Accessibility links

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა - როგორ აღნიშნავენ ამ თარიღს თბილისსა და სოხუმში?


14 აგვისტოს 15 წელი სრულდება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან.

ამ თარიღის აღსანიშნავად, თბილისის მსგავსად, ემზადებიან სოხუმშიც, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებულია ღონისძიებათა როგორც ფორმა, ასევე შინაარსი. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ აღნიშნავს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს.

1992 წლის 14 აგვისტო - საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო დღე - ახსოვთ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 14 წლის შემდეგაც ქართველები და აფხაზები, შერიგების ნაცვლად, ამ ტრაგიკულ თარიღს ცალ-ცალკე აღნიშნავენ. გარდა ამისა, განსხვავებულია ღონისძიებათა როგორც ფორმა, ასევე შინაარსი. კერძოდ, ენგურსგაღმა მცხოვრები ახალგაზრდები ომის დაწყების 15 წლისთავს აღნიშნავენ სამგლოვიარო მსვლელობით, რომელიც 13 აგვისტოს ენგურის ხიდიდან დაიწყო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, სამგლოვიარო მსვლელობაში 50-მდე სტუდენტი მონაწილეობს:

[აქციის მონაწილის ხმა] „ამ მსვლელობით პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც გაიარა ეს გზა და დაიცვა საკუთარი სამშობლო მტრის ხელყოფისაგან, თავი გაწირა, რათა ასე შესანიშნავად გვეცხოვრა და სიხარული მიგვეღო ყოველი დღისგან.”

წინასწარი ინფორმაციით, სამგლოვიარო მსვლელობა, რომელსაც გუდაუთელი და გაგრელი ახალგაზრდებიც შეუერთდებიან, 14 აგვისტოს სოხუმში, მინისტრთა საბჭოს დამწვარ შენობასთან, დასრულდება, უფრო ზუსტად, შეუერთდება მიტინგს, რომელიც ომის დაწყების 15 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაც მიიღებს. მათ შორის იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც. რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თვითაღიარებული რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა ის მიზეზი დაასახელა, რომელიც ომის დროს მიღებული ჭრილობების შეხორცებას უშლის ხელს:

[სერგეი შამბას ხმა] „ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის შედეგების დასაძლევად და ხალხთა შორის ურთიერთობის შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ისინი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებენ და ამის შედეგად გვაქვს ის ანტაგონიზმი, რომელიც დღეს არსებობს.“

სეპარატისტებისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყების 15 წლისთავის აღნიშვნა შედარებით ადრე დაიწყო. 12 აგვისტოს ზემო აფხაზეთში დევნილმა მთავრობამ ფეხბურთში აფხაზეთის თასი გაათამაშა, 14 აგვისტოს კი, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი ამბობს, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე განმუხურის ბანაკში ახალგაზრდა პატრიოტთა ლიდერები შეიკრიბებიან და შერიგების თემაზე სპექტაკლს დადგამენ:

[ლადო ვარძელაშვილის ხმა] „ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა იმ ადამიანებისა, ვინც მაშინ საქართველოს მართავდა და ვინც ეს კონფლიქტი დაიწყო. შეიძლებოდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ახალგაზრდებმა, ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და მშვიდობიანად მოგვარდეს ეს ტერიტორიული კონფლიქტები.“

ომის დაწყების 15 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „ჩვენ თვითონ“ - ასე ჰქვია პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის წევრები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს 14 აგვისტოს, გამთენიისას, გვირგვნით შეამკობენ, მოგვიანებით კი პარლამენტის შენობის წინ მიტინგსაც გამართავენ. მოძრაობის ლიდერის პაატა დავითაიას კომენტარი:

[პაატა დავითაიას ხმა] „ჩვენ ვანახვებთ მთელ მსოფლიოს, რომ სეპარატიზმი არ გავა. იმიტომ ვცდილობთ მოსახლეობის შეკრებას, რომ ვანახვოთ მთელ მსოფლიოს, რომ მოსახლეობა ვართ ჩვენ, ვინც იქ ვცხოვრობდით, რომ ამდენი ათასი ადამიანი არის დევნილი და რომ არ შევეგუებით იმას, რაც მოხდა. ეს არის იდეოლოგიური ომი.“




XS
SM
MD
LG