Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ტერორისტულის კვალიფიკაციას აძლევს ირანის რევოლუციის დაცვის კორპუსს?


ირანის რეჟიმის მიმართ ვაშინგტონის კონფრონტაციული დამოკიდებულება ახალ ფაზაში შედის.

თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, წამყვანმა ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია აპირებს უცხოური ტერორისტული დაჯგუფების კვალიფიკაცია მისცეს ირანის ისლამისტური რევოლუციის დაცვის კორპუსს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდება შეტანილი სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო სტრუქტურა. რამ გამოიწვია ასეთი ნაბიჯის გადადგმა და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ღიად დაადანაშაულა ირანი ერაყელი და ავღანელი მეამბოხეების შეიარაღებასა და ბირთვული იარაღის პროგრამაზე საიდუმლო მუშაობის გაგრძელებაში. გასულ კვირაში ვაშინგტონში ჯორჯ ბუშმა ირანის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატების ელჩს ერაყში რაიან კროკერს ვთხოვე შეხვედროდა ირანელებს ერაყის ტერიტორიაზე, გახლდათ ის, რომ გადაეცა მათთვის, რომ მოეკითხებათ იმ შეიარაღებული პირების, მძიმე ასაფეთქებელი აღჭურვილობისა და ამფეთქებლების შეგზავნისათვის, რომლებიც ერაყში ამერიკელებს ხოცავენ.”

ამჯერად შეერთებული შტატები აპირებს კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯი გადადგას ირანის მიმართ. ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ამერიკული მედია იტყობინება, რომ ვაშინგტონი აპირებს ტერორისტული ორგანიზაციების “შავ სიაში” შეიყვანოს ისლამისტური რევოლუციის დამცველთა კორპუსი. ეს გასამხედროებული დანაყოფი ისლამისტური რევოლუციის დღეს 1979 წელს ჩამოყალიბდა და დროთა განმავლობაში ფესვი მთელ სამხედრო სისტემაში გაიდგა. რევოლუციის დამცველთა კორპუსი ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ ალმადინეჟადის ძალაუფლების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს და მისი სავარაუდო რაოდენობა 125 ათას კაცს შეადგენს. აი, როგორ ახასიათებს ირანის რევოლუციურ გვარდიას ამერიკაში მცხოვრები მოჰსენ საზგარა, რომელიც თავის დროზე ამ გვარდიის წევრი გახლდათ:

[მოჰსენ საზგარას ხმა] “რევოლუციის დამცველთა კორპუსი დღეს ძალიან უცნაური ორგანიზაციაა. როდესაც შეიქმნა, მაშინ იგი, უბრალოდ, ხალხის არმია იყო, რომელსაც ქვეყანა უნდა დაეცვა. თუმცა ეს არ არის კლასიკური არმია. მას რამდენიმე სხვა ფუნქცია აქვს. მაგალითად, მისი ერთი “ბასიჯის “დანაყოფი წარმოადგენს ერთგვარ მილიციას, რომელიც ებრძვის დემონსტრანტებს და გამოიყენება ირანელი ხალხის დასაშინებლად. ხოლო რევოლუციური გვარდიის სახელგანთქმული ყუდსის დანაყოფი, ფიქრობენ, გამოიყენება, როგორც ტერორისტული ძალა, საგარეო ოპერაციებში: ერაყში, ავღანეთში, ლიბანსა და პალესტინაში.”

მაგრამ რატომ გახდა საჭირო ირანის რევოლუციის დაცვის კორპუსის წინააღმდეგ მოქმედება დღეს?

გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” თანახმად, ამას, შესაძლოა, ჰქონდეს რამდენიმე მოტივი. ირანის დამცველთა კორპუსის ტერორისტთა სიაში შეტანით ვაშინგტონი შემდგომში შეეცდება გააგრძელოს ზეწოლა თავის ევროპელ მოკავშირეებზე, რათა დაუბრუნდნენ მკაცრი ეკონომიკური სანქციების საკითხის განხილვას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს კედლებში წინააღმდეგობას წააწყდა. რევოლუციური კორპუსის ტერორისტულად კვალიფიცირების შემდეგ, შეერთებული შტატები შეეცდება დაბლოკოს ევროპაში მისი ფინანსური ანგარიშები და სხვა აქტივები.


ლონდონში მცხოვრებმა ირანელმა ჟურნალისტმა ალირეზა ნოურიზადეჰმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ირანის რევოლუციის კორპუსის ანგარიშებისა და აქტივების დასაყადაღებლად ვაშინგტონს დიდი ძალისხმევა დასჭირდება:

[ალირეზა ნოურიზადეჰის ხმა] “რევოლუციური კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეტანა განსახორციელებლად ძალიან პრობლემატური იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე. ეს სამომავლოდ, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ კომპანიებმა, რომლებსაც რევოლუციური გვარდია ევროპასა და დუბაიში ფლობს, იოლად ვეღარ უნდა შეძლონ განაგრძონ ეკონომიკური და სხვა სახის საქმიანობა.”

ამერიკული მედიის თანახმად, ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის შეტანას თვის ბოლომდე გეგმავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციათა სიაში აღმოჩნდება შეტანილი სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო სტრუქტურა. მაგრამ არც იმას გამორიცხავენ, რომ საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდოს ან დღის წესრიგიდან მოიხსნას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG