Accessibility links

logo-print

კანადა არქტიკის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს


არქტიკის ტერიტორიებისთვის ბრძოლა გრძელდება. კანადა არ აპირებს ბურთი და მოედანი დაუთმოს რუსეთს,

რომელმაც 2 აგვისტოს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე, საგანგებო ექსპედიციის წარმატების ნიშნად, საკუთარი დროშა აღმართა. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელსაც რუსეთი და კანადა ერთმანეთს ეცილებიან და სადაც სპეციალისტებს ნავთობის, გაზისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მარაგი ეგულებათ. რას აპირებს ოტავა? რას უკავშირდება კანადის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში?


კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფან ჰარპერის 3-დღიანი ვიზიტი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში ერთი კვირის შემდეგ დაიწყო იმ დროიდან, რაც რუსეთის ექსპედიციის მონაწილეებმა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე აღმართული ტიტანის უჟანგავი დროშა დატოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ექსპედიციის მთავარ მიზანს სამეცნიერო კვლევა წარმოადგენდა:

(ლავროვის ხმა) "ამ ექსპედიციის მიზანი რუსეთის რაიმე უფლებების დამკვიდრება კი არ არის, არამედ იმის დამტკიცებაა, რომ ჩვენი კონტინენტური შელფი ჩრდოლოეთის პოლუსამდეა გადაჭიმული. ამისათვის კონკრეტული სამეცნიერო მეთოდები არსებობს. ვფიქრობ, რომ ექსპედიცია, რომლის დროსაც ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე ბატისკაფი ჩაეშვა, მოგვცემს დამატებით მტკიცებულებებს იმისთვის, რისი მიღწევაც გვინდა."

ის, რისი მიღწევაც რუსეთს სურს, საიდუმლო არ არის. მოსკოვი ცდილობს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის დამატებითი ტერიტორია დაიკავოს. ლომონოსოვის ქედთან დაკავშირებით რუსეთმა პრეტენზია პირველად 2001 წელს გამოთქვა, თუმცა იმხანად ქვეყანამ სრული სამეცნიერო კვლევის წარმოდგენა ვერ მოახერხა. არადა, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანამ დამატებითი ტერიტორიის კონტროლის უფლება მოიპოვოს, საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ეს ტერიტორია და, კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, სამეცნიერო კვლევების პაკეტი უნდა წარმოადგინოს.

საზღვაო კანონმდებლობასთან დაკავშირებული გაეროს კონვენციის მიხედვით, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნეიტრალური ტერიტორიის თანაბარ წილს, 200-200 მილს, აკონტროლებს 5 ქვეყანა: რუსეთი, კანადა, ნორვეგია, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები.
სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომლის დაქვემდებარებასაც ამჟამად რუსეთი ცდილობს, ისტორიული უფლებების მოპოვებას დიდი ხანია ცდილობს კანადაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ მაკკეიმ, ოკეანის ფსკერზე რუსეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით, რამდენიმე საუკუნის წინათ მიღებული წესები გაიხსენა და თქვა, რომ ახლა მე-14 ან მე-15 საუკუნე არ არის და რომ არ შეიძლება იარო მსოფლიოში და, სადაც მოგინდება, შენი დროშები იქ დაარჭო. მაკკეიმ კანადის ინტერესები მკაფიოდ და კატეგორიულად ჩამოაყალიბა:

(მაკკეის ხმა) "არქტიკაში კანადის საკუთრებას კითხვის ნიშანი არ უკავშირდება. ჩვენ ეს უკვე საფუძვლიანად გავარკვიეთ და დიდი ხნის წინათ დავადგინეთ, რომ ეს კანადის წყლებია... ეს კანადის ქონებაა."

სწორედ საკუთრების უფლების ხაზგასმას და დამატებით ტერიტორიაზე გამოთქმული პრეტენზიის გაძლიერებას ისახავს მიზნად კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფან ჰარპერის ვიზიტი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში. აქვე ვიტყვი, რომ ოტავა პრეტენზიას გამოთქვამს არქტიკის დაახლოებით 1,2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე და თანაც ისე, რომ დახვეწილი დიპლომატიური ხერხების გამოყენებას არ აპირებს. ოტავას პირდაპირი და საკმაოდ აგრესიული სამოქმედო გეგმა აქვს.

მოელიან, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი, 3-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში, გააკეთებს განცხადებას არქტიკაში პირველი წყალღრმა პორტის აშენების თაობაზე. მანამდე გაკეთდა განცხადება საპატრულო ყინულმჭრელი გემების აშენების თაობაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

ერთი სიტყვით, არქტიკაში დამატებითი ტერიტორიებისთვის ბრძოლა გრძელდება. იმის გამო, რომ გაეროს კონვენციას რატიფიკაცია უფრო ადრე გაუკეთა, რუსეთს პრეტენზიის წარდგენის ვადა 2009 წლამდე აქვს. ხოლო კანადის ვადა 2013 წელს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG