Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 12 აგვისტო


70-იანი წლების მიწურულს საბჭოთა წიგნის მაღაზიებში

იტალიის კომპარტიის ფუძემდებლის ანტონიო გრამშის ნაშრომების სამტომეული გამოჩნდა. არადა, ეს არ იყო ახალი გამოცემა - სატიტულო ფურცელზე გარკვევით ეწერა გამოცემის თარიღი - 1959 წელი. გამოდის, რომ სამტომეული აქამდე სადღაც, საწყობებში ინახებოდა... გრამშიზე წერდნენ როგორც გამოჩენილ ”კრიტიკოს-მარქსისტზე“, „გმირზე, რომელიც ფაშისტების საპყრობილეში დაიღუპა“, უფრო მეტიც, 1952 წელს გამოცემულ დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში ანტონიო გრამში, რომელიც სტალინიზმის კრიტიკოსად არის ცნობილი, წარმოადგინეს როგორც „ლენინისა და სტალინის მოძღვრების მიმდევარი“... წარმოადგინეს, მისგან საკულტო ფიგურა შექმნეს, მაგრამ მისი ნაშრომების, პირველ რიგში კი, „საპყრობილის რვეულების“ დიდი ტირაჟით გამოცემას მოერიდნენ.

ანტონიო გრამშის მიმართ დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეცვლილა. თუკი დასავლეთში იტალიის კომპარტიის ფუძემდებელს პატივს სცემდნენ, მაგალითად, კონსერვატორული მიმართულების ფრანგი პუბლიცისტებიც კი, ჟურნალ „კოპერნიკის“ გარშემო გაერთიანებული ეგრეთ წოდებული „ახალი მემარჯვენეები“, პოსტკომუნისტურ საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში, გრამშიზე ისიც კი ქილიკობდა, ვისაც იტალიელი მოაზროვნის ნაშრომები არ ჰქონდა წაკითხული.

პუბლიცისტი და იტალიური ენისა და კულტურის სპეციალისტი ნოდარ ლადარია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გრამშის ბევრ რამეში შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ მისი კრიტიკა, როგორც წესი, მეტისმეტად ზედაპირულია ხოლმე:

[ნოდარ ლადარიას ხმა] „მარჯვენა მხრიდან კრიტიკა გრამშისა ძალიან ხშირად არის ზედაპირული და პრიმიტიული. გრამში არ იმსახურებს კრიტიკის იმ დონეს, რომელიც მას წილად ხვდა... ის ხსნის ბევრი იდეოლოგიური მექანიზმის მოქმედებას ისეთ დონეზე, რომელიც ხელს არ აძლევს ილუზიონისტს.“

ნოდარ ლადარიას თქმით, ქართული საზოგადოება დღეს სავსეა ასეთი „ილუზიონისტებით“, რომლებიც, შესაბამისად, ილუზიებსა და მითებს ამკვიდრებენ ხალხის ცნობიერებაში, საერთოდ, თანამედროვე ქართულ კულტურაში. ამიტომაც დაინტერესდა იგი გრამშის თხზულებებით და თარგმნა „საპყრობილის რვეულები“, რომლის გამოცემაზე ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ იზრუნა. მაინც ვინ იყო ანტონიო გრამში? ვეკითხებით ნოდარ ლადარიას... რით შევიდა იგი მეოცე საუკუნის ისტორიაში - როგორც იტალიელი კომუნისტი თუ როგორც დიდი მოაზროვნე?


[ნოდარ ლადარიას ხმა] „ იტალიური კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ანტონიო გრამში, რომელიც, ამავე დროს, იყო ფილოსოფოსი, სოციოლოგი... ძალიან ძნელია განმარტო, ვინ იყო კონკრეტულად. ეს ახასიათებთ იტალიელებს, ეს რენესანსული მუხტი, რომელსაც რაღაცნაირად ატარებდნენ - ყოველ შემთხვევაში, მეოცე საუკუნემდე მაინც. ეს იყო კაცი, რომელიც ასე შეიძლება მოვნათლოთ: „განათლებული და ჭკვიანი კაცი“.

