Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


საქართველოს რკინიგზა, 89-წლიანი მართვის უფლებით, ბრიტანულ კომპანია "ფარქფილდ ინვესთმენთს" გადაეცემა.

ასე დასრულდა რკინიგზის მართვა-ფლობის გარშემო მიმდინარე მრავალწლიანი ეპოპეა, რომელიც ამ სახელმწიფო საწარმოს შემდგომ ბედს უკავშირდებოდა. თუმცა ამჯერად მხოლოდ ეს მშრალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მათ შესახებ არავინ არაფერს ამბობს. ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, რკინიგზის მმართველი კომპანიის შერჩევა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლოს ის კომპანია შეირჩა, რომელიც ყველაზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

ბრიტანული კომპანია კისრულობს ვალდებულებას, 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და, აქედან, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი პირველი 3-4 წლის განმავლობაში დააბანდოს. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია 2009 წლამდე რკინიგზაზე არსებული ტარიფები შეინარჩუნოს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვებზე, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი ტარიფები სახელმწიფოსთან შეათანხმოს. რაც შეეხება რკინიგზის ოპერატორ კომპანიას, მას ინვესტორი თავად შეარჩევს და ამ პროცესში სახელმწიფო არ ჩაერევა.
მიმდინარე კვირა ხვავრიელი მხოლოდ რკინიგზის გაიჯარების გამო არ ყოფილა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების #13 პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში "ავერსის", "პე-ეს-პეს", "ბლოკ ჯორჯიასა" და "ჯი-არ-დი-სის" გაერთიანებამ გაიმარჯვა. ოთხეულმა სატენდერო კომისიას 77 მილიონი დოლარის საბანკო გარანტია წარუდგინა.

კონკურსის პირობების თანხმად, გამარჯვებულმა დიღმის სამედიცინო კლასტერში 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი და ქუთაისის იმერეთის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი უნდა ააშენოს. ამის ნაცვლად, გაერთიანებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო, #2 სამშობიარო სახლი, საქართველოს რკინიგზის მრავალპროფილური საავადმყოფო, ინვალიდთა და სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრი და იმერეთის სამი მსხვილი სამედიცინო დაწესებულება გადაეცემა.
ის, თუ ვინ იქნება მფლობელი გამომცემლობა "სამშობლოსი", საიდანაც წინა კვირას ათობით მედია-საშუალება და კომპანია გამოყარეს, 18 ოქტომბერს გაირკვევა. სახელმწიფომ მის საწყის ფასად 19 მილიონი დოლარი დაადგინა.

სანამ სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტები ახალ მეპატრონეებს ელიან, პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ 7 ათასამდე მესაკუთრე, შესაძლოა, საკუთარ ქონებას დაემშვიდობოს. პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია იმ ქონების 300-გვერდიანი ნუსხა, რომელზეც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავა ან ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, მათი დღევანდელი მფლობელების საკუთრებითი უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ვისი ქონებრივი უფლებებიც უკვე არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვია. მისი კუთვნილი ხუთი საცხოვრებელი სახლი ურეკში, რომელთა ღირებულებაც 15 მილიონ დოლარს შეადგენს, პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს გადასცა. კალაშოვის სახლებში რეაბილიტაციის ცენტრი და სანატორიუმები განთავსდება, სადაც აფხაზეთის ომსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილთა და დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ დაისვენებენ.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კი მომგებიანი კომპანია გამხდარა. ამის შესახებ "ყაზტრანსგაზის" შეფმა სერიკ სულტანგალიევმა განაცხადა. კომერციული დანაკარგები თბილისის ქსელში, დაახლოებით, 70%-დან 26%-მდე შემცირდა და დროთა განმავლობაში კიდევ 3-ჯერ დაიკლებს. `ყაზტრანსგაზი" საქართველოში 2011 წლამდე 100 მილიონამდე დოლარის ინვესტირებას გეგმავს. მარტო წლევანდელი ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში 16 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

აზერბაიჯანმა კი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის საქართველოს პირველი ტრანში გამოუყო. "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა" ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველოს მონაკვეთის ოპერატორს, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას", უკვე გადაურიცხა 40 მილიონი დოლარი. ეს თანხა საქართველოს ტერიტორიაზე (თურქეთის საზღვრამდე) 29-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას მოხმარდება. სულ პროექტისთვის აზერბაიჯანი საქართველოს, შეღავათიანი კრედიტის სახით, 420 მილიონ დოლარს გამოუყოფს 25 წლის ვადით, წლიური 1%-იანი სარგებლით.

ზემო აფხაზეთში კი ენერგეტიკის სამინისტრო ახალ ჰესს ააშენებს. ორი მცირე, 250-კილოვატიანი, ჰესი - ომარიშარა და მრამბა - იქ უკვე აშენდა. წლეულს მრამბა-ჰესის სიმძლავრის გაზრდა იყო დაგეგმილი. თუმცა გაირკვა, რომ შესაძლებელია ახალი ჰესის მშენებლობაც. იგი, დაახლოებით, 1,4 მეგავატიანი იქნება, სოფელ საკენთან აშენდება და, ალბათ, `საკენჰესი~ დაერქმევა. გარდა ამისა, თუ არსებული ორი ჰესი აქამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობდა, ამჟამად მათი გაერთიანება მიმდინარეობს, რომელსაც დამატებითი სოფლები მიუერთდება.
2008 წლის იანვარ-თებერვლისთვის ზემო აფხაზეთში სამი ჰესი იფუნქციონირებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 2 მეგავატამდე იქნება, რაც სრულიად საკმარისი იქნება ამ რეგიონისთვის.
საქართველოს მთავრობასა და შპს "ენერგო-არაგვს" შორის კი მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ყაზბეგის რაიონში, მდინარე თეთრ არაგვზე, ორი ჰესის მშენებლობას გულისხმობს. ერთი ჰესის სიმძლავრე 6,5 მეგავატი იქნება, მეორისა _ 1,5 მეგავატი, რაც, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარი ჯდება. საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს კი სამთავრობო კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობასა და მის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ფინანსური უზრუნველყოფის მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ `საქართველოს ბანკმა~, რომელმაც 123,5 მილიონი დოლარის სინდიცირებული სესხი მიიღო. გარიგებაში მონაწილეობაზე განაცხადების სიმრავლის გამო, სესხის თანხა საწყისი 100 მილიონიდან 123.5 მილიონი დოლარი გახდა. გარიგების მმართველები "სითიბანკი" და "აზიის განვითარების ბანკი" იყვნენ. იმავდროულად, "საქართველოს ბანკმა" 35 მილიონი დოლარის ათწლიანი სუბორდინირებული სესხიც მიიღო, რომლის სტრუქტურირებაც "მერილ ლინჩმა" მოახდინა.
ეროვნულმა ბანკმა კი ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 6,6% შარშანდელი ანალოგიური პერიოდის 14,5%-იან მაჩვენებელს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება. თუმცა, ამ ოპტიმისტურმა ციფრმა ექსპერტთა ნაწილის მორიგი სკეპტიკური შენიშვნები დაიმსახურა.

XS
SM
MD
LG