Accessibility links

logo-print

6 აგვისტოს დაბომბვა. როგორ უნდა დაიცვას საქართველომ თავი მომავალში?


6 აგვისტოს საავიაციო თავდასხმა საქართველოს

სიღრმეში, დედაქალაქიდან რამდენიმე ათულ კილომეტრში,
უმსხვერპლოდ დასრულდა, ოღონდ არა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებმაც ამ შემთხვევაშიც მხოლოდ დააფიქსირეს და ვერაფერი დაუპირისპირეს “დაუპატიჟებელ სტუმარს.” თუმცა საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ სულ მალე შეისყიდის ძვირად ღირებულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებსა და გამანადგურებელ ავიაციას, რომელიც მფრინავ ობიექტს საჰაერო საზღვრის გადაკვეთისთანავე გაანადგურებს, მაშინ როცა ექსპერტები უპირატესობას ანიჭებენ ერთიანი საჰაერო კონტროლის სისტემის შექმნას, სისტემისა, რომელიც ხილულს გახდის საქართველოს ცის ყველა მონაკვეთს დასავლელი მოკავშირეებისათვის.


მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადების ტექსტი გამოქვეყნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წესით, უნდა ნანობდეს, რომ 7 აგვისტოს რუსული წარმოების საავიაციო ბომბის ნამსხვრევებთან იდგა და არა რუსული სამხედრო თვითმფრინავისა. გაეროს უშიშროების საბჭო არ დააკმაყოფილა არც ქართული რადარების მონაცემებმა, არც გაუვნებელყოფილი საავიაციო ჭურვის წარმომავლობამ და ქართული ოფისისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. ეუთოსთვის ერთადერთი უტყუარი ნივთმტკიცებაა განადგურებული საჰაერო “მეკობრეები”, რომლებიც ბოლო ხანს ძალზე შეეჩვივნენ საქართველოს საჰაერო სივრცეს, - აცხადებს გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ეტყობა, მართლა უნდა ჩამოვარდეს ან ჩამოვაგდოთ ეს... ვერტმფრენია თუ თვითმფრინავი. თუმცა შეიძლება იმ მხარესაც ეს უნდა, რომ დაძაბოს სიტუაცია და რაღაც კონფლიქტში ჩაგვითრიოს, რასაც უნდა ვერიდოთ.”


11 მარტის ზემო აფხაზეთის დაბომბვა და 6 აგვისტოს ღრმა საავიაციო იერიში მართვადი რაკეტით ნამდვილი შეტევა იყო საქართველოს სუვერენიტეტზე. მაგრამ საქართველომ პირველ შემთხვევაში ვერ შეძლო საკუთარი სიმართლის დამტკიცება. გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა თაოსნობით ჩატარებული 4 თვიანი გამოძიება არასრულყოფილი იყო, - უთხრა რადიო “თავისუფლებას” საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურმა დირექტორმა დავით დონდუამ. რუსეთმა, რომლის ვერტმფრენები, აღჭურვილნი ღამის ხედვის მოწყობილობით, ბომბავდა ზემო აფხაზეთს 6 თვის წინ, ქართველი დიპლომატის თქმით, კარგ მეთოდს მიაგნო საკუთარი კვალის დასაფარავად:

[დავით დონდუას ხმა] “მაშინ, სამწუხაროდ, არ იყო სათანადო სიმწვავის რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ის გამოძიება, რომელიც ჩაატარეს გაეროს დავალებით გაეროს ექსპერტებმა, არ იყო სრულყოფილი, იმიტომ რომ რუსეთის მხარემ არ წარმოადგინა ის ინფორმაცია, რომელიც მას სთხოვეს.”

აქედან გამოდინარე, საქართველო, როგორც ჩანს, ვერც წითელუბნის ინციდენტის გამოძიებისას შეძლებს თავისი სიმართლის ბოლომდე დაცვას. რუსეთის გენერალიტეტი უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ 6 აგვისტოს დაბომბვა ინსცენირებული იყო, რომ რაკეტა საგანგებოდ ჩამარხეს მიწაში და მერე სწრაფად ააფეთქეს კვალის წაშლის მიზნით. გაერო ელოდება ეუთოს დასკვნას, ეუთოს დასკვნას კი ხელს არ აწერს რუსეთის სამშვიდობო ძალების საგამოძიებო ჯგუფი.
ამ ვითარებაში ღირსების მქონე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უკვე “სპორტული ინტერესი” ამოძრავებს, ერთადერთხელ მაინც იხილოს ჩამოგდებული “საჰაერო მეკობრის” დამსხვრეულ სხეულთან მდგარი თავისი ქვეყნის პრეზიდენტი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორი წლის წინ იმუქრებოდა, ცხვირში მოხვდება მუშტი, ვინც საქართველოს დაბომბვას მოინდომებსო, ამჯერად აცხადებს, რომ, პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ამის გაკეთება არ სურს:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “და იძახიან, რატომ არ ჩამოაგდო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის თვითმფრინავი. მე მინდა კატეგორიულად ვუთხრა ყველას: საქართველო არ იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაში. და ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებას. ჩვენი პოლიტიკური მიზანია რუსეთთან კარგი ურთიერთობა.”(სტილი დაცულია)

ვიმეორებთ, ორი წლით ადრე მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა განცხადებას აკეთებდა. იგი მუქარასა და რისხვას უთვლიდა ჩრდილოელ მეზობელს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ““რაღაცა დიდი ხანია აღარავინ ამბობს, რომ საქართველო უნდა დაბომბოს. აღარ გახსოვთ სამი-ოთხი წლის წინ, ეს იყო რუტინული განცხადებები დღეგამოშვებით. იცით რატომ აღარ ამბობენ? იმიტომ რომ, დაგვბომბავენ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ და კარგადაც მოხვდებათ ცხვირში.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ასეთ მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრის დრო არ არის. ნიშნის მოგებით არ საუბრობს არც სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ახალგაზრდა გენერალი ამირან სალუქვაძე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ჯარის ყველა სხვა სახეობის სარდალთან ერთად, 2005 წელს დაითხოვა. ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მოწინააღმდეგის განადგურება ყველაზე ბოლო და რადიკალური მეთოდია. გენერალმა დაწერა ნაშრომი “საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის სისტემაზე”, სადაც ასეთი ინციდენტების თავიდან აცილების ევროპულ გამოცდილებაზე საუბრობს:

[ამირან სალუქვაძის ხმა] “საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის სისტემა არის დასახვეწი. რომ, ვთქვათ, შემოფრინდა ვიღაცა, - რუსეთიდან იქნება თუ საიდან იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, - ეს უნდა იყოს ხილული მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ინფორმაცია დროის რეალურ მასშტაბში უნდა აისახოს ნატოს საკომანდო პუნქტზე. უნდა იყოს ხილული და უნდა იცოდეს, რომ თუ შემოფრინდება, ამას დაინახავს ყველა. ეს არის მთავარი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს წინა წლებში ჰქონდა მცდელობა ჩართულიყო ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მაშინ, ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო, ალიანსმა საქართველოს თხოვნა შორს დაიჭირა. 6 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ კი საქართველოს შეყვანას “უსაფრთხოების ქოლგის” ქვეშ ნატოს უკვე დასავლური მედიაც სთხოვს. "შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დახმარება უნდა გაუწიონ საქართველოს, რომ ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში იქნეს განხილული. და თუკი ფაქტების სრული შემოწმების შემდეგ კვლავაც ნათელი იქნება, რომ რუსები არიან დამნაშავე, ნატოსკენ საქართველოს მისწრაფება არ უნდა დაბრკოლდეს. ამ ტიპის აგრესიის შეკავებაა სწორედ ის, რისთვისაც შეიქმნა ნატო", - წერს 9 აგვისტოს “ვაშინგტონ პოსტი”.
XS
SM
MD
LG