„საპყრობილის რვეულების“ ქართული გამოცემა სრული არ იქნება. მთარგმნელმა თავად აირჩია ტექსტები და ჩვენთან საუბარში ასე ახსნა თავისი არჩევანი:

[ნოდარ ლადარიას ხმა] „წერდა საპყრობილეში მეხსიერებით, ამიტომ ტექსტი არის საშინელი იმ თვალსაზრისით, რომ არის ძალიან დიდი, არის მასში ბევრი განმეორებები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე - აღწერილია შემთხვევები, როცა ჩამოვარდა ლოგინიდან და დამოუკიდებლად ვეღარ დგებოდა - და დაწერა სამი ვეებერთელა ტომი. მაგრამ აზრი არა აქვს ყველაფრის თარგმნას, უნდა მოხდეს ძირითადი თემების ამოღება ამ ძალიან ნედლი ტექსტიდან და ერთგვარი ნაკრების შექმნა.“(სტილი დაცულია)

ნოდარ ლადარიას ვკითხეთ, კონკრეტულად რაში დაეხმარება ქართველ მკითხველს ეს წიგნი. გავახსენეთ, რომ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დახმარებით ქართულად გამოცემული დასავლელი ფილოსოფოსების, სოციოლოგების, პოლიტიკოსების ტექსტები, როგორც წესი, სპეციალისტებისთვის ვრცელდება და ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელია... არადა, ანტონიო გრამში თავად ებრძოდა კულტურას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მცირე ჯგუფებისთვის იქნებოდა განკუთვნილი:


[ნოდარ ლადარიას ხმა] ”სწორედ იმის გამო, რომ იგი არის უაღრესად ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად მრავალსიტყვაობისა, ყოველთვის შეუძლია აზრის გამჭვირვალედ გამოთქმა და ამაში იტალიელები ანგლოსაქსებს ჰგვანან (შესაძლებელია ამიტომაც არსებობს შეერთებულ შტატებში ორი მაფია - ერთი ირლანდიური და მეორე იტალიური)... გრამშის აქვს უნარი არასოდეს, ყველაზე რთული საკითხების, ყველაზე აბსტრაქტული საკითხების გადაწყვეტისას არ დაკარგოს საღი აზრი. ის იძლევა კარგ მაგალითს, რომელიც შეიძლება ადამიანისთვის სასარგებლო იყოს, მიუხედავად იმისა, ეს კონკრეტული თემა აინტერესებს თუ არა.“(სტილი დაცულია)

ანტონიო გრამში არა მარტო კულტურის, არამედ კულტურის მოღვაწეთა გამორჩეულობის, ხალხისგან მათი გამიჯვნის წინააღმდეგი იყო. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იტალიელ ინტელექტუალებს ელიტარულობაში დასდო ბრალი:


[ნოდარ ლადარიას ხმა] „სიტყვა „ინტელიგენცია“ არც ერთხელ არ გამომიყენებია თარგმანში, ყველგან ვწერ „ინტელექტუალები“, რადგან ესაა ზუსტი თარგმანი ამ იტალიური ტერმინისა, მაგრამ როცა ის ლაპარაკობს „ორგანულ ინტელექტუალებზე“... აღმოჩნდა, რომ ეს ცნება ნაყოფიერია... იდეა ასეთია: როდესაც რაღაც სოციალური ჯგუფი მიდის, აღარ მართავს, მას მიჰყვება მისი ორგანული ინტელექტუალებიც, რომლებიც ცდილობენ თავიანთი აგონიის მომენტში მოგვახვიონ თავს აზრი, რომ მთელი ქვეყანა ინგრევა, სინამდვილეში ინგრევა მხოლოდ მათი პირადი, ჯგუფური არსებობა.“(სტილი დაცულია)

პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას ასეთმა კომენტარმა, ბუნებრივია, გაგვახსენა სკანდალი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ერთ სიტყვას მოჰყვა... არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა ქართული ინტელიგენციის ერთ ნაწილს „ჩასარეცხები“ უწოდა. ჩვენი საუბრის მიწურულს ნოდარ ლადარიამ ასე შეაფასა პრეზიდენტის ეს გამოსვლა:

[ნოდარ ლადარიას ხმა] „შესაძლოა, სიტყვა „ჩარეცხვა“ ამ თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ნათქვამია, მაგრამ ძლიერია და მხოლოდ ძლიერი. მეტი არაფერი - „მცდარობას“ ვერ დავწამებთ.“



  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG