Accessibility links

logo-print

რატომ აკრიტიკებს ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირს?


ჩეხეთის პრეზიდენტი

ვაცლავ კლაუსი ცნობილია გაბედულებით, როცა საქმე საკუთარი შეხედულებების გამოთქმას ეხება - ეს შეხედულებები ხშირად არის არაპოპულარული. ვაცლავ კლაუსი, მაგალითად, დღემდე ფრიად კრიტიკულად აფასებს ევროკავშირს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა 2004 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში. კიდევ უფრო მკვეთრია კლაუსის უარყოფითი დამოკიდებულება გარემოს დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობას ის საზინაოდაც კი მიიჩნევს. რატომ? ამ და სხვა საკითხებზე, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტებთან.

66 წლის ვაცლავ კლაუსი პროფესიით ეკონომისტია და კომუნიზმის დამხობის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს: 1992-97 წლებში ის, კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი იყო, 2003 წლიდან - პრეზიდენტია.

მართალია, კლაუსი პოპულარობით ვერ შეედრება თავის წინამორბედს პრეზიდენტის პოსტზე, ცნობილ დისიდენტსა და დრამატურგს ვაცლავ ჰაველს (ეს, უწინარეს ყოვლისა, საზღვარგარეთ პოპულარობას ეხება), მაგრამ ვაცლავ კლაუსმაც შეძლო, მსოფლიო აელაპარაკებინა. მისმა წიგნმა “ლურჯი და არა მწვანე პლანეტა” ცნობილი გახადა ჩეხეთის პრეზიდენტის ცალასახა, ძალზედ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია გლობალური დათბობის საკითხში.

კლაუსი ფიქრობს, რომ გლობალური დათბობის პრობლემა გაზვიადებულია, რომ მის გარშემო ატეხილია ისტერია, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში (დიახ, თავისუფლებას!) ამ ისტერიისთვის პასუხისმგებლობა კი ისეთ მოღვაწეებს ეკისრებათ, როგორიც ელ გორია.

შეგახსენებთ, რომ ელ გორმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც გლობალურ დათბობას და მასთან დაკავშირებულ მწვავე საფრთხეს ასახავს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად.

ვაცლავ კლაუსს, რომელიც “სასაცილოს და უღირსს” უწოდებს გლობალური დათბობის გარშემო ვნებათაღელვას, დღეს “ანტი ელ გორად” მოიხსენიებენ. აი, რა თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში: [კლაუსის ხმა] “ეს მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ საფრთხედ, რომლის წინაშეც დგას თავისუფლება მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ საფრთხედ, რომელიც ექმნება კაცობრიობის ნორმალურ განვითარებას. ვგულისხმობ არა თვით გლობალურ დათბობას, არამედ მასზე მოსაზრებებს, რომელთა იმპორტიც ხდება გლობალური დათბობის საკითხისადმი ისეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორსაც ელ გორი და ბევრი სხვა ამჟღავნებენ. ამის გარშემო ისტერია დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში სასაცილო და უღირსია და ეჭვს არ იწვევს, რომ ადამიანები რამდენიმე წელიწადში ან ათწლეულში, დაგვცინებენ, იფიქრებენ, რომ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ყველანი გავგიჟდით ამ თემაზე ყურადღების ასე გამახვილებით”.

საინტერესოა, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი თავის ესოდენ მკვეთრ პოზიციას გარემოს დათბობის საკითხში: ის კლიმატის, ეკოლოგიის, ბიოლოგიის, ან გეოგრაფიის სპეციალისტის კომპეტენტურობით არ არის აღჭურვილი გლობალურ დათბობასა და მის შედეგებზე ასე დაბეჯითებით სალაპარაკოდ. მაგრამ კლაუსი ლიბერალი ეკონომისტის არგუმენტებით ხსნის ელ გორის საწინააღმდეგო პოზიციას.

[კლაუსის ხმა] “ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა. და ჩემი ერთ-ერთი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე, ჯერ კიდევ 90-ანი წლების დასაწყისიდან არის, როცა ვთქვი, რომ საჭიროა “ბაზარი ზედსართავი სახელების გარეშე”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნუ გავაფუჭებთ საქმეს რაღაც დამატებითი ზედსართავებით, როგორიცაა სოციალური (ვგულისხმობ “სოციალურ საბაზრო ეკონომიკას”, რომელიც დამკვიდრებულია დღევანდელ ევროპულ სისტემაში), ახლა კი "სოციალურად და ეკოლოგიურად ორიენტირებულ”, საბაზრო ეკონომიკას. ეს არის მორიგი იერიში ბაზრისა და ადმიანების თავისუფლების გასანადგურებლად ლოზუნგის გამოყენებით - წარსულში “სოციალურ”, ახლა “ეკოლოგიურ” ბაზარზე ლაპარაკით. ჩემთვის ეს არის ფუნდამენტური შეტევა ადამიანის თავისუფლებაზე. ადამიანისთვის, რომელსაც კომუნისტურ რეჟიმში უცხოვრია, მე კი ასეთი ადამიანი ვარ, ცხადია, რაშიც არის საქმე და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია განგაშის ატეხვა”.

ამდენად, ჩეხეთის პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია განგაშის ატეხვა იმის გამო, რომ გარემოს დაცვის აქტივისტები, მისი შეფასებით, ადამიანების თავისუფლებას ზღუდავენ გლობალურ დათბობაზე ბევრი ლაპარაკით.

თუმცა, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში საუბარი არა მარტო გლობალურ, არამედ ევროპულ პრობლემებსაც შეეხო. მათ შორის ვითარებას ბელორუსიაში. პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს არ დაუმალავს, რომ “ბავშვურ ფატანზიად” მიაჩნია წარმოდგენა დემოკრატიის ან რევოლუციის ექსპორტის შესახებ.

[კლაუსის ხმა] “არა მგონია, რომ ჩვენთან დემოკრატიის იმპორტი მომხდარიყო და ვინმეს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის რაიმე. მსგავსი არაფერი დაგვჭირვებია. ვფიქრობ, კომუნისტური სისტემა შიგნიდან დაიშალა და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ასევე დაიშლება ბელორუსიაში, კუბაში და სხვაგანაც. ვფიქრობ, გმირები, რომლებიც თავს მიიჩნევენ კომუნიზმის დამხობის მიზეზად, მისტიფიკაციას ეწევიან, თავს იტყუებენ - ეს ჩვენიანები, აქაურები იქნებიან თუ უცხოელები.” ვაცლავ კლაუსის ბოლო სიტყვები - “გმირები, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის დმხობის მიზეზად არიან მიჩნეული, თავის იტყუებენო” - შეუძლებელია, არ გაიგო კრიტიკულ მინიშნებად კლაუსის წინამორბედზე, ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველზე. მაგრამ ამ კრიტიკულ მინიშნებაზე გაცილებით უფრო კრიტიკულია ის, რასაც ვაცლავ კლაუსი ევროკავშირზე ამბობს. აქვე უნდა აღინიშნოს: კლაუსი ყოველთვის ცნობილი იყო ევროკავშირისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებამდე ის გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ ამ გაწევრიანების შედეგად ჩეხეთი ეროვნულ თვითმყოფადობას დაკარგავდა.

როგორ ფიქრობს ამ საკითხზე დღეს პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი? [კლაუსის ხმა] “ახალი არაფერია, ჩემი შეფასება ძალაში რჩება და ვფიქრობ, სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ შეფასებას იზიარებს. მეტიც, ევროკავშირი სულ უფრო მეტად ცდილობს ზეეროვნული სახელმწიფოს როლის შეძენას. ის თრგუნავს ყველა წევრი ქვეყნის თვითმყოფადობას - ჩვენსაც და სხვებისასაც. გუშინ მანქანაში ვიჯექი და შუქნიშანთან გაჩერება მოგვიწია, წინ ორი მანქანა იდგა. ერთს ჩვენი, ჩეხური, ძველი სანომრე ნიშნები ჰქონდა ქვეყნის აღმნიშვნელი მსხვილი ორასოიანი აბრევიატურით. მეორეს ახლებური, ევროკავშირის სანომრე ნიშნები, რომელზეც ჩვენი ქვეყნის აღმნიშვნელი პაწაწინა ასოებია გამოყვანილი. იცით, თუ არ გესმის, რას ნიშნავს ეს, მაშინ საერთოდ არაფერი არ გესმის! ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება დააპატარაოს ასოები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლოა. შორიდან ვერც გაარჩევ, რა ასოებია (...) ეს არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ ცდლობენ დათრგუნონ, წაშალონ იდენტურობა, რომელმაც სახე მისცა ევროპის კონტინენტს (...) ასე რომ, ეს ტენდენცია არსებობს და საქმე ევროპისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაში არ არის. ლიცენზიის ნომრებზე ცქერა არ არის ევროსკეპტიკურობა. მე სანტიმეტრებში ვზომავ ასოების ზომას. ეს არ არის ევროსკეპტიკოსის დამოკიდებულება, ეს მარტო მკაცრი, ზუსტი ხედვაა.” შესაძლოა სწორხაზოვანი ხედვაც, როცა ასოების ფორმატით განისაზღვრება ევროპული იდეის მნიშვნელობა.

მაგრამ საინტერესოა ევრორეალისტის - ასე უწოდებს თავს ვაცლავ კლაუსი - დამოკიდებულება კიდევ ერთი საკითხისადმი: რას ურჩევს ის ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ? [კლაუსის ხმა] “ჩემი აზრით, ყველაფერის გათანაბრება, ჰომოგენიზაცია, წაშლა და გაკონტროლება ერთი ცენტრიდან უფრო რთულია, როცა საქმე ბევრ ქვეყანას ეხება. ამიტომ მე ყველას ვურჩევ გაწევრიანებას. რაც უფრო მეტნი ვიქნებით ევროპის კავშირში, მით უფრო დასუსტდება ბრუსელის ცენტრის ძალა. ამას კი ძალიან ვემხრობი”.
XS
SM
MD
LG