Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვა დღეს მთლიანად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება. ამ თემას მსოფლიო

პრესა ფართოდ გამოეხმაურა ამ კვირაში მას მერე, რაც წითელუბთან ჩამოვარდა მართვადი რაკეტა, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო.

ფინეთის გაზეთი "ჰუფვუდსტადსბლადეტი" მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ იგი წითელუბნის ინციდენტში ვითარების სახიფათო განვითარებას ხედავს.

"თბილისი ბრალს სდებს მოსკოვს მის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოგდებაში. ეს შემთხვევა ერთი რგოლია ინციდენტების ჯაჭვისა მრავალწლიან კონფლიქტში. რუსეთი გაღიზიანებულია, ვინაიდან საქართველო სულ უფრო მეტად იხრება დასავლეთისკენ. გარდა ამისა, დაძაბულობას განაპირობებს საქართველოს ორი რეგიონი - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას არჩევენ. უკანასკნელ ხანებში კონფლიქტის არსენალი შემოიფარგლებოდა სავაჭრო ბოიკოტით, ჯაშუშობაში ბრალდებებითა და წარმომადგენელთა ორმხრივი გაძევებით. საბრძოლო იარაღი კი უკვე აშკარად მიუთითებს ვითარების ესკალაციაზე."

ესტონეთის გაზეთი "პოსტიმეესი" 8 აგვისტოს ნომერში პარალელებს ავლებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შორის:
"თუკი სწორია ბრალდება, მაშინ ეს არაჩვეულებრივად აგრესიული აქტია, რომელიც უარეს შემთხვევაში ომში შეიძლება გადაიზარდოს. რუსეთი რომ საკუთარ სამხედრო საჰაერო ძალებს ვერ აკონტროლებს, ამაში ჩვენს რეგიონშიც არაერთხელ დავრწმუნდით. ვინაიდან რუსეთის თვითმფრინავები მრავალჯერ შემოვიდნენ ესტონეთისა თუ ფინეთის საჰაერო სივრცეში. 2005 წელს ლიტვაში რუსეთის გამანადგურებელი ჩამოვარდა კიდეც. მაშინ მოსკოვს ვერავითარმა თავის მართლებამ ვერ უშველა და იგი იძულებული იყო, ბოდიში მოეხადა. ამჯერად შეიძლება რუსეთი ან იმის ზონდირებას ცდილობს, სადამდე შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობაში შეტოპოს, ანდა - ისევე როგორც ლიტვის შემთხვევაში - რაღაც შეცდომა მოხდა. ორივე შემთხვევაში ურთიერთობები გართულდება", წინასწარმეტყველებს ესტონეთის გაზეთი "პოსტიმეესი".

გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი" 9 აგვისტოს ნომერში მომხდარის და, საერთოდ, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზს ხედავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პროდასავლურ მისწრაფებაში.

" უდაოა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ უკანასკნელი წლების მანძილზე სახიფათოდ იმატა, რის მიზეზიც არა მხოლოდ ისაა, რომ მოსკოვი დღემდე ვერ შეეგუა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დაკარგვას და რომ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მიზეზი საძიებელია იმ მიზანსწრაფვაშიც, რომლითაც სააკაშვილი წინ აღუდგება და ცდილობს, დასავლეთის - პირველ რიგში ამერიკის - აღიარებული მოკავშირე იყოს. მაგალითად, თბილისმა სულ რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, ერაყში თავისი ჯარისკაცების რიცხვი 850-დან 2000-მდე გაეზარდა."

ინციდენტის მიზეზების ახსნას ცდილობს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" 9 აგვისტოს ნომერში.

"საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით შესაძლოა, მოსკოვი იმედოვნებს, რომ აცდუნებს საქართველოს, თავადაც ძალით უპასუხოს უკვე დაძაბული რეგიონის სიახლოვეს. რეგიონში დამატებითი კონფლიქტის გაღვივება დასავლეთის მთავრობებს დააეჭვებს საქართველოს სტაბილურობაში და იმაში, ძალუძს თუ არა მას ნატოში გაწევრიანება, მაშინ, როცა ალიანსში წევრობა პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მაგრამ ჯერჯერობით ქართველები ბრძნულად მოიქცნენ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებითა და დიპლომატიური პროტესტების გაგზავნით შემოიფარგლნენ."

გაზეთი ასეთი ინციდენტების თავიდან აცილების გზას დასავლეთის მხრიდან მეტ მხარდაჭერაში ხედავს:
"შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დახმარება უნდა გაუწიონ საქართველოს, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში იქნეს განხილული. და თუკი ფაქტების სრული შემოწმების შემდეგ კვლავაც ნათელი იქნება, რომ რუსები არიან დამნაშავე, ნატოსკენ საქართველოს მისწრაფება არ უნდა დაბრკოლდეს. ამ ტიპის აგრესიის შეკავება სწორედ რომ არის ის, რისთვისაც შეიქმნა ნატო."

6 აგვისტოს ინციდენტის ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ზოგად ასპექტებს აშუქებს "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი" 10 აგვისტოს ნომერშიც. გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი მიხაელ ლუდვიგი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახსნას ეძებს, ერთი მხრივ, რუსეთის სურვილში - გავლენის სფეროები შეინარჩუნოს ყოფილ საბჭოთა სივრცეში და, მეორე მხრივ, საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი.

ავტორი წერს: "სააკაშვილმა, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე მოიპოვა წარმატება დაუმორჩილებელი აჭარის უკან დაბრუნებით, პირობა დადო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც დაიბრუნებს. მისი საგარეო პოლიტიკა ამ მიზანს დაექვემდებარა. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დარწმუნებულიყო რუსეთის ორმაგ თამაშში და გასულიყო ორი გაყინული კონფლიქტის მოგვარების ახალი ფორმატი - გაერთიანებული ერების ეგიდით და ახალი სამშვიდობო ძალებით. ამავე დროს თბილისმა დაიწყო დასავლეთში სწრაფი ინტეგრაციის პოლიტიკა. ამ სტრატეგიის მიზანია ნატოში და ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირში წევრობის მიღწევა. მაგრამ არც ნატოს და არც ევროკავშირს არ სურთ მიიღონ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. ამას ერთვის ისიც, რომ დრო არ ითმენს ნატოში გაწევრიანების საკითხის გათვალისწინებით. ვინაიდან აქამდე ალიანსში პირველ რიგში პრეზიდენტი ბუში და რესპუბლიკელები ემხრობოდნენ საქართველოს მიღებას. მაგრამ თბილისში პასუხი არა აქვთ შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა ამავე პოლიტიკურ ხაზს ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტი. ამასთან, როგორც ჩანს, დასავლეთში მზად არ არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს სურვილს კონფლიქტების მოგვარების ახალ ფომატების თაობაზე.
XS
SM
MD
LG