Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


დღეს დროებითი ადმინისტრაციის

წარმომადგენელმა ვლადიმირ სანაკოევმა ყვითელმაისურიანი ახალგაზრდების გარემოცვაში მოძრაობის “გზა შვიდობისა, კოკოით” პრეზენტაცია გამართა.

რაც შეეხება თავად კოკოითის ხელისუფლებას, მან გასული კვირა საქართველოს სპეცსამსახურების მხილებაში გაატარა. მთელი კვირა დე ფაქტო ხელისუფლება ცხინვალში ტერაქტების მოწყობის მცდელობაზე საუბრობდა. პარასკევს კი ქართველ ჟურნალისტებს წარუდგინეს პირი, რომელიც, ცხინვალის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, თბილისის სპეცსამსახურებში ჰყავდათ შეგზავნილი და რომლის მეშვეობითაც აიცილეს ტერაქტი ცხინვალში. ეს “შეგზავნილი” არც ტელეკამერებს შეუშინდა და არც იმ ინფორმაციის “გამხელას”, რომელიც ტერაქტის მზადებას შეეხებოდა – ორი ათასი დოლარის სანაცვლოდ. დე ფაქტო ხელისუფლების ჯაშუშის ინალ კოლიევის აღსარება ასე ჟღერდა:

[კოლიევის ხმა] “ეს მოხდა 23 ივლისს. ღამის თერთმეტ საათზე გადმომცეს ორი – 12-12 კილოგრამიანი - ტომარა და მთხოვეს წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე დამედო. ამისთვის 2000 დოლარის გადახდას დამპირდნენ.”

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი ბორის ატოევი ირწმუნება, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერების განადგურებას ისახავდა მიზნად. თავად დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი კი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში დივერსიული ჯგუფი მოქმედებს და რომ მან, კოკოითიმ, იცის როგორც ის, თუ სად გაიარეს ამ ჯგუფის წევრებმა სამხედრო წვრთნა, ასევე მათი გადაადგილების მარშრუტები:

[კოკოითის ხმა] “მათ ყველას გავანადგურებთ. ისინი ცოტანი არ არიან და ყველა მათგანმა მომზადება ერაყში – ნატოს ინსტრუქტორებთან – გაიარა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი მათგანი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის იოლი ნადავლი გახდება, რადგანაც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მათი გადაადგილების მარშრუტი და დისლოკაციის ადგილი.”

გასულ კვირას კონფლიქტის ზონაში არც სროლის გარეშე ჩაუვლია. ქართული მხარე ფიქრობს, რომ კოკოითის ხელისუფლება განგებ ამწვავებს უსაფრთხოების თემას და, შესაძლოა, ტერაქტი მართლაც განხორციელდეს იმ პირის ან პირების წინააღმდეგ, ვინც ქართული მხარის მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და შემდეგ ყველაფერი თბილისს დააბრალონ.

მომავალ კვირაში, 9 აგვისტოს, თბილისში, ეუთოს ოფისში, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარე უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. მოტივად ბორის ჩოჩიევი უსაფრთხოების გარანტიის უქონლობას ასახელებს. შერეული საკონტროლო კომისიის მიმართ თბილისისა და ცხინვალის სხვადასხვაგვარი, მაგრამ მაინც, პროტესტის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ფიქრობს, რომ კომისიას თავისი ფუნქცია აქვს და მან უნდა განაგრძოს მუშაობა. ამის დასტური იყო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პეტერ სემნების მიერ რადიო “თავისუფლების” ეთერში გამოთქმული მოსაზრება. ევროკავშირის წარმომადგენელს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ კომისიის მუშაობის ჩიხში შესვლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნამ:

[სემნების ხმა] “შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა ჩიხში შეიყვანა აგრეთვე კონფლიქტის ზონაში ორი - პარალელური - ხელისუფლების ყოფნის თაობაზე არსებულმა უთანხმოებამ. ამის მიუხედავად, მაინც მოველი, რომ ახლა შესაძლებელია გავცდეთ ამ თემას. სულ მალე ჩატარდება შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო განცხადებები, რომლებიც ასახავდა შედარებით მოქნილ მიდგომას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის მიმართ. ვფიქრობ, საქართველოს მხარესაც არსებობს სურვილი გამოიყენოს შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატი იმისთვის, რისი მიღწევაც მის ფარგლებშია შესაძლებელი. კომისია ვერ გადაწყვეტს ”დიდ” საკითხებს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მხარე შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში არსებულ შეზღუდულ პოტენციალსაც გამოიყენებს.”

ქართული მხარის მთავარი პრეტენზია კომისიის მიმართ მისი შემადგენლობაა. თუმცა კომპოზიციის შეცვლაში ეფექტიანი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ამ მოვლენების პარალელურად მუშაობას განაგრძობს "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი კომისია". კვირის დასასრულს კომისიის სამართლებრივ საკითხთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ჯგუფის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე უძღვებოდა, მოისმინეს ინფორმაცია ავტონომიური ერთეულების მოწყობის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ცხინვალმა და მოსკოვმა, საბოლოო შეთანხმების მიღწევა იმავე რეგიონის სახელწოდებაზე, სავარაუდოდ, იოლი არ იქნება. ამას მოწმობს საკითხზე მიმდინარე დისკუსიაც.

გასულ კვირაში საინტერესო რამ მოხდა: საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებებმა ერთმანეთის მიყოლებით საჭიროდ ჩათვალეს ოფიციალურად უარეყოთ მასმედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოსდა ორი ქვეყანა ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის თაობაზე გარიგებისთვის. ნაწყვეტი რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარიდან:

"ჩვენ ადრეც წაგვიკითხავს ვარაუდები, თითქოს რუსეთი მზად იყოს მხარი დაუჭიროს სანაკოევის ”ადმინისტრაციას” და დათმოს სამხრეთი ოსეთი, თუ თბილისი უარს იტყვის ნატოში შესვლაზე. ახლა კი უსაქმურმა რეპორტიორებმა ახალი, თითიდან გამოწოვილი, სიუჟეტი ”გამოქექეს” იმის თაობაზე, თითქოსდა რუსეთი აპირებდეს თავისი პრინციპული პოზიციების დათმობას სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ეს არა მხოლოდ ყველაფრის თავდაყირა დაყენების, არამედ რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარეებს შორის შუღლის ჩამოგდების აშკარად შეკვეთილი მცდელობაა."

იმავე დღით - ორი აგვისტოთი - თარიღდება საქართველოს საგარეო უწყების კომენტარი, რომელშიც ნათქვამია:

”სამწუხაროდ, ზოგიერთი ჟურნალისტი და ”ექსპერტი” ხშირად თხზავს საკუთარ ვერსიებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სინამდვილესთან. მათ ავტორებს, როგორც წესი, არ ესმით, რომ სასიცოცხლო ინტერესები არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარის სულისკვეთებას ზოგადად ვეთანხმებით. დაუშვებელია ასეთი ფაქიზი საკითხი სპეკულაციის საგნად ვაქციოთ. კონფლიქტების დარეგულირება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა და აქ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ავანტიურულ გარიგებებს”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში, სადაც ასევე წაიკითხავთ, რომ საქართველომ რუსეთს გაუზიარა წინადადებები ”ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით”, ახალი რეალობების გათვალისწინებით, და რომ რუსეთის მხარე მთელი სერიოზულობით ეკიდება მათ შესწავლას.

გასულ კვირაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რამდენიმე მოვლენამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება: ერთი - ორშაბათს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ”გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაზარალებულთა და მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრები განიხილა: არ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის მოთხოვნა საქმის ხელახალი გამოძიებისთვის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნების შესახებ და გაითვალისწინა მსჯავრდებულთა არგუმენტები, რის საფუძველზეც მათ ექვს-ექვსი თვით შეუმცირა სასჯელი. საინტერესო გახლდათ სახალხო დამცველ სოზარ სუბარის კომენტარი:

[სუბარის ხმა] ”გირგვლიანი და მისი მეგობარიც იყვნენ ნაწამები და ამაზე თვალის დახუჭვა გამოძიების მხრიდან არის აბსოლუტურად შეგნებული ქმედება, რომ მინიმალური სასჯელით დაესაჯათ მკვლელები. შეიძლება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულიც იყოს იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც მათ მიაწოდა გამოძიებამ. ტენდენცია თვითონ, რომ სასჯელი ჩამოუკლეს, საკმაოდ მკაფიო ”მესიჯი” იყო იმისა, რომ - ”ჩვენიანებს არ დავსჯით.” (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ სახალხო დამცველის რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემული კომენტარი. გასულ კვირაში სოზარ სუბარი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა არანაკლებ გახმაურებულ ირაკლი ბათიაშვილის საქმეს. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასმართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაირღვა განსასჯელ ირაკლი ბათიაშვილის უფლებები, რამაც არსებითი გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე. სუბარის თქმით, გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს.

სამუშაო კვირის დასასრულს ექვსი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ე.წ ”მეხუთე იზოლატორთან” შეიკრიბნენ და პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას საგანგებო მემორანდუმით გამოეხმაურნენ. მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ასეთი გახლდათ:

[ხიდაშელის ხმა] "გაგვაგებინონ რას აპირებენ სიკვდილიანობის შესამცირებლად, რას აპირებენ იმისთვის, რომ დიზენტერია და სხვა დაავადებები არ იყოს შეუქცევადი პროცესი და შესაძლებლობა გაჩნდეს ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.”

დასასრულ, კიდევ ერთ - სტიქიურ - მოვლენაზე: ორ აგვისტოს ინტენსიური წვიმის გამო ყაზბეგის რაიონში მეწყერი ჩამოწვა და მდინარე თერგის კალაპოტი გადაკეტა, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დაზიანდა 500 მეტრიანი გზა და გაზსადენის სარეზერვო მონაკვეთი. ორი დღის მანძილზე ვერ მოხერხდა ერთი დაკარგული ადამიანის პოვნა. გუშინ კი მისი ცხედარი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG