Accessibility links

რა საფრთხეს შეიცავს საქართველოს რკინგზის გასხვისება


სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს

გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა, 89 წლიანი მართვის უფლებით, ინგლისურ კომპანია „პარკფილდ ინვესტმენტს“ გადაეცემა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მმართველი კომპანია 10 წლის განმავლობაში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. გარდა ამისა, „პარკფილდ ინვესტმენტი“ ვალდებულებას იღებს, 2009 წლამდე სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ტარიფი უცვლელად შეინარჩუნოს, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში სატარიფო პოლიტიკა სახელმწიფოსთან შეათანხმოს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კმაყოფილებას არ მალავენ „პარკფილდ ინვესტმენტთან“ საქმის დაჭერით და ინვესტიციის მოცულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი სამინისტროს მესვეურთა ოპტიმიზმს არ იზიარებს.

საქართველოს რკინიგზა შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ევროპასა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან უმოკლესი გზით აკავშირებს. ამ ორი კონტინენტის სარკინიგზო ტრანსპორტით დაკავშირების იდეას ხორცი მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეესხა.

[ისმის მატარებლის ხმა]

მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, საქართველოს რკინიგზაში ბევრი რამ შეიცვალა: გაიზარდა როგორც რკინიგზის სიგრძე, ასევე გამტარიანობა, თუმცა, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ ნახევარი წლის წინ ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, 21-ე საუკუნეში საქართველოს რკინიგზა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა:

[გიორგი არველაძის ხმა] „აბსოლუტურად ამოწურული იყო ყველა რესურსი და აბსოლუტურად ამორტიზებული იყო ყველაფერი. ჩვენ ვიყავით საფრთხის წინაშე, რომ საქართველოს რკინიგზა ვეღარ გააგრძელებდა ფუნქციონირებას, თუ არ მოხდებოდა ძალიან სწრაფი შემობრუნება და, მართლაც, ბოლო პერიოდი არის ამ შემობრუნების მკაფიო მაგალითი.“

მინისტრის ინფორმაციით, 2006 წელს საქართველოს რკინიგზის კაპიტალი 104 მილიონი ლარით, წმინდა მოგება კი 116 %-ით გაიზარდა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ მიღწეულ წარმატებას ასეთი ახსნა მოუძებნა.:

[ირაკლი ეზუგბაიას ხმა] „უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ტარიფები, შარშანდელთან შედარებით, არც ერთ გადაზიდვაზე არ გაგვიძვირებია. ვიმუშავეთ კორუფციის აღმოფხვრასა და ადმინისტრირების გამარტივებაზე. მოვიზიდეთ დამატებითი ტვირთები...“

თუმცა, ამგვარი წარმატებისა და წინსვლის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რკინიგზის მართვის უფლება კერძო კომპანია „პარკფილდ ინვესტმენტს“ 89 წლით გადასცა. გიორგი არველაძის კომენტარი:

[გიორგი არველაძის ხმა] „კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ათი წლის განმავლობაში განხორციელდება 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 2009 წლამდე კი ტარიფებს შევინარჩუნებთ“.

საქართველოს რკინიგზის კერძო კომპანიისათვის გადაცემის ფაქტს იწონებენ ეკონომიკის ექსპერტებიც, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გასხვისების პროცესი ფარულად ჩატარდა. გია ხუხაშვილის თქმით, ვიდრე ბოლომდე არ გაირკვევა მმართველი კომპანიის ვინაობა, ძნელია გარიგების მნიშვნელობაზე ლაპარაკი:

[გია ხუხაშვილის ხმა] „აქ ჩნდება ძალიან სერიოზული და დიდი რისკები. თუ რუსეთის რკინიგზის მფლობელობაში გადავიდა საქართველოს რკინიგზა, ეს პრაქტიკულად დაასრულებს რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ინფრასტრუქტურაზე კონტროლის სურვილს. შესაბამისად, დაკნინდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, თავი რომ დავანებოთ წმინდა ეკონომიკურ ზარალს.“

გარიგების ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება ეკონომიკის კიდევ ერთ ექსპერტს. სოსო ცისკარიშვილის აზრით, საქართველოს მთავრობას რკინიგზის გასხვისების გადაწყვეტილება პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით უნდა მიეღო:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] „ჩვენ რომ ვიყოთ ერთი ზღვიდან მეორე ზღვამდე არსებული ქვეყანა, რომელიც მხოლოდ თავად განაგებს ამ ტერიტორიაზე ტვირთბრუნვას, მაშინ კიდევ დასაშვებია, რომ სხვებისგან დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ გავასხვისოთ და რა ტიპის გასხვისებას ჰქონდეს ადგილი. როდესაც ვცდილობთ, რომ რუსეთის ალტერნატიული გზა იყოს ჰარმონიზებული კანონმდებლობით, სატარიფო პოლიტიკით და უცებ ერთ საკვანძო მონაკვეთს ვიღაც იღებს და სრულიად სხვა წესებით აპირებს მოქმედებას, ცხადია, ეს არის ლახვარი მთელი ამ ალტერნატიული გზისა.“

გარდა ამისა, სოსო ცისკარიშვილს საქართველოს რკინიგზის მმართველი კომპანიის შერჩევის ბუნდოვანი პროცესი აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ინვესტიციის მოცულობას დახარბდა და არ დაინტერესდა კაპიტალის წარმომავლობით. ცისკარიშვილის თქმით, შესაძლებელია მოხდეს ის, რაც უკანასკნელ წლებში არაერთხელ მომხდარა:

[სოსო ცისკარიშვილსი ხმა] „ძალიან ხშირად ქართული სახელმწიფოს საკუთრება ხდება სხვა სახელმწიფოს საკუთრება და არა კერძო კაპიტალისა, რომელიც არის გამჭვირვალე და სანდო.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობას „პარკფილდ ინვესტმენტთან“ ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია. სავარაუდოდ, საქართველოს რკინიგზის ახალი მმართველი ოფიციალურ სტატუსს ორ კვირაში შეიძენს.


XS
SM
MD
LG