Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მთავარი სტრატეგი თეთრ სახლს ტოვებს


13 აგვისტოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა კარლ როუვმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს თეთრ სახლს დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლ როუვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მთავარი პოლიტიკური სტრატეგის გადადგომა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ მოვლენად იქცა.

კარლ როუვი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკური გუნდის ყველაზე სტაჟიანი წევრი გახლავთ. იგი 1994 წლიდან ედგა გვერდში ჯორჯ ბუშს და ეხმარებოდა ტეხასის შტატის მართვაში. 2000 წელს როუვი, რომელსაც ჯორჯ ბუშის “ტვინს” უწოდებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ლიდერის გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრციის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად იქცა. როდესაც 2004 წელს მეორედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯორჯ ბუშმა ასე დაახასიათა თავისი მრჩეველი:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “არქიტექტორი - კარლ როუვი!”

აი, როგორ ახასიათებდა პრეზიდენტ ბუშის მთავარ პოლიტტექნოლოგს ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის ექსპერტი პატრიკ ბეიშემი რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში:

[ პატრიკ ბეიშემის ხმა] “მე დავახასიათებდი კარლ როუვს როგორც შეერთებული შტატების ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პოლიტიკურ სტრატეგს. მას განუზომლად დიდი გავლენა ჰქონდა თეთრ სახლში, რადგან კარგად გრძნობდა ელექტორატის განწყობას და ფლობდა უნარს, დაერწმუნებინა ელექტორატი, მხარი დაეჭირათ თუ დაპირისპირებოდნენ კონკრეტულ პოლიტიკასა თუ კანდიდატს.”

თუმცა მოგვიანებით როუვმა, როგორც ჩანს, ეს უნარი დაკარგა.

ბუშის მიმართ ნდობის რეიტინგი სულ უფრო ქვევით ეშვებოდა - განსაკუთრებით ერაყის სამხედრო კამპანიის გამო. ბოლო ხანს კარლ როუვის სახელი დაუკავშირდა რამდენიმე გახმაურებულ სკანდალს. პირველად საქმე ეხებოდა სპეცსამსახურის აგენტის ვალერია პლეიმის ვინაობის გამხელას, მეორედ კი - თეთრი სახლის იმ გეგმის გამჟღავნებას, რომელიც 100 პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებში წმენდის დაწყებას ისახავდა მიზნად. თუმცა კარლ როუვის ავტორიტეტისთვის არც ერთ ამ სკანდალს დიდი ზიანი არ მიუყენებია, რადგან თეთრი სახლი ბოლომდე უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ პოლიტტექნოლოგს. მიუხედავად ამისა, კარლ როუვმა წასვლა გადაწყვიტა. “გადადგომის შემდეგ უფრო მეტ დროს დავუთმობ ოჯახსო”, - უთხრა კარლ როუვმა “უოლ სთრით ჯოურნალს” და გამოთქვა რწმენა, რომ დროთა განმავლობაში საქმე ერაყში “კარგად წავა”.
XS
SM
MD
LG