Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ არა ქართველების შექმნილი'' - ამბობს წითელუბნის ინციდენტის შესახებ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი


ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენელს,

რომელიც ამ ინტერვიუში წითელუბნის ინციდენტსაც შეეხო. საქმე ეხება ინტერვიუს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდთან.

ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის შეკითხვას 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დამბობვისადმი დამოკიდებულებაზე, დენიელ ფრიდის გრძელი პასუხი მოჰყვა. მან უწინარეს ყოვლისა, შეშფოთება გამოთქვა:

[დენიელ ფრიდის ხმა] "უაღრესად შეშფოთებული ვართ. დავგმეთ კიდეც ეს იერიში. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც წარმოგვიდგინა მის ხელთ არსებული სამხილი. ეს მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს შემოფრენასთან, საჰაერო სივრცეში შემოჭრასთან. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ისე რუსეთს, განაგრძონ თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით."

საშინელი შეცდომა იქნებოდა, დასძინა დენიელ ფრიდმა, თუ ეს ინციდენტი - რაც უნდა ცუდი იყოს ის - შეაჩერებს მხარეების მიერ მიღწეულ გარკვეულ პროგრესს. რა იგულისხმება ამ “პროგრესით”, დენიელ ფრიდს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით მჭიდრო კონტაქტი აქვს არა მარტო საქართველოს მთავრობასთან: [დენიელ ფრიდის ხმა] “აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონტაქტში ვართ რუსეთის მთავრობასთან როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში. და ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთის მთავრობამ უარყო ყოველგვარი კავშირი ამ თავდასხმასთან. იმავდროულად განგვიცხადეს, რომ რუსეთის მთავრობას სურს კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოსთან.”

დენიელ ფრიდისთვის ცნობილია არა მარტო ის, რომ რუსეთის მთავრობამ უარყო ყოველგვარი კავშირი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან, არამედ ცნობილია რუსეთისვე განცხადებაც, რომ დაბომბვა შესაძლოა თვით საქართველოს მხარის მიერვე ყოფილიყო განხორციელებული. რუსეთის ამ ვერსიისადმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დამოკიდებულება სრულიად ნათელია: [დენიელ ფრიდის ხმა] "ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და მიღებულ ინფორმაციასაც შევისწავლით. ჩემს ხელთ არსებული მასალები არ გვაძლევს სრულიად არავითარ საფუძველს ვამტკიცოთ, რომ ეს ქართველების მოწყობილი პროვოკაციაა. ამაზე საუბარი, როგორც ჩანს, საერთოდ უადგილოა. პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ არა ქართველების შექმნილი."

ასეთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დენიელ ფრიდის პასუხი - როგორც დარწმუნდით, გრძელი და ინფორმატიული პასუხი - ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის შეკითხვაზე წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგას დენიელ ფრიდთან სხვა შეკითხვებიც ჰქონდა, უწინარეს ყოვლისა, შეკითხვა თვით აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საკითხზე: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ფრიდს არ დაუმალავს გაწბილება იმით, რომ საერთაშორისო შუამვლების, ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის ბოლო ძალისხმევას არ მოჰყვა შედეგები, რომელთა იმედიც ჰქონდათ. მაგრამ ფრიდმა მაინც დადებითად შეაფასა მოლაპარაკება, “გარკვეულ პროგრესზე” მიუთითა და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მაინც გამონახავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზას.

[დენიელ ფრიდის ხმა] “აზერბაიჯანის მომავალს საფრთხე ემუქრება, სანამ ეს საკითხი არ მოგვარებულა. და ის მხოლოდ მშვიდობიანად შეიძლება მოგვარდეს. ომი გაანადგურებდა აზერბაიჯანის მომავალს და არავის მოუტანდა სარგებელს. ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების გზით უნდა ვიაროთ - რახან ამ ეტაპამდე მოვედით, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამ საკითხის მოგვარებას”.

არანაკლებ ოპტიმისტური და დიპლომატიური იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პასუხი ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის ბოლო შეკითხვაზე, რომელიც აზერბაიჯანში განთავსებულ გაბალის სადგურს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს, რომელიც ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას გეგმავს (რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად), მოსკოვმა ალტერნატივად შესთავაზა გაბალის რადარით სარგებლობა. ამ ინიციატივას სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა აშშ-დან, თუმცა დენიელ ფრიდმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაბალის რადარზე მოლაპარაკება კვლავაც გრძელდება: [დენიელ ფრიდის ხმა] “ეს საკითხი განიხილება. გვინდა რუსეთთან თანამშრომლობა. რუსეთის წინადადება საინტერესოდ მიგვაჩნია - ის ვერ ცვლის იმას, რის გაკეთებასაც ჩეხეთში ვაპირებთ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველა ეს იდეა - ამერიკელების იდეა პოლონეთსა და ჩეხეთში სისტემის განთავსების შესახებ, რუსების იდეა გაბალაზე და თვით რუსეთში, სამხრეთ რუსეთში განთავსებულ რადარზე, ევროპელთა პროექტები მოკლე და საშუალო რადიუსში მოქმედი რაკეტებისაგან თავდაცვის შესახებ - საუკეთესო შეთხვევაში, ყველა ეს იდეა უნდა გაერთიანდეს ფართომასშტაბიან სისტემაში, რომელიც ყველასთვის უზრუნველყოფდა შეძლებისდაგვარად საუკეთესო დაცვას”.
XS
SM
MD
LG