Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზა გულწრფელობიდან ცინიზმამდე


საზოგადოებაში ამჟამად არსებული აგრესია ხელისუფლების

მიმართ დიდწილად იმ იმედების განქარვებით არის გამოწვეული, რომლებიც ვარდების რევოლუციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტობას უკავშირდებოდა. რა იყო იმედების მთავარი ღერძი? რით გამოირჩეოდა სააკაშვილი თავისი წინამორბედი პოლიტიკოსებისგან? რა თვალსაზრისით ვერ გაამართლა მისმა ხელისუფლებამ ხალხის მოლოდინი?

მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში იქმნიდა ენერგიული და გულწრფელი პოლიტიკოსის იმიჯს. ხალხიც მიენდო მის ენერგიას და მის ღირებულებებს, რაშიც ეჭვი, მცირე გამონაკლისის გარდა, არავის შეუტანია. თუმცა ახალმა პრეზიდენტმა, თავის გუნდთან ერთად, ჩვეულებრივი ამომრჩევლების ცნობიერებაში ძალიან სწრაფად გაიარა გზა გულწრფელობიდან ცინიზმამდე.

ტრადიციული განმარტების თანახმად, ცინიკოსია ადამიანი, რომელსაც თავისი ქმედებების თუ გამონათქვამების არ სჯერა და არც ის ადარდებს, სჯერათ თუ არა მისი გარშემომყოფებს. თუ კარგად დავაკვირდებით, დღევანდელი სახელისუფლო ლიდერების მთავარი პრობლემა სწორედ ცინიზმია - როცა არც თავად სჯერათ საკუთარი განცხადებების და არც ის ადარდებთ, ხალხის თვალში როგორ გამოიყურება მათი ნამოქმედარი.

მაგალითად, ძალიან ხშირად ხელისუფლება თავის ნაბიჯებს იმით ამართლებს, რომ ბევრი პროცედურა და პროცესი, რაც წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მიმდინარეობდა, კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს. ეს ეხება პრივატიზებული ქონების ჩამორთმევასაც, გამოსახლებებსაც, დაპატიმრებებსაც და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოვლენის, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევას.

მაგრამ, 2003 წლის 24 ნოემბრიდან მოყოლებული, ხელისუფლება საჭიროდ აღარ მიიჩნევს ხალხთან დიალოგს და, თუნდაც, ზოგიერთი ნაბიჯის განმარტებას. ამიტომ ჩნდებოდა და ჩნდება უპასუხო კითხვები, მაგალითად, ამგვარი: რატომ დაიჭირეს დავით მირცხულავა და რატომ არ დაიჭირეს კახა თარგამაძე? რისთვის დაიხოცნენ ახალგაზრდა ბიჭები 2004 წლის ზაფხულში და ვინ აგო პასუხი ოსებთან ბრძოლის გაჩაღებისთვის? რატომ არ შეიძლება სანდრო გირგვლიანის რეალური მკვლელების დასჯა? რა მიზნით ქმნიან თანამდებობის პირები პრობლემებს, რომლებსაც შემდეგ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვრამდე მიჰყავს ადამიანები?

ამ და ბევრს სხვა საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ვერსიებს საზოგადოება არ იზიარებს. მაგრამ ცინიზმი და, შესაბამისად, აგრესიის წყარო სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად არ აინტერესებს და არ ადარდებს, სჯერა თუ არა მისი საზოგადოებას. კანონის აღსრულებისთვის ბრძოლა გულწრფელი რომ იყოს ან, თუნდაც, ხალხის თვალში გულწრფელი ქმედების შთაბეჭდილებას რომ ტოვებდეს, აგრესია გაცილებით ნაკლები იქნებოდა, მხარდაჭერა კი - მეტი.

განსაკუთრებული ჭკუა და გამოცდილება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ მოეწონება, როცა პრეზიდენტი ახალგაზრდებს ეუბნება, თქვენ მაგრები ხართ, უფროსი თაობის ნაწილი კი ჩასარეცხიაო. ეს და ბევრი სხვა გამონათქვამი ცინიკურია სწორედ იმის გამო, რომ საკუთარ თავში შეიცავს სრულ გულგრილობასა და უდარდელობას მისი აღმქმელი საზოგადოების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად სახელისუფლო მოდის ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი სწორედ ცინიზმია. ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც დააკვირდება, როგორ საგანგებოდ ცდილობენ პრეზიდენტთან დაახლოებული პირები საზოგადოებისთვის არამოსაწონი ფრაზებით ისაუბრონ კამერების წინ და ამით თითოეულ ჩვენგანს დაუმტკიცონ, რომ ჩვენი აზრი არ აინტერესებთ.

რატომ არის, რომ განსაკუთრებულ გაღიზიანებას მაია ნადირაძის და გიგა ბოკერიას გამონათქვამები იწვევს? სწორედ იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი სხვებზე აღმატებული ცინიკოსია; ისინი ყველაზე ხშირად და ყველაზე მკვახედ ამბობენ ისეთ რამეს, რისიც არც თავად სჯერათ და არც ის ადარდებთ, სხვები თუ არ დაუჯერებენ.

სინამდვილეში, პოლიტიკა ცინიკოსების საქმე არ არის, რადგან ამ სფეროში წარმატება სწორედ საზოგადოების ნდობაზეა დამყარებული. დღეს ხელისუფლება თავს მშვიდად გრძნობს იმის გამო, რომ საარჩევნო მანქანა ჯერ კიდევ ეფექტიანად მუშაობს და ისიც ფაქტია, რომ არჩევნებზე მისული ადამიანების უმრავლესობა ხმას სააკაშვილს და მის პარტიას აძლევს. ასე რომ, ვისაც არ უნდა, ხელისუფლება “ჩასარეცხს” უწოდებდეს, ქონებას ართმევდეს და არწმუნებდეს, რომ პრემიერი მეგობრის ბინაში გაზით გაიგუდა, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ცინიზმს უნდა დაუპირისპირდეს, ესე იგი, საკუთარ ღირსებას უერთგულოს.


XS
SM
MD
LG