Accessibility links

logo-print

ერაყში ყველაზე საიმედო შეიარაღება და ჯავშანჟილეტები ამერიკელ სამხედროებს აქვთ?


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება,

გაეგზავნა გაზრდილი სამხედრო ქვედანაყოფი ერაყში, დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. პატარა ქვეყნის მიერ მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” დამატებით 1000 ჯარისკაცის გაგზავნას მიმომხილველები გაბედულ, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯს უწოდებენ. თუმცა ერთ-ერთ გამოცემაში საკმაოდ დაბალი შეფასება მიეცა ერაყში მყოფი ქართული კონტინგენტის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ხარისხს. როგორია “ცხელ წერტილში” მყოფი ქართველი მშვიდობისდამცველების შეიარაღება?

1500 კაცამდე გაზრდილი მე-3 ქვეითი ბრიგადის პირველი ბატალიონი 20 ივლისს თბილისის აეროპორტიდან კუვეიტში გაემგზავრა. სამკვირიანი მომზადების შემდეგ, სწორედ კუვეიტიდან გადაისვრიან ქართულ ბრიგადას ერაყის ვასიტის პროვინციის ქალაქ ალ კუდში, სადაც ქართული ბრიგადა ერთი წლით დაიდებს ბინას. ზუსტად 20 ივლისს, ანუ იმ დღეს, როდესაც ქართული ქვედანაყოფის გაცილების საზეიმო ცერემონია მოეწყო, ავტორიტეტულმა საინტერნეტო გამოცემა “ტრანზიშენ ონლაინმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ერაყში მყოფი ქართული ქვედანაყოფის შეიარაღებისა და პირადი თავდაცვის საშუალებების ხარისხი საკმაოდ არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული:

[ამონარიდი “ტრანზიშენს ონლაინიდან”] “ქართველები, ალიანსის სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მსგავსად, ასევე განიცდიან სირთულეს აღჭურვილობის თვალსაზრისით. ისინი იყენებენ მსუბუქად დაჯავშნულ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ნაკლები შანსი აქვთ გადაურჩნენ ნაღმებს. ქართველი ჯარისკაცები ასევე მოკლებულნი არიან ისეთ ძლიერ სხეულის დამცავ ჯავშანჟილეტებს, როგორსაც ამერიკელი სამხედროები ატარებენ. საკმარისია გახვიდეთ ბაღდადის “მწვანე ზონის” მტვრიან ქუჩებში და თქვენ თვალნათლივ დაინახავთ ამ განსხვავებას ორი აღჭურვილობის ხარისხს შორის.”

საინტერნეტო გამოცემა “ტრანზიშენს ონლაინში” ლაპარაკია ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებიც ბაღდადის მტვრიან ქუჩებში მშვიდობას იცავენ. საუბარია, სავარაუდოდ, “მწვანე ზონაში” მყოფი იმ ქართული ქვედანაყოფის შესახებ, რომელიც, ახალი გეგმის თანახმად, დისლოკაციის ადგილს შეიცვლის და სულ მალე ქალაქ ალ კუდში, საქართველოს მთავარ სამხედრო ბაზაზე, გადავა. გადავა შემდგომი ამოცანის შესასრულებლად, რომელიც გაცილებით რთული და საპასუხისმგებლოა. ასე რომ, ძალიან ცუდია, თუკი ბაღდადიდან ან ბაქუბადან ალ კუდში ჩასულ ჯარისკაცებს, როგორც “ტრანზიშენ ონლაინი” წერს, უხარისხო პირადი იარაღი და თხელი ჯავშანჟილეტები ექნებათ.

მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?

ამის გასარკვევათ ჩვენ საქართველოში დავურეკეთ ერთ-ერთ ქართველ ოფიცერს, რომელიც სამშვიდობო მისიით ერთხელ უკვე იმყოფებოდა ერაყში და ამჟამადაც ემზადება მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” გასამგზავრებლად. ოფიცერმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თუ ავტომატურ საშტატო იარაღს არ მივიღებთ მხედველობაში, ქართული კონტინგენტი ერაყში მთლიანად ამერიკული წარმოების აღჭურვილობას იყენებს:

[ოფიცრის ხმა] “ჰამერები გვაქვს მთლიანად. კავშირგაბმულობის საშუალებები ჩვენი მიგვაქვს აქედან, ამერიკული “ჰარისები”. ჯავშანჟილეტები გვაქვს უკრაინული და იქ ამერიკელები დაგვახვედრებენ ამერიკულ ჯავშანჟილეტებს.”

ერაყში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების აღჭურვილობას კარგად იცნობს გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართული სამხედრო უწყება, ძირითადად, საბჭოთა რუსული წარმოების ტექნიკითაა აღჭურვილი. სწორედ საბჭოური “კალაშნიკოვები” შეადგენს ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის საშტატო შეიარაღებას ერაყში, მაგრამ, ირაკლი ალადაშვილის თქმით, “კალაშნიკოვის” დაწუნება მხოლოდ მისი რუსული წარმომავლობის გამო არასწორია:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “აპარატურა, რაც ტელევიზორში აჩვენეს, ის ულტრათანამედროვე, როგორც ამერიკელებს აქვთ, ისევე აქვთ ჩვენებს. მანქანაზე რომ ყენდება რადიომართული ნაღმების აღმოსაჩენად. ის, რომ ”კალაშნიკოვები” აქვთ, ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ვერავინ ვერავის დაარწმუნებს და მეც ვერ დამარწმუნებს, რომ მაინცდამაინც მ-16 სჯობია “კალაშნიკოვს” - მით უმეტეს, იმ პირობებში და ქვიშაში ბრძოლის დროს.“ (სტილი დაცულია)

სამხედო ექსპერტი ამბობს, რომ ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილად და ხარისხიანად აღჭურვოს 2000 კაციანი ქვედანაყოფი და გაოცებულია “ტრანზიშენს ონლაინში” გამოქვეყნებული ინფორმაციით:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “იქ კონკრეტულად ხომ არ არის საუბარი, რა ჯავშანჟილეტებია [ან ჯავშანტრანსპორტიორები] და როგორ რა არის. იცი, კოდორის ხეობაში რომ მოვფრინავდით, მაშინ იყო ერაყის კონტინგენტის ტვირთი წასაღები. არა, რა “ბე-ტე-ერ”-ზეა საუბარი. რითი უნდა წავიღოთ? იქ ამერიკულ “ჰამერებს” იყენებენ.“ (სტილი დაცულია)

თუმცა, როცა ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი იყო, ერაყის ქართულ კონტინგენტთან დაკავშირებული არასასიამოვნო ისტორია რამდენჯერმე მოექცა ქართული პრესის ყურადღების ქვეშ. აღმოჩნდა, რომ ერაყული კონტინგენტის ჯარისკაცებში ზოგჯერ მოიკოჭლებდა დისციპლინა, იყო შემთხვევები, როდესაც მათაც დაუგვიანეს ხელფასი, არასწორად იყო დაანგარიშებული სამივლინებო თანხა, რომელიც ისევე იბეგრებოდა, როგორც ჩვეულებრივი “დღიური თანხა”.

მაგრამ მაშინაც კი ქართველ სამხედროებს აძლევდნენ ყველაზე უკეთეს აღჭურვილობას, რაც კი ქართული არმიის საწყობში ინახებოდა. ჯავშანჟილეტებით და ფორმის ტანსაცმლით ქართველ სამხედროებს ამერიკული მხარე უზრუნველყოფდა. რაც შეეხება “ტრანზიშენ ონლაინს”, შესაძლოა, ცნობილმა ინტერნეტგამოცემამ ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორიც ცოტა ხნის წინ სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესს” მოუვიდა. ერთ-ერთმა ყველაზე სარწმუნო საინფორმაციო საშუალებამ გასულ კვირაში არასწორად გაიგო ეუთოს მისიის დასკვნა და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა ცნობა, რომ საქართველოს მთავრობა ინტერნეტზე ცენზურის დაწესებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG