Accessibility links

დაირღვა თუ არა კერძო მესაკუთრის უფლებები ”სონი ცენტრისა” და კაფე ”რუსთაველის” დახურვისას


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ნომერ 30-ში, განთავსებული ”სონი ცენტრის”, ”ლაზერი ორისა” და კაფე ”რუსთაველის” მესაკუთრენი ირწმუნებიან,

რომ 7 აგვისტოს მათი შენობიდან გამოძევება ხელშეკრულების დარღვევით განხორციელდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ”სონი ცენტრის” და კიდევ ორი კომპანიის იჯარით აღებული შენობიდან გამოძევების ფაქტით საქართველოში აშშ-ის საელჩო და საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდნენ. რა არის ამ ინტერესის საფუძველი?

თუ კაფე ”რუსთაველი” და ”სონი ცენტრი” გამოსახლების შესახებ ხუთი დღით ადრე გააფრთხილეს, ფირმა ”ლაზერი ორისთვის” არავის არაფერი უცნობებია. ”სონის” და კაფე ”რუსთაველის” გაფრთხილების მიუხედავად, მათი დამფუძნებლების წარმომადგენელი იოსებ ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ იჯარით აღებული შენობიდან გამოძევება უსამართლობაა. მისივე განცხადებით, რუსთაველის 30 ნომრის, იუსტიციის სამინისტროს შენობის, პირველი სართული ”სონი ცენტრს” და სხვა კომპანიებს 2015 წლამდე ჰქონდათ დაქირავებული. სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შენობის ამჟამინდელი მესაკუთრეა. მინისტრის პირველ მოადგილე დავით ნატროშვილი ამბობს:

[დავით ნატროშვილის ხმა] ”კერძო მესაკუთრეს 850 კვადრატულ მეტრში სახელმწიფომ მისცა 1020 კვადრატული მეტრის ფართი, რომელიც მდებარეობს იქვე, მაღაზია ’საუნჯე.’ ”

დავით ნატროშვილი რუსთაველის 30 ნომრის პირველი სართულის ყოფილ მესაკუთრეს გულისხმობს. ამ მესაკუთრესთან ჰქონდა ”სონი ცენტრს” და კაფე ”რუსთაველს” გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ახალ მესაკუთრე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მოიჯარეებს შორის ავტომატურად გაგრძელდა. ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს მოვუსმინოთ.

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] ”ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არავითარი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსა და ...”

იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, ამ ფაქტებით საქართველოში აშშ-ის საელჩო დაინტერესდა, რადგან ”სონი ცენტრის”, ”ლაზერი ორისა” და კაფე ”რუსთაველის” 50 პროცენტიანი მეწილე ამერიკული კომპანიაა.
ეს კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად, მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, ჩივილს ამერიკის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს. იქ საქმის მოგების შემთხვევაში, ფინანსური ზარალის ანაზღაურება საქართველოს სახელმწიფოს მოუწევს. სწორედ ეს არ მოსწონთ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ 7 აგვისტოს რუსთაველზე მომხდარი ფაქტის გამო.

[მოქალაქის ხმა] ”ყაჩაღურად შევიდნენ, ბარბაროსულად, გახსნეს ”სონის ცენტრი” და შევარდნენ შიგნით. მეპატრონე აქ არ არის. ახლა ამან რომ იჩივლოს, უჩივლებს საქართველოს სახელმწიფოს.”

”სონი ცენტრთან” დაკავშირებული მოვლენები სახალხო დამცველის ყურადღების სფეროშიც მოექცა. მის ოფისს გადაწყვეტილი აქვს საქმე საფუძვლიანად შეისწავლოს. ჯერჯერობით კი მომხდარის შეფასებისაგან თავს იკავებს. გაცილებით თამამ შეფასებას იძლევიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ”სონი ცენტრის”, ”ლაზერი ორისა” და კაფე ”რუსთაველის” იძულებით გამოსახლებას ბიზნესის თავისუფალი წარმოების უფლების შეზღუდვას უწოდებენ.
XS
SM
MD
LG