Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა კავშირის დროს გაყოფილი მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი დღევანდელობა


90 წლიანი განხეთქილების შემდეგ, სამი თვის წინ,

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორი ნაწილი გაერთიანდა. ეს ოფიციალური აქტი იყო. 1917 წელს, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის მაშინდელმა პატრიარქმა სერგეიმ კომუნისტური ხელისულების მიმართ ლოიალობა გამოხატა, რის გამოც თანამოძმეთა ნაწილი განუდგა. გამოყოფილმა ეკლესიამ ბინა სტავროპოლში დაიდო. ეს არეალი სამოქალაქო ომის დროს თეთრების ხელში იყო. როცა რეგიონი წითელმა არმიამ დაიკავა, რუსეთის ეკლესიის ეს ფლანგი ოსმალეთში გადავიდა, შემდეგ კი - სერბიაში, სანამ სრულიად გაეთიშებოდა რუსეთში მართლმადიდებელ ეკლესიას და, საბოლოოდ, ნიუ-იორკში დაფუძნდებოდა, საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელწოდებით. მაისში ორი ეკლესია შერიგდა. ამასთან დაკავშირებით სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი, რომელიც რუსეთის ეკლესიის უცხოეთთან ურთიერთობას განაგებს, ამბობს:

(კირილის ხმა)
“რასაც ვვარაუდობდით, გამართლდა: იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიის არც ერთ ნაწილს არასოდეს უთქვამს უარი თავის რწმენაზე, იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიის არც ერთ ნაწილს არასოდეს უთქვამს უარი ცხოვრების მართლმადიდებლურ წესზე, მართლმადიდებლურ აზროვნებაზე, როცა, კეთილგანწყობილნი, დავსხედით ერთად, ერთმანეთის წინ, და დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, რაც გვაშორებდა, გაირკვა, რომ თანამოაზრენი ვართ.”
ის, რაც რუსეთის შემთხვევაში მოხდა, გაერთიანება ეკლესიის ორი ნაწილისა, ეკლესიის ისტორიის მკვლევრის იაკოვ კროტოვისთვის არ არის რელიგიური ფაქტორით განპირობებული - მისი აზრით, ეს პოლიტიკაა და, ამდენად, სკეპტიკურად არის განწყობილი გაერთიანების წარმატების მიმართ:

(კროტოვის ხმა)
“კირილის სიტყვა, ჩემი აზრით, კრემლის პოლიტიკის გამართლებას ემსახურება, რადგან გაერთიანებიდან მეოთხე თვეში ჩანს, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გაზაფხულზე გამოცხადდა.”

კროტოვი ამბობს, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან ემხრობოდა გაერთიანებას და როცა მაისში ცერემონია შედგა, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მასში. პუტინის ამ მხარდაჭერას რუსეთში ზოგი მიესალმა, სხვები კი ფიქრობენ, რომ პუტინი ეროვნული გრძნობების გაღვივებას უწყობს ხელს:

(კროტოვის ხმა)
“ეს გაერთიანება უფრო საერო აქტია, ვიდრე რელიგიური, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, რადგან კრემლის მხრივ ( კირილი კი პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკურ ხაზს წარმოადგენს), გაერთიანება უფრო მცდელობაა დიდი რუსეთის შექმნისა, რუსეთისა, როგორც საერთაშორისო იმპერიის, რომელიც რუსებს აერთიანებს ყველგან.”

რუსეთში ბოლშევიკების გაბატონებას მოჰყვა საქართველოს გასაბჭოებაც 1921 წელს, რის გამოც საქართველოს მაშინდელი მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, საფრანგეთში. მაშინ უცხოეთში ქართველებმაც დააარსეს ეკლესია. პარიზში დღესაც მოქმედებს წმინდა ნინოს ქართული ეკლესია, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარება. პარიზის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფილი არასოდეს ყოფილაო, გვითხრა სატელეფონო საუბრისას ამ ეკლესიის მღვდელმა, მამა არჩილმა. მისივე თქმით, ევროპაში ეკლესიის დაფუძნება ტერიტორიული დაშორებით იყო განსაზღვრული, გეოგრაფიული პრინციპით, და არა ქართველების გაყოფით:

(არჩილის ხმა)
“ჩვენი ეკლესია როცა დაარსდა, მაშინ ერთი კანონისტი გვყავდა, იურისტი ილამაზ დადეშქელიანი, რომელმაც წესდება გააკეთა და მოიფიქრა: რახან ევროპაში არ არის იურისდიქცია მართლმადიდებლური, მაშინ უნდა უპირატეს პატრიარქს დავემორჩილოთო, ესე იგი, კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ამიტომაც ასე გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენ გაყოფილები არა ვართ, საქართველოს ეკლესიასთან არაფერი წინააღმდეგობა არა გვაქვს.”(სტილი დაცულია)

მაშინ ქართველობამ მართლმადიდებლური კანონის მიხედვით იმოქმედაო, განგვიმარტავს მამა არჩილი:

(არჩილის ხმა)
“ეგეთია, წესით, მართლმადიდებლური კანონი და სხვები არაკანონიერად იქცევიან, როდესაც ეროვნებებს უპირატესობას აძლევენ ეკლესიაში. ეს უკვე მწვალებლობაა... მეცხრამეტე საუკუნეში დაგმეს ეს. დღეს, სამწუხაროდ, ურევენ პატრიოტიზმს და რელიგიურ გრძნობებს და ხალხი არ ერკვევა ბოლომდე ამაში.” (სტილი დაცულია)


იმ დღეს, როცა ჩვენ მამა არჩილს ვესაუბრეთ, ის ლევილში იყო, ქართველთა მამულში, საფრანგეთში, სადაც ზაფხულობით ტარდება ხოლმე ღვთისმსახურება. ამ დღეს, 15 აგვისტოს, საფრანგეთში მყოფი ქართველები, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ქრისტიანები, მათ შორის, საბერძნეთისა, მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავენ. საკუთრივ საქართველოში, სადაც ეკლესია ისტორიული კალენდრით სარგებლობს, ეს დღე აგვისტოს ბოლოს აღინიშნება. სულ მცირე, ეს სხვაობა უნდა იყოს საქართველოს ეკლესიასა და საფრანგეთის მორწმუნე ქართველობას შორის. მამა არჩილი განმარტავს, ეს უფრო ასტრონომიული საკითხია, რასაც სარწმუნოებაში ურევენ ხოლმეო:

(არჩილის ხმა)
“ ეს უფრო ასტრონომიული საკითხებია - კალენდრის ამბები.
ეს არ არის სარწმუნოების საკითხი, ამას ურევენ ხოლმე. ჰგონიათ, სარწმუნოება არის კალენდარი. არსებითად იგივე კალენდარი გვაქვს, მაგრამ გასწორებულია ასტრონომიულად.”(სტილი დაცულია)


თუმცა აღდგომასთან დაკავშირებით პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელი მამა არჩილი ამბობს, ამ დღეს მართლმადიდებლები ერთად უნდა აღნიშნავდნენო. ისე, საერთოდ, თავიდან ახალ სტილზე ვიყავითო:

(არჩილის ხმა)
“ყველა მართლმადიდებელი ერთად ზეიმობს, რომ ერთად იყვნენ და ეს ცოტა რთული საკითხია. მართლმადიდებლებმა ეს ერთად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ როგორც მივიღეთ ეკლესია, ისე ვაგრძელებთ. ისე, თავიდან ახალ სტილზე ვიყავით...”(სტილი დაცულია)

კვლავ რუსეთის ეკლესიას მივუბრუნდეთ. სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საკითხებს განაგებს, ფიქრობს, რომ გარკვეული ჩვევები, რაც უცხოეთში მოქმედ რუსულ ეკლესიას გაუჩნდა, ძნელი დასაძლევია:

(კირილის ხმა)
“ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველას არ შეუძლია უარი თქვას წეს-ჩვეულებაზე, რომელსაც მიეჩვია. არ არის იოლი უარის თქმა იმ სტრუქტურებზე, რომლებიც ჩამოყალიბდა და რომლებმაც თავისი ეფექტიანობა აჩვენეს ცხოვრებაში. საკითხი ასეც კი დგას: საჭირო კია ამ ყველაფრის შეცვლა? მაგრამ მაინც არის საკითხები, რომელთა გაერთმნიშვნელიანება უნდა მოხდეს. ამიტომ დავთქვით ხუთი წელიწადი, რომელსაც ტრანსფორმაციის პერიოდი ვუწოდეთ.”

მიტროპილიტი კირილი ის კაცია, რომელმაც “სერიოზული დიალოგისკენ” მოუწოდა რუსეთის 20 ცნობილ სწავლულს, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებს, რომლებმაც რუსეთის საზოგადოებაში სასულიერო პირთა მზარდი როლისა და სოციალურ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის ჩარევის გამო ღია წერილით გამოხატეს უკმაყოფილება. მათ იმ ხიფათის თაობაზე გამოთქვეს გაფრთხილება, რაც შეიძლება მოჰყვეს მართლმადიდებლობის სწავლებას იმ ქვეყნის სკოლებში, სადაც, სხვა აღმსარებლობის მქონეთა გარდა, 20 მილიონი მაჰმადიანი ცხოვრობს. მიტროპოლიტ კირილს სურს, “პირადი, არაპოლიტიზებული სჯა-ბაასი” გამართოს რუსეთის ინტელექტუალებთან საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესახებ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG