ჩვენი სიამაყეა და სიხარული. იოტისოდენა უფლებაც არა გვაქვს, მომავალ თაობებს ეს სიხარული წავართვათ.
საინფორმაციო გამოშვება კი გრძელდება. ყოველდღე თითქმის ერთი და იგივე მეორდება - მკვლელობა, ქურდობა, ნარკომანია...ამ ამბების შემყურეს რა სიამაყე და ღირსების გრძნობა შეგვრჩება. მერე უკვირთ, პატრიოტიზმის უქონელი ახალგაზრდობა მოდისო. ყველა ეს გადაცემა ხომ ჩვენს სულში სამუდამოდ ილექება და ასაფრენად გამზადებულ ფრთხებს გვალეწავს, მიწაზე პირქვე გვანარცხებს.
კარგი ამბის გაგონება მენატრება!
ამდენი საუკუნეა ქრისტიანები ვართ. ჩვენ კანონთა კოდექსები აღარც კი უნდა გვჭირდებოდეს. განა ათი მცნება ყველა კანონზე მრავლისმთქმელი და ბრძნული არ არის? განა იქ არ დევს ქრისტიანი ადამიანის ქცევისა და ცხოვრების კოდექსის ყველა ნიუანსი? არა! ჩვენ თუ კონკრეტულად არავისი გვეშინია, ავს არ მოვიშლით. ამაზე არ ჩიოდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც?
ჩემს ასეთ პესიმისტურ განწყობას ამინდმაც ხომ არ შეუწყო ხელი? ამ ქვეყნად ხომ მარადიული არაფერია, დღეს თუ არა ხვალ მზე უსათუოდ გამოიხედავს. ჩვენ ისეთ ძლიერ ფესვებზე ვართ ამოზრდილნი, რომ ვერანაირი ქარიშხალი იოლად ვერ მოგვთხრის, წელში ვერ მოგვღუნავს.

17 ივლისი, სამშაბათი
გუშინ გიორგი შატბერაშვილის ”მკვდრის მზის” კითხვა დავიწყე. რა სიუხვე და სიმდიდრეა ქართული ლექსიკის, როგორ ეფერება მწერალი თითოეულ სიტყვას, ან რა დიდებულ ხასიათებს ხატავს.
ამ ქვეყნად ყველას ჩვენ-ჩვენი ”საჯილდაო ქვა” გვაქვს - ჩვენი პიროვნებისა და ღირსების საზომი და თუ ვაჟკავი ხარ, ხელი უნდა შეავლო და აზიდვა სცადო. იქნება ეს საჯილდაო ლოდი ჩვენი მამულიშვილობის სასინჯი ქვაა, ვინ იცის...
ნაშუადღევს უნივერსიტეტში წავედი, ზოგი რამ მქონდა დასაზუსტებელი. ბიჭები შემხვდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდი. შინ ისეთი წიგნი მელოდა დასამთავრებელი, რომ ვერ ვუღალატებდი. ზაფხული იმიტომ უფრო მიყვარს, რომ მხატვრული ლიტერატურის საკითხავად ბევრი დრო მაქვს.
”მკვდრის მზის” დაწერიდან არც ისე დიდი დროა გასული, მაგრამ თანამედროვე ქართველ მწერალთა ერთი ნაწილის ნაწარმოებებს რომ ვადარებ, თითქოს ეს წიგნები სხვადასხვა ენაზეა დაწერილი. დალოცვილი ქართული სიტყვა ბევრგან ჟარგონმა და ბილწსიტყვაობამ შეცვალა. ნუთუ არ დადგა დრო, რომ პროფესიონალმა ლიტერატორებმა ამის თაობაზე თავისი ავტორიტეტული სიტყვა თქვან?
ამ საღამოს მეგობრებთან ერთად შარდენზე ბილიარდის სათამაშოდ მივდივარ, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
ამერიკის კონსტიტუციის კითხვა დავიწყე. ინგლისური ენა საკმაოდ კარგად ვიცი და გაგება არ მიჭირს. 1787 წელს მიღებულ ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად კანონში დღემდე მხოლოდ 27 ცვლილებაა შესული, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისგან განსხვავებით - 1995 წლიდან დღემდე უკვე 10-ზე მეტი ცვლილება განიცადა. ეს ბუნებრივიცაა ქვეყნისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის გზაზე სულ ახლახანს შედგა და ჯერ კიდევ ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ალბათ, მისაბაძი უნდა იყოს ის სიმარტივე, ლაკონურობა და, რაც მთავარია, მდგრადობა, რაც ამერიკის კონსტიტუციის ღირსებად ითვლება.
მოსაღამოვდა. დროა, შარდენის ქუჩის საბილიარდოს მივაშურო. ბიჭებმა უკვე რამდენჯერმე დამირეკეს და თუ დიდხანს დავიგვიანე, საყვედურებით ამავსებენ. მერე კაფეში დავსხდებით, ნაყინსა და წვენს დავაგემოვნებთ და საზაფხულო გეგმებს დავაწყობთ. აგვისტოში ზღვაზე ერთად გვინდა წასვლა.

18 ივლისი, ოთხშაბათი
გუშინწინ დაიწყო ხელოვნების ფესტივალი ”არტ-გენი-2007”. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ მომღერლებს, მოცეკვავეებს, ხალხური რეწვის ოსტატებს კუს ტბაზე არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს. ფესტივალმა იმთავითვე დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონცერტის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ავედით მუზეუმში. ფესტივალის მონაწილე ჩვენი თანაკურსელი სიხარულით შეგვეგება და ყველა კუთხე-კუნჭული დაგვათვალიერებინა. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია - უამრავი მშვენიერი ნაქარგი თუ ნაქსოვი ათასნაირი ფერით ატყვევებდა თვალს. ხისგან გამოთლილი ფიგურები, სამკაულები, ოსტატურად მოჩუქურთმებული სხვადასხვა ნივთი და სუვენირი ბევრ დამთვალიერებს და მყიდველს იზიდავდა. საქართველოს ყველა კუთხე ცდილობდა, ხელოვნების ნიმუშებით თუ გულითადი მასპინძლობით თავი მოეწონებიდა.
”არტ-გენს” დამთვალიერებელი ნამდვილად არ აკლდა. საკმაოდ იყვნენ უცხოელი ტურისტებიც, ყველაფერს რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალს და ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ.
6 საათზე დაიწყო კონცერტი, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა კორინთელი უძღვებოდა. ამ დღეს რაჭის, გურიისა და ქართლის წარმომადგენლები უჩვენებდნენ თავის ხელოვნებას. მომღერალთა საკმაოდ დიდი ნაწილი ხანდაზმული ადამიანებისგან შედგებოდა. ერთ რამედ ღირდა მათი ცქერა, რა მონდომებით ცდილობდნენ მსმენელამდე ქართული სიმღერის ხიბლი და მშვენება მიეტანათ. ნამდვილად აღტაცებული დაგვტოვა ამ მშვენიერმა საღამომ.
დიდი საქმე გააკეთა ”არტ-გენმა” ამ ფესტივალით. ჭეშმარიტად დასაფასებელია ზაზა კორინთელის მონდომება და ენთუზიაზმი. კვირას ფესტივალის დახურვაა. აუცილებლად ამოვალ.

19 ივლისი, ხუთშაბათი
კონკურსში გამარჯვებამ დიდი ხნის ნაოცნებარის ასრულების შესაძლებლობა მომცა - 1 აგვისტოს ლონდონში მივფრინავ. ორნი ვიქნებით. მეორე გამარჯვებული გოგონაა, მაგრამ თანატოლთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.
დღის პირველ ნახევარს სურათების გადაღებასა და ვიზისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვებას ვანდომებ. მთლად სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ ნისლიან ალბიონზე ფიქრი ყველაფერს მიიოლებს. შუადღისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი ჩავაბარე. ზოგიერთი წვრილმანი საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მაგრამ მპირდებიან, რომ ორშაბათისთვის ყველაფერი რიგზე იქნება.
ერთი კვირა არც ისე ცოტა დროა ქალაქის გასაცნობად, თუმცა ყველაფრის ნახვასა და დათვალიერებას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. ამ უძველესი ტრადიების ქალაქში ბევრი რამ არის საინტერესო და განსხვავებული. ყველაზე მეტად ბუკინგემის სასახლისა და მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმის ნახვა მინტერესებს...ახლა ბიგ ბენი, ნაციონალური მუზეუმი?..ისე როგორ წამოვალ, ბეიკერ-სტრიტზე არ გავიარო და ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის ცნობილ სახლს გარედან მაინც არ შევავლო თვალი.
თანაკლასელები ხშირად ვიკრიბებით ხოლმე ერთად, ამჯერად ვაკის საცურაო აუზზე წასვლა გადავწყვიტეთ. ხალისიანი საღამო გამოვიდა, ცურვითაც ვიჯერეთ გული, ცოტა ვივარჯიშეთ კიდეც, ვიცინეთ. განსაკუთრებით იმის გახსენებამ გაგვახალისა, ჩვენი თანაკლასელი გიორგი ცხვარაშვილი რომ ”ჩიმაროების” კონკურსში იღებს მონაწილეონას და მეორე ტურშიც გავიდა. გიორგი ძალიან ჭკვიანი და საზრიანი ბიჭია, მისგან მომავალში კარგი ”ჩიმარო” დადგება. ხუმრობა იქით იყოს და მხარი უნდა დავუჭიროთ, კუბაზე გამგზავრებას რა ჯობია!

20 ივლისი, პარასკევი
დღეს, 11 საათზე ინგლისის საელჩოს წარმომადგენლებთან გასაუბრება უნდა გვქონოდა. ამის შესახებ გუშინ საღამოს გამაფრთხილეს, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიდო.
შინ დაბრუნებულმა რამდენიმე საათი კომპიუტერთან ვიმუშავე, ელექტრონულ ფოსტასაც გადავხედე. ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენიდან, სადაც 2004 წელს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ვმონაწილეობდი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი რამდენიმე მეგობრის წერილი დამხვდა. უბრალოდ, მომიკითხეს, მეორე კურსის დამთავრება მომილოცეს.
ამერიკიდან მოსულმა წერილებმა რეზო სურგულაძე გამახსენა - ნიუ-იორკში მცხოვრები ჩემი თანატოლი, რომელმაც იქ დაამთავრა კოლეჯი და ახლა დეტროიტის უნივერსიტეტის სტუდენტია.
რეზო 2005 წელს არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში გავიცანი ახალგაზრდა მეცნიერთა მსოფლიო კონფერენციაზე. კომპიუტერების მწარმოებელი უზარმაზარი კომპანიის ”ინტელის” ეგიდით მოწყობილ ამ ღონისძიებაში, რომელიც 1950 წლიდან ტარდება ამერიკის სვადასხვა შტატში, ქართველი მოსწავლეები პირველად ვმონაწილეობდით.
კონკურსი ძალზე პრესტიჟულად ითვლება მთელს მსოფლიოში. ჩვენთან ერთად მასში ამერიკის ყველა შტატისა და მსოფლიოს 46 ქვეყნის 1445 მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა.
კონკურსს ერთგვარი საგამოფენო ხასიათი ქონდა და სექციებად იყო დაყოფილი. თითოეულ სექციას მსოფლიოს უმაღლესი დონის სპეციალისტებით დაკომპტექლებული ჟიური განაგებდა. ჩვენი იქ ყოფნის დროს ჟიურის წევრთა შორის ნობელის პრემიის 16 ლაურეატი იყო.
იქ გავიცანი რეზო, რომელიც ნიუ-იორკის სახელით მონაწილეობდა კონკურსში. გაცნობის დღიდან გვერდიდან არ მოგვშორებია, თითქმის ჩემზე მეტად უხაროდა, როცა მათემატიკის სექციის 75 მონაწილიდან 5 დაჯილდოებულს შორის მეც აღმოვჩნდი და ამერიკის ახალგაზრდა მათემატიკოსთა კავშირის - ”მიუ ალფა თეტას” პირველი პრემია და ფულადი ჯილდო გადმომეცა.
რეზო სიხარულს ვერ ფარავდა - ჩვენ რომ გაგვემარჯვა, საქართველოს სახელს რაში წაადგებოდა, თქვენი წარმატება კი სულ სხვააო. გასულ ზაფხულს იგი თბილისში იყო ჩამოსული, რამდენჯერმე შევხვდი და უფრო მეტად დავახლოვდით.
უკვე კარგა ხანია, ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. მე გამოცდებით ვიყავი დაკავებული, ალბათ, ისიც. კომპიუტერზე კლავიშებს დავცქერი და თითები თავისით კრეფენ: ” გამარჯობა, რეზო!”

21 ივლისი, შაბათი
ესეც ბოლო ფურცელი...საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა დღიურის წერა, თუმცა გაგრძელებას და ჩემი ცხოვრების თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდების აღწერას მომავალში მაინც არ ვაპირებ. მეხსიერება ჭეშმარიტად ღირებულს თვითონ შემოინახავს.
ზოგი რამ იქნებ ისე ვერც გადმოვეცი, როგორც ვფიქრობდი ან განვიცდიდი, მაგრამ ამას ხომ სიტყვის გამოჩენილ ოსტატებიც უჩივიან. ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ დღიურის წერაში გატარებული დღეები, ალბათ, დიდხანს მემახსოვრება. ეს ფურცლები ჩემი ცხოვრების ერთ პატარა და ჩვეულებრივ მონაკვეთს შემოინახავენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG