Accessibility links

logo-print

რა შედეგით დამთავრდა დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა საპროტესტო მოძრაობა?


რამდენიმე საპროტესტო აქციის მიუხედავად, თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტის, ეგრეთ წოდებული "დეზერტირების ბაზრის", მოვაჭრეებმა

მაინც ვერ მოახერხეს სავაჭრო ადგილების შენარჩუნება. ბაზრის ახალმა მესაკუთრემ, ბრიტანულმა კომპანიამ "ჰერალდ ტრეიდ კომპანიმ", 4 აგვისტოს შენობის დანგრევა ისე დაიწყო, რომ მოვაჭრეების დიდ ნაწილს საკუთარი საქონლის ბაზრიდან გატანის საშუალებაც კი არ მიეცა. მოგვიანებით მოვაჭრეები თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას დასთანხმდნენ.

დეზერტირების ბაზრის დახურვის შემდეგ დაიწყო იქ დასაქმებული მოქალაქეების რეგისტრაცია მათი თბილისის სხვადასხვა ბაზარში გადანაწილების მიზნით. დედაქალაქის მერიამ მოვაჭრეებს, ძირითადად, მუხიანის ახალი სავაჭრო ცენტრი, ”ჩემპიონი 2004”, შესთავაზა. რეგისტრაციის პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა და ამ დროისთვის ”ჩემპიონ 2004”-ში სავაჭროდ 2300-მდე ადამიანია ჩაწერილი, მაშინ როდესაც დეზერტირების ბაზარში მხოლოდ 1400 მოვაჭრე იყო რეგისტრირებული. მოვაჭრეთა ნაწილი ახალი სამუშაო ადგილით კმაყოფილია, ნაწილი კი ეჭვისთვალით უყურებს მომავალას.

[მოვაჭრეთა ხმა] ”ძალიან კარგი შენობაა, მაგრამ შემდეგში ვნახოთ, როგორი პირობები იქნება. ამბობენ, რომ გადასახადი დოლარებით იქნება. ჩვენ ვერ შევწვდებით ამას, ყველაზე იაფი ბაზარი იყო დეზერტირები.”

[მოვაჭრეთა ხმა] ”პირობები კარგია. თუ პროდუქტი გავყიდეთ, კმაყოფილი დავრჩებით.”

”ჩემპიონი 2004-ის” ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ დეზერტირების ბაზრის ყველა მოვაჭრის მიღებას შეძლებენ და შეღავათებსაც კი დაუწესებენ. სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ჟივიძის განცხადებით, ბაზრის მოვაჭრეებს ახალ სამუშაო ადგილებზე საქმის გასამართად ყველანაირ პირობებს შეუქმნიან:

[მერაბ ჟივიძის ხმა] ”დღეიდან იწყება დახლების დამზადება. სანამ დახლები დამზადდება და ხალხი შემოეჩვევა, ჩვენ გავათავისუფლებთ ყველანაირი გადასახადისაგან და ყველანაირ პირობას შევუქმნით.”

თავის მხრივ, დეზერტირების ბაზრის ყოფილ მოვაჭრეებს დახმარებას თბილისის მერიაც დაჰპირდა. ბაზრიდან გამოძევებულებს 100-100 ლარი დაურიგდებათ კომპენსაციის სახით.

მოვლენების ასეთი განვითარებით უკმაყოფილოა დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი იოსებ შატბერაშვილი:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] ”ეს არის ყველაფერი მტკნარი სიცრუე, როდესაც ამბობენ, რომ დეზერტირების ბაზრის მომუშავეები გადანაწილდნენ ქალაქის ბაზრებზე. ქალაქის ბაზრობებზე ადგილი არ არის და, თუ გადანაწილდება, გადანაწილდება, დაახლოებით, 400-500 ადამიანი, ანუ ის ადამიანები, ვინც რეგისტრირებულად მუშაობდა. იქ არარეგისტრირებულად მუშაობდა ბევრი, რათა ბაზრის დირექციას საგადასახადო ინსპექციისთვის შემოსავლები დაემალა. ამიტომ დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეთა უდიდესი უმრავლესობა უმუშევრები დარჩებიან.” (სტილი დაცულია)

შატბერაშვილი მოვაჭრეთა ერთ ნაწილთან ერთად დეზერტირების ბაზრის გაყიდვის წინააღმდეგ გამოდიოდა. არაერთი საპროტესტო აქციის შემდეგ ვითარება ისე დაიძაბა, რომ ბაზრის შენობის დახურვის დღეს პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად, 6 მოვაჭრე დააკავეს. მათგან ორი გაათავისუფლეს, ოთხი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ახლაც ელოდება.

თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტი ბრიტანულმა კომპანიამ "ჰერალდ ტრეიდ კომპანიმ" ორი კვირის წინ შეიძინა და შენობის დემონტაჟიც მისი თხოვნით დაიწყო. ინვესტორ კომპანიას დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენება აქვს გადაწყვეტილი.
XS
SM
MD
LG