Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ბოლო დროის სატელევიზიო რეიტინგებს

თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ქართული ტოკ-შოუებისთვის ბევრად უფრო მომგებიანია არა პოლიტიკოსთა დუელები, არამედ ის გადაცემები, რომლებშიც ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება წარმოჩნდება.

დისკუსიის გამძაფრება და კონფლიქტის პროვოცირება სატელევიზიო ტოკ-შოუს არსია. თუმცა საქართველოში ამ თემაზე გამართულ დისკუსიებს პროვოცირება არ სჭირდება. საზოგადოება მართლაც ორადაა გაყოფილი - ასე ვთქვათ, ”ტრადიოციონალისტებად” და ”პროგრესისტებად”... ასე იყო ყოველთვის, თუმცა დღესდღეობით კონფლიქტი მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ქვეყანა ძნელად, მაგრამ მაინც განიცდის დასავლეთის სამყაროსთან ინტეგრაციას. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება ქართველი ”ანტიგლობალისტების” რაოდენობაც. შეიძლება მათი უმრავლესობა თავის თავს ”ანტიგლობალისტს” არ უწოდებს, უბრალოდ, ამბობს, რომ ”ქართველი პატრიოტია” ანდა ”მართლმადიდებელი ქრისტიანი”... მაგრამ ფაქტია, ეს ხალხი განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის ცვლილებებს საზოგადოების ცნობირებაში, კულტურაში.

თუმცა ერთია სატელევიზიო ტოკ-შოუ, რომლის ფუნქცია ტელემაყურებლის გართობაა (მაშინაც კი, როცა მტკივნეულ თემას ეხებიან) და მეორეა - მეცნიერება, რომელიც საზოგადოებას იკვლევს... ქართველი სოციოლოგები არა მარტო კვლევებს აწარმოებენ და იმ ფასეულობების გააზრებას ცდილობენ, რომლითაც ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პროექტებშიც არიან ჩართულნი. ერთ-ერთი ასეთი პროექტია კრიტიკული სოციოლოგიის ქსელი და მისი საერთაშორისო სკოლა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის სოციოლოგებისა და კულტუროლოგების შეხვედრებს აწყობს. ამ ქსელის მუშაობაში ჩართულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ
კრიტიკული სოციოლოგია კლასიკური და თანამედროვე სოციოლოგიის ცნებათა კრიტიკულ გააზრებას გულისხმობს. თავად ქსელს კი, რომელმაც ივლისში ზაფხულის სკოლა ჩაატარა ჩაქვში, საგანმანათლებლო მიზნები აქვს - უნივერსიტეტებში ახალი საგნის, კრიტიკული სოციოლოგიის, სწავლება უნდა დაიწყოს:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ”სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ახალგაზრდა პედაგოგები, ვისაც ახლახან აქვს დაწყებული პედაგოგიური საქმიანობა და საჭიროებენ სასწავლო პროგრამების, სილაბუსების დახვეწას კრიტიკული აზროვნების ფარგლებში.”

იაგო კაჭკაჭიშვილი შეგვახსენებს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ცხადი გახდა, რომ სოციალური მეცნიერებების კვლევის მეთოდიკა სულ უფრო და უფრო ტენდენციური ხდება. მრავალფეროვნება და გლობალიზაცია, როგორც წესი, დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენს. მოვლენათა განზოგადება კი კლავს ყველაფერს ცოცხალს და ინდივიდუალურს. სოციალური მეცნიერებებისთვის ერთგვარი გამოსავალი გახდა ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნული სოციალური თეორია, რომელიც დაიწყო ფრანგი მოაზროვნის, ჟან-ფრანსუა ლიოტარის სახელგანთქმული შრომით ”პოსტმოდერნული მდგომარეობა”. ლეოტარი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აღიარა, მეცნიერის ენაზე რომ ვთქვათ, ”გრანდნარატივების კვდომა”, ანუ საზოგადოებისა და სოციალური მეცნიერებების მიერ დამკვიდრებული ”ჭეშმარიტებების” მიმართ გამოთქვა ეჭვი:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ”ესაა ნებისმიერი უნივერსალური პრინციპი, რომელზედაც დაყრდნობით აიხსნება საზოგადოების განვითარება. ესაა ეგრეთ წოდებულ ”საყოველთაო მსაჯულის” როლში გამოყვანილი ძირითადი პრინციპი, რომელზედაც დაიყვანება საზოგადოების და ისტორიის განვითარება და წაიკითხება საზოგადოების განვითარება ამ პრინციპის შუქზე.”

იაგო კაჭკაჭიშვილი შეგვახსენებს, რომ კლასიკურ და თანამედროვე სოციალურ თეორიებს სხვადასხვა პრინციპები განსაზღვრავდა - მეცნიერები, რომლებიც საზოგადოებას და მის ფასეულობებს იკვლევდნენ, ირჩევდნენ ერთგვარ საყრდენ წერტილს და ამ წერტილზე აგებდნენ თავიანთ თეორიას. დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არც ერთი ეს პრინციპი უნივერსალური არ აღმოჩნდა:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ”რაციონალიზაციის პრინციპი წამოაყენა ვებერმა, კლასთა ბრძოლის პრინციპი წამოაყენა მარქსმა, ისტორია ამ პრინციპებით წაიკითხეს. ლიოტარი ამბობს, რომ პოსტმოდერნული მდგომარეობა ამ პრინციპების კვდომის მდგომარეობაა... ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ ლოკალური სოციოლოგიური პრაქტიკიდან და ნებისმიერ ლოკალურ პრაქტიკას უნდა მივანიჭოთ ლეგიტიმაცია, განვიხილოთ როგორც თამაშის ფორმა, რომელსაც ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც ყველა დანარჩენს.”

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, აბსოლუტური პრინციპები რაღაც ტიპის პრაქტიკას მიიჩნევს მნიშვნელოვნად, რაღაცას არა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი სოციოლოგია თავად შეუწყობს ხელს საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენების მარგინალიზაციას, პირველი და მეორე ხარისხის ადამიანებად დაყოფას. პოსტმოდერნულმა პრაქტიკამ ამას ცოდნის დელეგიტიმაცია დაუპირისპირა - ადამიანმა, მათ შორის მეცნიერმა, აღიარა, რომ არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, აღიარა, რომ ყველაფერი, რაც ცოცხალია და არსებობს, ერთნაირად მნიშვნელოვანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის და საზოგადოების შემსწავლელი მეცნიერებისთვის:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ”შეუძლებელია განასხვაო ერთმანეთისგან ცოდნა, რომელიც ობიექტურია და ცოდნა, რომელიც სუბიექტურია, და მხოლოდ ობიექტურობის საფუძველზე დააფუძნო ჭეშმარიტი ცოდნის არსებობა... ყველა ცოდნა არის ლოკალური პრაქტიკის გამოხატულება, ლინგვისტური თამაშის ერთ-ერთი ფორმა და განსხვავება სხვადასხვა ცოდნას შორის მხოლოდ ამ ცოდნაში არსებული ტერმინების მნიშვნელობაშია.”

ჩვენი საუბრის დასასრულს იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ, რამდენად აისახა პოსტმოდერნული თეორია და კრიტიკული სოციოლოგია თანამედროვე კულტურაზე, იმოქმედა თუ არა, მაგალითად, მასობრივი კულტურის შეფასებაზე და, საერთოდ, ხომ არ შეცვალა ხელოვნების ნაწარმოების შეფასების კრიტერიუმები.

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ”პოსტმოდერნული კულტურა ახდენს მანიფესტაციას ნებისმიერი არტის, ნებისმიერი შემოქმედების, ნებისმიერი ქმნადობის... აღარ არის დამოკიდებული მაღალ და მდაბალ კულტურაზე, პროფესიულ და არაპროფესიულ კულტურაზე, მდაბიო და ელიტურ კულტურებზე... პოსტმოდერნიზმმა მოიცვა კულტურის ყველა სფერო, მეცნიერების ჩათვლით.”

ასე რომ, კრიტიკული სოციოლოგია, მართალია, აღარ ერიდება საკუთარი მიღწევების, ნააზრევის კრიტიკას, თავად საზოგადოებისა და კულტურის მიმართ სულ უფრო ტოლერანტული ხდება... თუკი სოციოლოგია, ანუ მეცნიერება, რომელიც საზოგადოებას და საზოგადოებრივ ურთიერთობებს იკვლევს, ნირს იცვლის, შესაძლებელია, ნირი შეიცვალოს საზოგადოებამაც, რომელიც ჯერჯერობით შეუწყნარებელია იმის მიმართ, ვინც ”სხვანაირად” აზროვნებს - შეუწყნარებელი და საკმაოდ კრიტიკული...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG