Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიტორკა მაჰმუდ აჰმადინეჟადის მთავარი იარაღია


ორი წელი გავიდა მას მერე, რაც ირანის პრეზიდენტის თანამდებობა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაიკავა.

ამ პოლიტიკოსის ერთ-ერთ სამარკო ნიშნად შეიძლება დავასახელოთ სკანდალური გამოსვლებისადმი მიდრეკილება. ამ გამოსვლებმა იგი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია ისევე, როგორც მისი დიდი წინამორბედი და მისაბაძი მაგალითი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი.

პოლიტიკურ სცენაზე აჰმადინეჟადის რიტორიკის გავლენაზე თუ ვიმსჯელებთ, შესადარებლად შეიძლება გავიხსენოთ კიდევ ერთი პოლტიკოსი - მისი წინამორბედი მოჰამად ხათამი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

[აჰმადინეჟადის ხმა] "მინდა დასავლეთის ქვეყნებს ვუთხრა, რომ როგორც საბჭოთა კავშირი აღიგავა პირისაგან მიწისა და შეწყვიტა არსებობა, ასევე აღიგვება პირისაგან მიწისა სიონისტური რეჟიმი და კაცობრიობა გათავისუფლდება."

როგორც ხათამის, ისე აჰმადინეჟადის შემთხვევაში რიტორიკა და პოპულარობა იყო მათი ძალაუფლების შედარებით ძნელად ხელშესახები კომპონენტი, რაც მათ - ყოველ შემთხვევაში ხანმოკლე პერიოდის მანძილზე - აძლევდა ინიციატივის გამოჩენის საშუალებას.

ხათამის შემთხვევაში პოპულარობა და ამომრჩეველთა მხარდაჭერა მას პოზიციებს უძლიერებდა კონსერვატორ ოპონენტებთან ჭიდილში ხელისუფლების სათავეში ყოფნის რვაწლიანი პერიოდის პირველი წლების მანძილზე. მაგრამ ამ პოპულარობას არ მიუცია ხათამისა და პარლამენტის რეფორმატორი უმრავლესობისთვის იმის საშუალება, რომ რეფორმები და ლიბერალიზაცია დაეწყოთ.

ირანის პოლიტიკური სისტემა და მექანიკა ისეა მოწყობილი, რომ საგარეო და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა ოლიგარქიის ხელშია, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი განაგებს. როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს სისტემა იოლად არ ექვემდებარება არც ლიბერალურ გარდაქმნებს და არც რადიკალი პრეზიდენტის მხრიდან შეიძლება იქნეს გამოყენებული საკუთარი დღის წესრიგის შემოსატანად.

სულ ერთია ვინ არის პრეზიდენტი - რადიკალი აჰმადინეჟადი თუ რეფორმატორი ხათამი - არსებობს პოლიტიკური ისტებლიშმენტის საშუალო ფენა, რომლისთვის ანგარიშის გაწევა ნებისმიერ პრეზიდენტს ჰმართებს.

მაგრამ აჰმადინეჟადის რიტორიკა მძლავრი ბერკეტი აღმოჩნდა ირანის საშინაო პოლიტიკაში. ისეთი გავლენიანი სასულიერო პირების მხარდაჭერით, როგორებიც არიან გუშაგთა საბჭოს მდივანი აიათოლა აჰმად ჯანათი და აიათოლა მოჰამად თაყი მესბაჰ-იაზდი, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეძლო რადიკალური რევოლუციური დისკურსის წინა პლანზე წამოწევა.
[აჰმადინეჟადის ხმა] "ჩვენ წამოვაყენეთ წინადადება, რომ თუკი თქვენ, ებრაელები, არ იტყუებოდით, მაშინ დამოუკიდებელ და ობიექტურ მკვლევართა ჯგუფს ნება უნდა დართოთ წავიდნენ და ესაუბრონ ხალხს ევროპაში, ნახონ ჰოლოკოსტთან დაკავშიირებული დოკუმენტები და ყველას ამცნონ ამ გამოკვლევის შედეგები ჰოლოკოსტის მითზე."

აჰმადინეჟადმა მკაცრი კურსის მომხრე ელემენტებს უფლება მისცა გაეძლიერებინათ ზეწოლა პრესაზე, სამოქალაქო სტრუქტურებზე, პროფკავშირების აქტივისტებზე და შეექმნათ ერთგვარი შიშით აღსავსე გარემო, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდგომ პირველ ათწლეულს ჩამოჰგავს.

დღეს ისევ საუბრობენ მტრებზე, მოღალატეებზე, მცოცავ გადატრიალებებზე, რომელთაც უცხოელები აწყობენ ადგილობრივი აგენტების დახმარებით.

მაგრამ როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, თავად აიათოლა ალი ხამენეი - ქვეყნის უზენაესი სასულიერო ლიდერი - არ უჭერს მხარს ამგვარ შავ-თეთრ რიტორიკას. შესაძლოა, რომ აჰმადინეჟადის მიმდევარ რადიკალებსა და მკაცრი კურსის უფრო პრაგმატულ ნაწილს შორის ჰიპოთეტური დაპირისპირების შემთხვევაში ხამენეიმ პრეზიდენტის პოპულიზმს რაციონალიზმი არჩიოს. ასეთ შემთხვევაში აჰმადინეჟადი სწორედ იმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, რასაც ასე თავგამოდებით ებრძვის - ზომიერებას და მიზანშეწონილებას.
XS
SM
MD
LG