Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ქართველი, რომელმაც ყირგიზეთს თავსატეხი გაუჩინა?


ყირგიზეთში, თალასის პროვინციაში, დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დიდი მღელვარება გამოიწვია.

პროცესი, რომელსაც ეროვნებით ქართველი, ვინმე რონი გოგისვანიძე ხელმძღვანელობდა, უკიდურესად აღელვებული ხალხის მოთხოვნით შეჩერდა. ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გადათხრას უკანონოს უწოდებს ყირგიზეთის სამეცნიერო აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. ყირგიზეთში ეჭვი ეპარებათ არა მარტო გათხრების კანონიერებაში, არამედ ექსპედიციის ხელმძღვანელის აკადემიკოსობასთან დაკავშირებითაც. გოგისვანიძის აკადემიკოსობას ეჭვქვეშ აყენებენ თბილისშიც.

ადგილს, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ყირგიზეთში მანას-ორდოს უწოდებენ და წმინდა ადგილად მიაჩნიათ. ლეგენდა ირწმუნება, რომ რამდენიმე საუკუნის წინათ დროებით სწორედ ამ ადგილას იყო გაჩერებული მითიური გმირი მანასი. ჯგუფს, რომელსაც ქართველები ხელმძღვანელობდნენ, ასეთი მიზანი ჰქონდა:

(ჯაფარიძის ხმა) "ეს შენობა 3120 წლის წინათ არის აშენებული. მანასი აქ მთელ თავის სიმდიდრეს ინახავდა და ჩვენი მიზანია, შევაღწიოთ გვირაბში. ის გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 99-100 მეტრზე. როცა ჩვენ ამ გვირაბით დარბაზში შევალთ, იქ 3 კარი დაგვხვდება. იქ ინახება ძალიან ბევრი ძვირფასი და შეუფასებელი ნივთი. იქ დაახლოებით 4 ათასი ნივთია... ოქროს ნაკეთობები და სხვა ძალიან ძვირფასი ნივთები."

ამას ამბობს რომულ ჯაფარიძე, არქეოლოგიური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც მანას-ორდოს დარბაზში შეღწევას უკვე ვეღარ მოახერხებს. ექსპედიციის მიზნების შესახებ რადიო “თავისუფლებას” ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინათ ესაუბრებოდა. ამჟამად კი უცნობია მისი ზუსტი ადგილსამყოფელი... მანას-ორდოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების პროცესი ხალხის აქტიური მოთხოვნით შეჩერდა:

(უმეტალიევას ხმა) "საზოგადოებამ განგაში გამოაცხადა... იძულებული ვიყავით ხელმოწერები შეგვეგროვებინა, საპროტესტო აქციები თუ პრესკონფერენციები ჩაგვეტარებინა... საზოგადოების სახელით გავრცელდა არაერთი სპეციალური განცხადება. და, საბოლოოდ, პარლამენტისა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლების ჩარევის შედეგად, ჩვენ შევძელით ამ ვანდალიზმის აღკვეთა."

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე ტოკტაიმ უმეტალიევა უკვე დიდი ხანია სვამს კითხვას: ვინ მისცა ქართველების ჯგუფს ყირგიზების წმინდა ადგილის გადათხრის უფლება? ეს კითხვა მე-3 სექტორის წარმომადგენელს მას შემდეგ აწუხებს, რაც თავისი თვალით ნახა მანას-ორდოს, როგორც თავად ამბობს, აოხრებული ტერიტორია, მეტად აღშფოთდა და საპროტესტო წერილით პირდაპირ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს მიმართა. უმეტალიევა ამბობს, რომ უნიკალური ისტორიული ძეგლისთვის მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარით განისაზღვრება და, მიუხედავად იმისა, რომ გათხრები შეჩერდა, თვითმარქვია ქართველ არქეოლოგებს ხალხი ნამოქმედარს არ შეარჩენს. ხალხმა რისხვა ერთობ მოულოდნელი ხერხით უკვე გამოხატა:

(უმეტალიევას ხმა) "მათთვის ძალიან ცუდი შედეგი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენ ხალხს ტოლერანტობისკენ მოვუწოდეთ... საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას, თუმცა დაუსჯელად მათ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ... 8 აგვისტოს წმინდა ადგილზე დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაატარეს... ხალხმა ისინი, უბრალოდ, დაწყევლა."

ტოკტაიმ უმეტალიევა დარწმუნებულია, რომ არქეოლოგიურ ჯგუფს, რომელსაც ვინმე აკადემიკოსი რონი გოგისვანიძე ედგა სათავეში, ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მხოლოდ ზეპირი შეთანხმება აკავშირებდა და ჯგუფის სახელზე არავითარი წერილობითი უფლება არ იყო გაცემული. თუმცა რომულ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინათ საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა:

(ჯაფარიძის ხმა) "რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნებართვის გარეშე ჩვენ აქ არ შემოვსულვართ. რა თქმა უნდა, იყო ასეთი რეკომენდაციის წერილი მანას-ორდოს დირექტორის სახელზე. და მან ნებართვა მოგვცა ხელისუფლების დონეზე... ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე."

ჯაფარიძის სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებს უწყება, რომელსაც თავად ევალება არქეოლოგიური გათხრებისთვის ნებართვის გაცემა. რადიო “თავისუფლების" ყირგიზული სამსახური ყირგიზეთის კულტურის მინისტრს სულთან რაევს დაუკავშირდა:

(რაევის ხმა) "კულტურის სამინისტროს არ გაუცია ნებართვა გათხრების დასაწყებად მანას-ორდოს ტერიტორიაზე. სამინისტრომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება კომისიის დასკვნაზე."

კომისიის მუშაობის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის, რომ გათხრის პროცესი შეჩერდა, გარკვეული ვარაუდის საფუძველს ნამდვილად იძლევა.


დაბოლოს, იმ საკითხის შესახებ, რომელსაც ყირგიზეთის არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე დიდი კითხვის ნიშნებს უკავშირებენ - მართლაც აკადემიკოსია თუ არა ექსპედიციის ხელმძღვანელი რონი გოგისვანიძე? ამის გარკვევა რადიო “თავისუფლების" ყირგიზულმა სამსახურმა სცადა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორს ვაჟა კიკნაძეს დაუკავშირდა. მეცნიერმა ეჭვი გამოთქვა:

(კიკნაძის ხმა) "შემიძლია გითხრათ, რომ ოფიციალურად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის არც არქეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს, არც ჩვენთან და არც უნივერსიტეტში. ეს მისი აკადემია რაღაც კერძო აკადემიაა."

კიკნაძემ რადიო “თავისუფლებას" სხვა ინფორმაციაც მიაწოდა. კერძოდ, ის, რომ გოგისვანიძე საქართველოშიც ცდილობდა, რბილად რომ ითქვას, მეტად საეჭვო, არამეცნიერული გათხრების ჩატარებას. კიკნაძის ინფორმაციით, გოგისვანიძე აპირებდა გორთან ახლოს გაეთხარა რაღაც გაურკვეველი მითიური ქალაქები, რომლებიც წყაროებში საერთოდ არ არის მოხსენიებული.

გოგისვანიძის არქეოლოგიურმა გათხრებმა ყირგიზეთს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა. მიყენებული ზიანის გამო მანას-ორდო, შესაძლოა, ვერასოდეს მოხვდეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში. არადა, იუნესკოს ექსპერტები მანას-ორდოს 2006 წელს საგანგებოდ ესტუმრნენ. ძეგლის ბედი საერთაშორისო ექსპერტებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG