Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ეკონომიკური მიმოხილვა


ქართველების ქონება სოხუმსა და გაგრაში რუსეთის მოქალაქეებს აუქციონის წესით გადაეცემათ. ეს განცხადება მიმდინარე კვირას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.

მისივე თქმით, განზრახულია აფხაზეთში შეიყვანონ ოთხი რუსული სამშენებლო კომპანია, რომლებიც სახლებს გაყიდვამდე გაარემონტებენ.

სეპარატისტული ხელისუფლება, ასევე, გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს გადასცეს მდინარე ფსოუსთან მდებარე საცხოვრებელი ბინები. ეს ქონება სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩასულ მუშებს საჩუქრად გადაეცემათ.

ზოგადად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი ინტერვენცია, ამჯერად სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, რუსულ ოფიციოზში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. აფხაზეთის მიმდებარე კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა სამხარეო ტელევიზიით ოფიციალურად განაცხადა, რომ ოლიმპიადის მოსამზადებლად საჭირო მშენებლობების არეალიდან ასეულობით ადამიანს გაასახლებენ და ალტერნატიულ საცხოვრებელს აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასცემენ.

საერთოდ, რუსული თემა მიმდინარე კვირას კვლავ გააქტიურებული იყო. საბოლოოდ, დადგინდა, რომ საავიაციო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებათა ეს ფაზაც კრახით დასრულდა და შემდგომი მოლაპარაკებების ვადაც არ დადგენილა. სამაგიეროდ, ჰორიზონტზე გამოჩნდა დიდი ხნის მივიწყებული რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო და ქართველ მეღვინეებთან შეხვედრის პერსპექტივით დაინტერესდა.

თუმცა ონიშჩენკომ უარყო ინფორმაცია, რომ ქართველმა მეღვინეებმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. მას ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. რუსეთის მთავარმა სანიტარმა ისიც დაადასტურა, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინის დეფიციტის დასაძლევად ოთხ მოლდოვურ კომპანიას რუსეთში ღვინის შეტანის უფლება მიეცა. თუმცა რამდენად ელის ეს პერსპექტივა ქართულ ღვინოებს, ონიშჩენკოს აღარ დაუზუსტებია.

სანამ ტრადიციული დარგების წარმომადგენლები ტრადიციული საექსპორტო ბაზრების აღდგენას ცდილობენ, საექსპორტო ნიშა სრულიად მოულოდნელმა საქონელმა გამოიჭრა: კომპანია "კოდამ" ერაყში კვერცხის ექსპორტი დაიწყო. უკვე მესამე თვეა, ერაყში თვეში 20 ათასი ყუთი კვერცხის გატანა ხდება. არადა, ერთი წლის წინ საქართველო კვერცხზე საკუთარ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და მის იმპორტს უკრაინიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვადან და სომხეთიდანაც კი ეწეოდა. ამჟამად კი ქვეყანა საკუთარ მოთხოვნას - დღეში 1 მილიონ კვერცხსაც აკმაყოფილებს და უკვე, როგორც გაირკვა, ექსპორტსაც წარმატებით ეჭიდება.

საქართველოში საქმიანობის გამკაცრებას გეგმავს ერთ-ერთი სოლიდური იმპორტიორი - რუსეთის ნავთობკომპანია "ლუკოილი". მან 11 ავტოგასამართ სადგურთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური არ აკმაყოფილებდა ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების პირობებს და დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც სადგურის ტექნიკურ გაუმართაობასა და სავაჭრო ნიშნის არასწორად გამოყენებაში გამოიხატა. შედეგად, "ლუკოილის" ქსელის ავტოგასამართ სადგურებს თბილისში - 7, ფოთში, გარდაბანში, რუსთავსა და ჩალაუბანში კი თითო სადგური გამოაკლდება და "ლუკოილის" ნიშნით მომუშავე 65 სადგური 54-მდე შემცირდება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა "სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" კი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისთვის მიწების შესყიდვა დაიწყო. კომპანიის პირველი ავტოგასამართი სადგურები თბილისის შესასვლელებში განთავსდება. ამის შემდეგ ქსელი თბილისის სხვა უბნებსა და საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს, მათ შორის - აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებსაც.

ჯამურად, "სოკარ ენერჯი ჯორჯია" საქართველოში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისთვის 2 წლის განმავლობაში 20 მილიონ დოლარს დახარჯავს. ასე რომ, ნავთობპროდუქტების ბაზარი უახლოეს ხანებში სერიოზულად უნდა გაჯერდეს.

გაჯერებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს საბანკო სისტემამაც. ეროვნულმა ბანკმა ბრიტანული საბანკო გიგანტის HSBC–ის შვილობილ "HSBC ბანკი საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გადასცა. ბანკის საზედამხედველო კაპიტალი, 10 მილიონი დოლარის ოდენობით, უკვე ჩაირიცხა შესაბამის ანგარიშზე. ამჟამად მიმდინარეობს ბანკის სათავო ოფისის მოწყობა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. კლიენტების მომსახურება კი ნოემბერში დაიწყება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა კი საქართველოს სალონიკში გამართულ სხდომაზე 8 მილიონი დოლარის ღირებულების ორი პროექტი დაუმტკიცა. აქედან ხუთმილიონიანი სესხი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ხელშესაწყობად, "ქართუ ბანკს" გამოეყო, 3 მილიონი კი, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიზნით, "თი-ბი-სი ლიზინგმა" მიიღო.

მიმდინარე კვირას კვლავაც გამძაფრდა ორი, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე, კონფლიქტი, რომელთაგანაც ერთი იუსტიციის სამინისტროს შენობაში განთავსებულ ფართს, მეორე კი ინტერნეტპროვაიდერთა პერმანენტულ ომს ეხებოდა.
იუსტიციის სამინისტროს პირველ სართულზე მდებარე "სონიცენტრის" და კაფე "რუსთაველის" მეპატრონეები ეკონომიკის სამინისტროს შენობის უკანონოდ დაცლის მოთხოვნით განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებენ. "სონიცენტრის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, რუსთაველის 30-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად იუსტიციის სამინისტროა განთავსებული, მთლიანად შეისყიდონ და იქ "სონიცენტრის გალერეა" და "სონიპიკჩერსის სტუდია" განათავსონ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კი უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს, შენობა კომპანია "ჰილტონს" მიჰყიდოს, რომელიც იქ სასტუმროს ააშენებს. თუმცა "სონიცენტრის" მფლობელები დანებებას არ აპირებენ და განზრახული აქვთ დავაში ჩართონ საქართველოში ამერიკის საელჩო, რომელიც ამ საქმეში კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელის, კალიფორნიის შტატში რეგისტრირებული კომპანია "იზი ენტერპრაიზისის", თხოვნის საფუძველზე ჩაერთვება. "სონი ცენტრის" გარდა, "იზი ენტერპრაიზისს" საქართველოში ინვესტიციები უძრავ ქონებასა და სარეკლამო ბიზნესში აქვს ჩადებული.

რაც შეეხება ინტერნეტპროვაიდერების ომს, ამ საქმეში სხვა კომპანიებიც ჩაერთვნენ. კერძოდ, "საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ", პროვაიდერ "ეგრისთან", "სერვისთან" და "კავკასიის ციფრულ ქსელებთან" ერთად, "კავკაზუს ონლაინის" საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კავკაზუს ონლაინი" ზოგიერთი ინტერნეტპროვაიდერის აბონენტებს საკუთარ სერვერებზე განთავსებულ ვებგვერდებზე შესვლის საშუალებას არ აძლევს, საკუთარ აბონენტებს კი უზღუდავს კონკურენტი კომპანიების ქსელებში განთავსებულ ინტერნეტგვერდებზე შესვლას.

"კავკაზუს ონლაინის" მოწინააღმდეგე კომპანიების განაცხადს ოპერატიულად გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი და კომუნიკაციების კომისიას მკაცრი ტონით მოსთხოვა სიტუაციის დარეგულირება.

ტრადიცულად აქტიური თვე ჰქონდა სამინისტროს საპრივატიზებო ფრონტზე. ნავთლუღის სარკინიგზო სადგური 49-წლიანი იჯარით გადაეცა კომპანია "ელიტ ელექტრონიქსს", რომელიც სადგურის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონ ლარს დახარჯავს. გარდა ამისა, დადგინდა, რომ "ორთაჭალაჰესი" წლის ბოლომდე გაიყიდება, რითაც ენერგოობიექტების პრივატიზაციის პროცესი თითქმის დასრულდება. გასაყიდი მხოლოდ რეგიონებში არსებული მცირე ჰესები, ასევე "ენგურჰესი" და "ვარდნილჰესი" დარჩება, რომელთა გაყიდვასაც სახელმწიფო არ აპირებს.

მიმდინარე კვირასვე გაირკვა თბილისის ორი უმსხვილესი სავაჭრო ობიექტის ბედიც. უნივერმაღ "თბილისის" რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 30-35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამ დაბანდებას უზრუნველყოფს ახალი მფლობელი, რომელიც ბრიტანული საინვესტიციო ჯგუფია. შედეგად, თბილისის ცენტრში, აღნიშნული უნივერმაღის ნაცვლად, თანამედროვე, უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრი აშენდება. შეიცვლება მთელი ინფრასტრუქტურა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა კი, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დასრულდება.

რაც შეეხება დეზერტირების ბაზარს, მასაც ახალი მეპატრონე ჰყავს. ეს არის ბრიტანული კომპანია "ჰერალდ თრეიდ კომპანი", რომლის გეგმის თანახმადაც, ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს მრავალსართულიანი სავაჭრო ცენტრი. ამ სავაჭრო ცენტრში პირველ ორ სართულს აგრარული ბაზარი დაიკავებს, სადაც, შესაძლოა, ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებიც ე.წ. დეზერტირების ბაზრობიდან ძალით გაიყვანეს.

მანამდე კი ცენტრალური სუპერმარკეტის მოვაჭრეები თბილისში მდებარე 9 სხვადასხვა ბაზარში გადანაწილდებიან, რის შესახებაც მოლაპარაკებები აღნიშნული ბაზრობის დირექტორებთან უკვე შედგა.
XS
SM
MD
LG