Accessibility links

logo-print

რა მისიით ესტუმრა საქართველოს აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი?


საქართველოში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოწვევით, იმყოფება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის მოადგილე,

აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დირექტორი ემილიო გონზალესი. იგი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გარდა, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდება. გონზალესი საქართველოს მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და სათანადო ტექნიკით დახმარებას დაჰპირდა.

საქართველოში არავის აქვს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მიგრანტი ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე. არც ისაა კარგად ცნობილი, თუ რა ხასიათის მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები ეძებენ საქართველოში თავშესაფარს და სად ემიგრირებენ ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები. ერთადერთი ისაა გარკვეული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ჩეჩენი ეროვნების მიგრანტია. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გიორგი ხევიაშვილის განცხადებით, საქართველოში მიგრაციის სტრატეგიის შემუშავება ახლა იწყება და სწორედ ამასთანაა დაკავშირებული აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დირექტორის ემილიო გონზალესის ვიზიტი.

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] ”საქართველოში ისეთი ფორმით, როგორც შეერთებულ შტატებსა და ევროპაშია, მიგრაციული სისტემები არ არსებობდა.”

მიგრაციული და ემიგრაციული პროცესების მართვის მიზნით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. ასეთი განცხადება გააკეთა 9 აგვისტოს, გიორგი ხევიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დირექტორმა ემილიო გონზალესმა:

[ემილიო გონზალესის ხმა] ”ეს არის ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი. ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ მიგრაციისა და ლტოლვილთა პროფესიონალები. და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შევისწავლოთ ის სირთულეები, რომლებიც საქართველოს აქვს და ჩემი ვიზიტისას განვსაზღვროთ ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.”

გონზალესის თქმით, მიგრაცია და ემიგრაცია ისეთი საკითხებია, როლებიც პრობლემატურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე სწორი სტრატეგიის შემუშავება. ”ჩვენის მხრივ, ყველანაირად შევეცდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხისთვის მისაღები სახელმწიფო სტრატეგია ჩამოვაყალიბოთო", - განაცხადა ემილიო გონზალესმა.

[ემილიო გონზალესის ხმა] ”ჩვენ შეერთებულ შტატებში გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა ლტოლვილებსა და მიგრანტებთან დაკავშირებით. იქ არის გარკვეული ნაწილი, რომელიც შეიძლება მიესადაგოს საქართველოს ვითარებას და შეიძლება - არა. ის, რაც გამოადგებათ ჩვენს ქართველ კოლეგებს, კი ბატონო, გამოიყენონ და, რაც - არა, უარყონ. ეს არავითარ შემთხვევაში ხელს არ შეუშლის იმ მეგობრობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან.”

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის მოადგილე, აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის დირექტორი ემილიო გონზალესი საქართველოში ვიზიტს 11 აგვისტოს დაასრულებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG