Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს ბიზნესის წარმოების თავისუფლებაზე ”გამოსახლების” გახშირებული ფაქტები


ბოლო ერთი თვის მანძილზე თბილისში რამდენიმე პრივატიზებული თუ პრივატიზაციისთვის განკუთვნილი შენობიდან მოიჯარეების იძულებით გამოსახლების რამდენიმე ფაქტი მოხდა.

ხელისუფლებამ ასეთი ქმედების მიზეზად სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი და ინვესტიციების მოზიდვის სურვილი დაასახელა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ შენობების კანონის დარღვევით, იძულებითი წესით დაცარიელება ბიზნესის განვითარებას ვერ წაადგება. რა გავლენას ახდენს ბიზნესის წარმოების თავისუფლებაზე ”გამოსახლების” გახშირებული ფაქტები?

ბოლო ერთი თვის მანძილზე თბილისის ცენტრალური სუპერმარკეტი, ეგრეთ წოდებული ”დეზერტირების ბაზარი”, რუსთაველის 30 ნომერი - იუსტიციის სამინისტროს შენობა და კოსტავას 14 ნომერი - გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა მოულოდნელად და პოლიციის ძალით დაატოვებინეს შენობის მოიჯარეებს თუ იქ მომუშავე მოქალაქეებს.

ამ შენობებს ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო, გარდა მოიჯარეების გამოსახლების ფორმისა. როგორც ბაზრის დაცარიელება, ასევე ”სონიცენტრისა” და გამომცემლობა ”სამშობლოდან” უამრავი რედაქციის გამოსახლება ერთი ფორმით - პოლიციის ძალის გამოყენებით -განხორციელდა. ბოლო ასეთი ფაქტი, გამომცემლობა ”სამშობლოდან” მოიჯარეების გამოსახლება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურისტმა თინა ხიდაშელმა, შეაფასა:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”როდესაც, აი, ასე უხეშად ხდება ქონებასთან გამკლავება, ბუნებრივად ჩნდება ეჭვები, რომ იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

არადა, საქართველო გასულ წელს მსოფლიო ბანკმა საუკეთესო რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად გამოაცხადა. ექსპერტთა ნაწილი - მათ შორისაა ნიკო ორველაშვილი - ფიქრობს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების თავისუფლების ხარისხი, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო უარესდება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”აი, ამ ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფომ აჩვენა, რომ მისგან დამოუკიდებელი ბიზნესი მტრული წარმონაქმნია.”


ხელისუფლების მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯების ახსნა მთავრობის თითქმის არც ერთ წარმომადგენელს არ უცდია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიმდინარე პროცესებს მხოლოდ სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება უწოდა. სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსმა ილია გოცირიძემ, გამომცემლობა ”სამშობლოს” შემთხვევაში, ცალკეული კონკრეტული ფირმების საიჯარო ხელშეკრულებების ვადებთან დაკავშირებული პრობლემები მოიშველია და შენობების საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შეტანის სურვილი მოიმიზეზა:

[ილია გოცირიძის ხმა] ”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ ფართში არის განთავსებული უკანონოდ 90-მდე ორგანიზაცია. აქ არაა ლაპარაკი სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდაზე, ისინი კომუნალურ გადასახადებსაც კი არ იხდიან.”

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად კანონით გათვალისწინებული მეთოდები არსებობს და არა გამოსახლება. ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ სხვადასხვა მეწარმეებისგან სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების გათავისუფლება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა ხორციელდებოდეს:

[პაატა შეშელიძის ხმა] ”ეს შეიძლება, ალბათ, ჩარჩოში ჩაჯდეს და არ დააზიანოს დამოკიდებულება ქვეყნის, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, მიმართ. ზოგადი შეფასება ჩემი არის ასეთი, რომ ფონს ნეგატიურს ქმნის.”


XS
SM
MD
LG