Accessibility links

logo-print

რატომ შეიჭრა საპატრულო პოლიცია კაფე ”რუსთაველში” და ”სონი ცენტრში”


დღეს, დილის 8 საათზე, თბილისის საპატრულო პოლიციამ ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირზე, ნომერ 30-ში,

იუსტიციის სამინისტროს პირველ სართულზე არსებულ კაფე ”რუსთაველს”, შ.პ.ს. ”ლაზერისა” და ”სონის” საფირმო მაღაზიას. სამართალდამცველებმა ობიექტის კარი მესაკუთრისა და თანამშრომლების ნებართვის გარეშე გახსნეს და შენობა ინვენტარისა და აპარატურისგან დაცალეს. მოგვიანებით სამივე ობიექტი დაილუქა. რა გახდა სამართალდამცველების ასეთი აქციის მიზეზი?

ალყაშემორტყმული კაფე ”რუსთაველისა” და ”სონი ცენტრის” ინვენტარისა და ტექნიკისგან დაცლა ისე დაიწყო, რომ შენობაში შესვლის უფლება თანამშრომლებსაც კი არ მისცეს. ისინი ამ პროცესს თვალს მხოლოდ რუსთაველის გამზირის მეორე მხრიდან ადევნებდნენ.

[”სონის” თანამშრომლის ხმა] ”უბრალოდ, დაკეტილია და არ გვიშვებენ მაგიტომ. დირექტორი არ ვიცი, არ გვინახავს და...”

[კაფე ”რუსთაველის” თანამშრომლის ხმა] ”ჩვენ ახლოს არ მიგვიშვეს, პისტოლეტებს გვაჩვენებდნენ. შიგნით როგორ მოვხვდებით, კართან ახლოსაც კი არ გვიშვებენ.”

არც კაფე ”რუსთაველისა” და ”სონი ცენტრის” ამ თანამშრომლებს და არც ჟურნალისტებს სამართალდამცავმა ორგანოებმა არ განუმარტეს ობიექტების დახურვისა და დაცლის მიზეზი. ინვენტარისა და ტექნიკის აღწერას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ესწრებოდა, თუმცა მანაც უკომენტაროდ დატოვა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორია. ”სონი ცენტრის”, შ.პ.ს ”ლაზერისა” და კაფე ”რუსთაველის” მესაკუთრეთა წარმომადგენელი ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი აცხადებს, რომ ამ ობიექტების იძულების წესით დახურვა მათ გაკოტრებას გამოიწვევს:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] ”ეს არის ბოლშევიზმის რეციდივი. ეს არის სრული უკანონობა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ, მივმართეთ ყველას, ვისაც შეიძლებოდა. არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რომ ასე ძალით მომხდარიყო კარის შემტვრევა და ქონების გამოტანა.”

”სონი ცენტრი” შ.პ.ს ”ლაზერი” და კაფე ”რუსთაველი” საქართველოს მთავრობის ინტერესების სფეროში დაახლოებით ერთი წლის წინ მოექცა, როდესაც მათ მიერ დაქირავებული ფართის მფლობელს კომპენსაცია გადაუხადეს და შენობის მესაკუთრე ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გახდა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ”სონი ცენტრის” მესაკუთრეებსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის საიჯარო ხელშეკრულება, რომლის ვადა 2015 წელს იწურება, ავტომატურად უნდა გაგრძელებულიყო. იოსებ ბარათაშვილის კომენტარი:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] ”მათ აქვთ გადახდილი საიჯარო ქირა 2007 წლის აგვისტოს ჩათვლით. ჩვენ წარუდგინეთ ამ დოკუმენტების სრული პაკეტი, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიგვიღია.”

ბარათაშვილმა დასძინა, რომ რუსთაველის 30 ნომრიდან იძულებით გამოძევებული ბიზნესმენები აშშ-ის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ორიოდე კვირის წინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ კი განაცხადა, რომ ”სონი ცენტრსა” და მთავრობას შორის ფართის დაცლის თაობაზე შეთანხმება შედგა. იოსებ ბარათაშვილმა ასეთი შეთანხმება უარყო და აღნიშნა, რომ ”სონი” მზად იყო ღია, სამართლიანი ტენდერის გზით იუსტიციის სამინისტროს შენობა მთლიანად შეეძინა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს შენობა სხვა კომპანიაზე გაიყიდა იქ სასტუმრო ”ჰილტონის” ასაშენებლად.
XS
SM
MD
LG