Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი “ცივი ომის” შემდგომი კიდევ ერთი ხელშეკრულებიდან გამოვიდა


გასულ კვირაში ცნობილი გახდა რუსეთის კიდევ ერთი სახიფათო გადაწყვეტილება,

რომელიც სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს საერთაშორისო უსაფრთოხოებისათვის. კერძოდ ლაპარაკია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის შორეული საბრძოლო ფრენების განახლებაზე.

17 აგვისტოს მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოების მთავარ სიახლედ იქცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, განაახლოს სტრატეგიული ბირთვული ავიაციის საბრძოლო მორიგეობა ერთბაშად ოთხი ოკეანის თავზე, რაც რუსეთს შეწყვეტილი ჰქონდა 1991 წლიდან. თანაც, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა ამ საშიში ნაბიჯის შესახებ განეცხადებინა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე, რომელსაც ერქვა ძალიან უწყინარი სახელი - “მშვიდობის მისია 2007 წელი”.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “17 აგვისტოს რუსეთის 7 აეროდრომიდან ჰაერში აფრინდა 14 რუსული სტრატეგიული რაკეტამზიდი. ამიერიდან ასეთი მორიგეობა, საბრძოლო მორიგეობა, მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ეს მორიგეობა ატარებს სტრატეგიულ ხასიათს. პატრულირება განხორციელდება აქტიური ნაოსნობისა და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური აქტიურობის რეგიონში. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, პირველ ყოვლისა, რომ ჩვენი პარტნიორები გაგებით შეხვდებიან ფრენების განახლებას.”


ზუსტად იმ წუთებში, როდესაც ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაზე საუბრობდა, რუსეთის სტრატეგიულმა სამხედრო თვითმფრინავებმა “საბრძოლო მორიგეობად” წოდებული ფრენები ერთბაშად განახორციელეს წყნარი, ატლანტიკის, ინდოეთისა და ჩრდილოყინულოვანი ოკეანეების თავზე.

ერთი თვით ადრე, ივლისის დასაწყისში, რუსეთმა მორატორიუმი გამოაცხადა და ცალმხრივად გამოვიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან, რომელიც “განიარაღების” ხელშეკრულებად არის ცნობილი. დროის მცირე მონაკვეთში “ცივი ომის” შემდგომი ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებიდან გამოსვლა უეჭველად იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად უპირატესობას კვლავ “ძალის პოლიტიკას” ანიჭებს.

[პაველ ფელჰენგაუერის ხმა] “რუსეთი თანამიმდევრულად გამოდის “შეიარაღების კონტროლის შესახებ” ხელშეკრულებებიდან, რომლებმაც დაასრულეს “ცივი ომი”. ანუ აპრილში პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს გამოვიდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან. უკვე მაშინვე დაიგეგმა მისი გუშინდელი სენსაციური განცხადება იმის თაობაზე, რომ განახლდა სტრატეგიული ავიაციის “საბრძოლო მორიგეობა”. თუმცა მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ავიაცია ასრულებდა ფრენებს იმის შესამოწმებლად, შეძლებდნენ თუ არა თვითმფრინავები საბრძოლო მორიგეობაზე გასვლას ასეთი დიდი პაუზის შემდეგ.”


როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი ვარაუდობს, ვლადიმირ პუტინის ჩანაფიქრი, აღდგეს სტრატეგიული “საბრძოლო მორიგეობა”, პირველ ყოვლისა, რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგის, შეერთებული შტატებისკენ არის მიმართული და რუსეთის მხრიდან “ცივი ომის” დროინდელი დაპირისპირების განახლების ცუდი ნიშანია:


[პაველ ფელჰენგაუერის ხმა] “საბრძოლო მორიგეობა - ეს არის ფრენები, ბორტზე ბირთვული იარაღით და ყოველწუთიერი მზადყოფნით, განხორციელდეს დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და ამერიკის ყველა ძირითად სამხედრო ბაზაზე - ჰავაიზე და კუნძულ გასრიაზე, ინდოეთის ოკეანეში. ეს უკვე პრინციპულად სხვა რამ არის. ანუ მოსკოვმა ცალმხრივად შეწყვიტა შეთანხმება, რომელიც 1991 წელს დაიდო საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის და რომელიც დაამტკიცა 1992 წლის იანვარში პრეზიდენტმა ბორის ელცინმა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ საბრძოლო მორიგეობიდან ორმხრივად მოხსნილიყო ყველა ამერიკული და რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ახლა კი განახლდა საბრძოლო მორიგეობა და არა უბრალო ფრენები. ანუ თვითმფრინავები ასრულებენ რეისებს დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტების სტარტის პოზიციებზე შეერთებული შტატების მიმართულებით, როგორც იყო “ცივი ომის” დროს.”



რუს სამხედრო ექსპერტ პაველ ფელჰენგაუერს უჭირს ამომწურავი პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურება რუსეთის მიერ “ცივი ომის” დროინდელი სამხედრო-პოლიტიკური აზროვნებით მოქმედება. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინს, უბრალოდ, ცუდი სამხედრო მრჩევლები ჰყავს, რომლებიც უმაღლეს მთავარსარდალს არ ეუბნებიან მთელ სიმართლეს ქვეყნის რეალური სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ავიაცია იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ასეთი საბრძოლო მორიგეობის განახლება ოკეანეების თავზე რუსეთს, შესაძლოა, ძალიან ცუდად შემოუბრუნდესო, ამბობს სამხედრო ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი.


[პაველ ფელჰენგაუერის ხმა] “დიდ მოგებას, ბირთვული ქობინებიც რომ დავიანგარიშოთ, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ვერ მიიღებს, რადგან სტრატეგიული თვითმფრინავები ძალიან ცოტა დარჩა და ყოველდღიურად მცირდება, ვინაიდან მათი წარმოების ტექნოლოგია დაიკარგა. რაღაც არის აწყობილი საბჭოთა დროინდელი მარაგიდან და მალე ესეც აღარ იქნება. და თუ რატომ არის საჭირო ასე დემონსტრაციულად ქნევა ამ ბირთვული ხელკეტისა, რომელიც, ამავე დროს, ძალიან ძველი და დამპალია, გონებით ამის წვდომა ძნელია. მაგრამ პუტინი ასე იქცევა. არ ვიცი, იქნებ ეს მას რაიმე შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს. ანდა შეიძლება რომელიღაც სამხედრო მრჩეველმა აუბნია თავგზა და მან საერთოდ არ იცის, თუ რას აკეთებს. საფრთხე კი დიდია, რადგან ეკიპაჟები არასაკმარისად არიან მომზადებულები; ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, ტექნიკაც და მიწისზედა სამსახურებიც ცუდადაა მომზადებული. დიდია ალბათობა ავარიისა, ბირთვული იარაღის დაკარგვით. “

ცნობილ სამხედრო ექსპერტს პაველ ფელჰენგაუერს ინტერვიუს დასასრულს ვკითხე, თუ რას ფიქრობს 6 აგვისტოს წითელუბნის დაბომბვის ფაქტზე - კერძოდ, სჯერა თუ არა მას, რომ რუსეთის ავიაციამ დაბომბა საქართველოს ტერიტორია. პაველ ფელჰენგაუერის პასუხი ასეთი იყო:

[პაველ ფელჰენგაუერის ხმა] “როგორც ჩანს – კი. თუმცა მოსკოვმა თავდაპირველად დაიკავა ძალიან ისეთი, საბჭოური, პოზიცია – სრული უარყოფის პოზიცია. ყველაფერს ხელაღებით უარყოფენ, რაც ძალიან არადამაჯერებელია... რომ თითქოს ქართველებმა დაიბომბეს თავი... მერე კი თქვეს, მათ ეს ბომბი მიწაში ჩამარხესო. ჯერ ამბობდნენ, რომ არავითარი შეფრენა არ ყოფილა. მაგრამ ჩვენმა მშვიდობისდამცველებმა თქვეს, რომ იყო თვითმფრინავი და მან რაღაცა ჩამოაგო. ასე რომ, კაცი თავს და ბოლოს ვერ გაუგებს. რუსული უარყოფა უკიდურესად არადამაჯერებელია.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG