Accessibility links

რა მოხდა ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში?


გუშინ, 13 აგვისტოს, გვიან ღამით, ხმაური იყო ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ხმაურის მიზეზად კი ის არეულობა იქცა,

რომელიც არასრულწლოვან პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებიდან დაიწყო. ამას კი სასჯელთაღსრულების დაწესებულების ეზოში სპეცრაზმის გამოჩენა მოჰყვა. თუმცა ვითარების სტაბილიზება სპეცრაზმის ჩარევის გარეშე მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს 12-მა მსჯავრდებულმა სხეული განზრახ დაიზიანა. ისინი უმალვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში არეულობის დროს დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს პატიმრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. 12-მა მსჯავრდებულმა კი სპეცრაზმის გამოჩენისას საკუთარი ხელით მიიყენა ზიანი.

[ისმის პატიმართა ხმა] ”... ბავშვმა ვენები გადაიჭრა, ცუდადაა, მალე უშველეთ...”

ასეთი შეძახილები ისმოდა ავჭალის კოლონიის საკნებიდან, პატიმართა მშობლების მისამართით - მშობლებისა, რომლებიც ციხეში არეულობის დაწყებისთანავე კოლონიის ეზოსთან შეკრებილიყვნენ. მშობლები ემოციებს ვერ ფარავდნენ და აგრესიას ავლენდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისა და პერსონალის მიმართ. დაშავებულ პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მაინც მოხერხდა. 12 მსჯავრდებულს ხელებზე ჭრილობები ჰქონდა, არც ერთ მათგანს ძირითადი არტერია არ დაზიანებია. რა გახდა არასრულწლოვან პატიმართა ასეთი ნაბიჯის მიზეზი? სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის, სალომე მახარაძის, ოფიციალური პოზიცია ასეთია:

[სალომე მახარაძის ხმა] ”რამდენიმე ბავშვს შორის იყო შელაპარაკება...
... ყვირილი გადაედო სხვა ბავშვებსაც და უცებ ყველამ დაიწყო ყვირილი.”(სტილი დაცულია)

სასჯელთაღსრულების დეპარტამენტმა ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელა. თუმცა მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია აქვთ პატიმართა მშობლებს. ერთ-ერთი მათგანის მოსაზრება:

[მშობლის ხმა] „უფროსთან ჰქონდათ დაპირისპირება, რატომ და რა მიზეზით, არ ვიცით.”

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის აზრით კი, არასრულწლოვანთა კოლონიაში მომხდარი ინციდენტი იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების ბრალია. მისი განცხადებით, 60 მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ ციხეში 300-ზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს.

ამჟამად კოლონიაში სტაბილური ვითარებაა. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიგა გიორგაძე:

[გიგა გიორგაძის ხმა] ”ჩემი აზრით, არ შეიძლება ეს ბუნტად აღვიქვათ, იმიტომ რომ ამ წუთში პატიმრები დაწყნარებულები არიან.”

თუ კოლონიის შიგნით არეულობა შეწყდა, ის კვლავ გრძელდება გარეთ. შვილების მდგომარეობით შეწუხებული მშობლები პატიმრების შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ და, მსჯავრდებულებთან შეხვედრის მიზნით, გზის გადაკეტვაც კი სცადეს. ამ დროს მათსა და საპატრულო პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

[ხმაური]

[მშობლის ხმა] ”ჩემი შვილი მაჩვენონ, მკვდარია თუ ცოცხალი, მეტს არ მოვითხოვ ჯერჯერობით.”

ამ მოთხოვნას სასჯელთაღსრულების დეპარტამენტი ვერ ასრულებს. სალომე მახარაძის განცხადებით, ყველა პატიმრის მშობლის ციხეში ერთდროულად შესვლა შეუძლებელია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ასამდე არასრულწლოვანი პატიმარი რუსთავის მეორე საპყრობილეში გადაიყვანეს. სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, მომხდარი ინციდენტის დეტალებს შემდგომი გამოძიება დაადგენს. გამოძიებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც, რომლებიც სპეცრაზმის გამოძახების კანონიერების გარკვევას ცდილობენ და არასრულწლოვანთა კოლონიაში დანებისა და სხვა იარაღების აღმოჩენის გამო დაწესებულების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ.
XS
SM
MD
LG