Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


“არქტიკა ერთ-ერთი ბოლო ადგილია დედამიწაზე ხელუხლებელი ბუნებით, თან არავის ეკუთვნის.

თუმცა ამ მხრივ ვითარება შეიძლება შეიცვალოს” - ასე იწყება ლონდონის ყოველღდიურ გაზეთ "გარდიანში" გამოქვეყნებული სტატია, რომელიც, მსმენელი ალბათ ხვდება, ეხმაურება არქტიკაში რუსეთის ორი წყალქვეშა ნავის მისიას: მათ, როგორც ჩვენს გადაცემებშიც ვიუწყებოდიდთ, რუსეთის დროშა აღმართეს ოკეანის ფსკერზე, ჩრდილოეთ პოლუსზე. იმ ადგილას, სადაც, "გარდიანის" ინფორმაციით, მეცნიერებს მსოფლიოს ნავთობისა და გაზის რეზერვების დაახლოებით მეოთხედი ეგულებათ. შემდეგ სტატიაში ვკითხულობთ: “ვიდრე ყინულის საფარი გალღვებოდეს და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში გემების გაცხოველებული მიმოსვლა დაიწყებოდეს, ღირს ჩავუფიქრდეთ, რა შეიძლება, დაიკარგოს. ყინულის საფარი არის უნიკალური ეკოსისტემის ნაწილი, არქტიკული კურდღლის, მელიის, მგლის და თეთრი დათვის სამშობლო. ის შედარებით სუფთაა. მისი ზომა და სილამაზე, შეიძლება ითქვას, მოგვიწოდებს, რომ არქტიკას ხელი არ ვახლოთ”.

"გარდიანისაგან" განსხვავებით, გერმანიის "გენერალ-ანცაიგერში", რომელიც ყოფილ დედაქალაქ ბონში გამოდის, ყურადღება გამახვილებულია საქმის არა ეკოლოგიურ, არამედ ეკონომიურ მხარეზე. როგორც გაზეთში ვკითხულობთ, რუსეთის წყალქვეშა ნავების მისიის შემთხვევაში:

“საქმე არ ეხება არც თავგადასავალს და არც “პიარისთვის” გამოსადეგ სიმბოლურ აქტს, როგორიც მთვარეზე ამერიკული დროშის აღმართვა იყო. ეს არის სახელმწიფო ინტერესებზე გათვლილი მიზანმიმართული პოლიტიკა. არქტიკაში, სავარაუდოდ, უზარმაზარი წიაღისეული სიმდიდრეა, და მასზე პრეტენზიას აცხადებენ რუსეთი, შეერთებული შტატები, კანადა, დანია და ნორვეგია. დავა რამდენიმე წელია, ძალას იკრებს. დანამდვილებით ჯერ არავინ იცის, რა რაოდენობის ბუნებრივი რესურსებია ყინულის საფარის ქვეშ და შესაძლებელია თუ არა ამ რესურსების ათვისება გონივრული ხარჯების ინვესტირების ფასად. დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ გაერო კიდევ კარგა ხანი იქნება დაკავებული ამ დავით”, წერს ბონის “გენერალ ანცაიგერი”. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის პრესაში ცნობას, რომელიც მედიის მაგნატის, რუპერტ მერდოკის სახელს უკავშირდება. ამ ცნობამ საქართველოშიც გამოიწვია ინტერესი, რადგან მერდოკს ბიზნესი, როგორც ცნობილია, საქართველსთანაც აკავშირებს. ესპანეთის ყოველღდიური გაზეთი “ელ პაისი” წერს:

“ნიუ კორპორეიშენის” იმპერიის მიერ “დაუ ჯონსის ჯგუფის” შეძენით, ავსტრალიელი რუპერტ მერდოკის საერთაშორისო მედია-გიგანტი, კიდევ უფრო იზრდება. იმავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა... მერდოკი, რომელსაც არასდროს დაუმალავს თავისი სიმპათია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმართ, ყოველთვის მიწანშეწონილად მიიჩნევდა სარედაქციო მუშაობაში ჩარევას.”
არანაკლებ კრიტიკულ შეფასებას იძლევა იტალიის “რეპუბლიკა”.

“ძნელი წარმოსადგენია, გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” განწყობა იმაზე უფრო უარესი ყოფილიყო, ვიდრე მისი რუპერტ ბმრდოკის მიერ შესყიდვის შემდეგ იყო. ჟურნალისტიკა, უწინარეს ყოვლისა ორი კომპონენტისაგან შედგება: ჯერ ერთი, ჟურნალისტიკა არის ბაზარზე გასატანი პროდუქცია, რომელიც უნდა გაყიდო - და ეს მერდოკს, საუცხოოდ ეხერხება. და მეორე - ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის განუყოფელი კომპონენტი: სადაც არ არის თავისუფალი ჟურნალისტიკა, არ არის არც თავისუფალი პოლიტიკა და პირიქით. ვინც მერდოკის წინააღმდეგია, უწინარეს ყოვლისა აკრიტიკებს იმას, რომ მერდოკი ჟურნალისტიკის პირველ კომპონენტს საუცხოოდ ფლობს, მაგრამ იმავდროულად ვნებს მეორეს. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ მერდოკისთვის თავისუფალი პრესა მეტს ნიშნავს, ვიდრე კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარის შოვნა”.
XS
SM
MD
LG