Accessibility links

logo-print

რუსეთში შვიდი მოზარდი გაასამართლეს ანტირასიზმში ქართველი აქტივისტის მკვლელობისთვის


სანკტ პეტერბურგის სასამართლომ შვიდ მოზარდს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, ეროვნებით ქართველი აქტივისტის მკვლელობისთვის.

სასამართლო განაჩენის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ერთნი ფიქრობენ, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯნენ, სხვათა აზრით კი, დაუსჯელი რჩებიან ისინი, ვინც ამგვარი რასისტული ბოროტმოქმედების უკან დგას.

რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ 20 წლის თემურ კაჭარავას და მის მეგობარს, მაქსიმ ზგიბაის, 2005 წლის ნოემბერში სანკტ პეტერბურგის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის წინ დაესხა თავს მოზარდების ჯგუფი.
კაჭარავა დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ზგიბაი კი გადარჩა, თუმცა მასაც მრავალი ჭრილობა მიაყენეს და ტვინი დაუზიანეს.
7 აგვისტოს სანკტ პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ საბრალდებო დასკვნა გამოუტანა თავდამსხმელი ჯგუფის წევრ შვიდ მოზარდს. მთავარ განასაჯელს, რომელიც ამჟამად 14 წლისაა, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
სხვა განსასჯელებმა სხვადასხვა სასჯელი მიიღეს - 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისა და ეთნიკური ზიზღის გაღვივებისთვის. ზოგს კი პირობით შეუწყდა ბრალდება.
ადამიანის უფლებების მოსკოვის ბიუროს თანამშრომლის, ალექსანდრ ბროდისთვის განაჩენი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია:
ბროდის ხმა 0735 "მთლიანობაში ეს სამართლიანი განაჩენია. სასამართლოები თანდათან იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად სახიფათოა ფაშისტური ტენდენციები, რომლებიც რუსეთში ვითარდება. ჩვენი აზრით, ამ მოვლენებთან - ქსენოფობიასა და ფაშიზმთან - ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების მკაცრი რეაქცია."
ზოგნი ფიქრობენ, რომ პუტინის ამასწინანდელი დაპირება, რომ ის შეტევას განახორციელებს ექსტრემიზმზე, შესაძლებელს ხდის ნებისმიერი სახის უკმაყოფილების წინააღმდეგ გალაშქრება. მაგრამ რიგი ადამიანის უფლებების დამცვლელთა აზრით, ამგვარმა საჯარო დაპირებამ შესაძლოა მოსამართლეებს იქითკენ უბიძგოს, რომ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგან რასისტული გამოხდომების წინააღმდეგ.
სამშაბათის ვერდიქტს კრიტიკოსებისც ჰყავს. ადვოკატმა ოლგა ცეიტლინამ, რომელიც კაჭარავას ოჯახს წარმოადგენს, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ კვლავაც დაუსჯელი რჩება დანაშაულის ორგანიზატორი:
ცეიტლინას ხმა 0734 "მკვლელობისთვის მხოლოდ ერთი ბრალდებული დაისაჯა. ორგანიზატორი, ბოროტმოქმედების იდეოლოგიური სულისჩამდგმელი, ჯერაც იძებნება. ეს ტენდენციის ნაწილია. რატომ უნდა აჩვენებდეს ხელისუფლებას იმის ჩვენება, რომ აქ ორგანიზებული, ჯგუფური მკვლელობები არსებობს? უფრო ადვილია იმის თქმა, რომ რომელიღაც მოზარდს თავში მოუვიდა რაღაც და მოკლა ადამიანი."
ადამიანის უფლებების დამცველები დიდი ხანია ბრალს სდებენ ხელისუფლებას, რომ ის თვალს ხუჭავს ზიზღზე დაფუძნებულ ბოროტმოქმედებებზე და თავდამსხმელებს ასამართლებს ხულიგნობის ბრალდებით, რაც უფრო მსუბუქად ისჯება.
ადამიანის უფლებების ვეტერანი აქტივისტი იული რიბაკოვიც სინანულს გამოთქვამს, რომ დანარჩენმა ექვსმა ბრალდებულმა შედარებით მსუბუქი განაჩენი მიიღო:
რიბაკოვის ხმა 0736 "საქმე კიდევ ერთხელ გვაქს ვითარებასთან, როცა აშკარად ძლიერი და ორგანიზებული ჯგუფიდან გამოიყოფა ერთი, ყველაზე სუსტი წევრი და მთელი დანაშაული მას ბრალდება. ხოლო ორგანიზებული ჯგუფი და ისინი, ვინც მის მიღმა დგას, დაუსჯელები რჩებიან ანდა მინიმალურ სასჯელს იღებენ."
მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების დამცველები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი განაჩენი ხელს შეუშლის შემდგომ თავდასხმებს და ხელს შეუწყობს რუსეთში რასობრივად მოტივირებული ძალადობის შესუსტებას.
ბოლოს ერთი სავალალო სტატისტიკა. ორგანიზაცია "სოვა", რომელიც რუსეთში რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობს, იტყობინება, რომ წელს რუსეთში ამ ნიადაგზე 37 ადამიანი იქნა მოკლული - 22 პროცენტით მეტი, ვიდრე ამავე პერიოდის მანძილზე შარშან. тимур качарава
XS
SM
MD
LG