Accessibility links

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა საპარლამენტო არჩევნებში პოზიციები გაიმყარა


წინასწარი შედეგებით, შაბათს გამართულ ადრეულ საპარლამენტრო არჩევნებში ყაზახეთის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

თანაც ისე, რომ ოპოზიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში, მაჯლისში, ვერცერთი ადგილი ვერ მოიპოვა. ეს არჩევნები გარკვეული თვალსაზრისით ყაზახეთში დემოკრატიის ხარისხის გამოცდა იყო მაშინ, როცა ქვეყანა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის იღწვის.

წინასწარი მონაცემების თანახმად, პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევის პარტია ნურ ოტანმა ხმების 88 პროცენტი მიიღო.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, ქვეყნის ორი ოპოზიციური პარტიიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და ისინი 107-ადგილიანი მაჯლისის მიღმა დარჩნენ.

ერთ-ერთი მათგანის, აკ ჟოლის ლიდერმა ბურიხან ნურმუხამედოვმა ჩვენს რადიოს განუცხადა:

[ნურმუხამედოვის ხმა] "ჩვენ არ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს და არ ვცნობთ მას. ჩვენ მოგვდიოდა ცნობები საარჩევნო კანონის დარღვევის, გაყალბების შესახებ. ჩვენ ამის შესახებ განცხადებას ვაქვეყნებთ. არჩევნების შედეგს არ ვცნობთ."

წინასწარი მონოცემებით, აკ ჟოლმა ხმების 3,25 პროცენტი მიიღო.

მეორე ოპოზიციური პარტიის, სრულიად სახალხო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ფრანს პრესს განუცხადა, რომ ყაზახეთში საბჭოთა პერიოდის ერთპარტიული სისტემა მკვიდრდება, მაგრამ მისი პარტია არ შეეგუება ამ ვითარებას და ბრძოლას განაგრძობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, სრულიად სახალხო სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 4,62 პროცენტი მოაგროვა.

საერთაშორისო მიმომხილთა მისია ამბობს, რომ არჩევნები გარკვეულ პროგრესზე მიუთითებს. ეუთოს მეთვალყურეთა საგანგებო კოორდინატორმა, კანადელმა სენატორმა კონსილიო დი ნინომ ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა:

[დი ნინოს ხმა] "ამ არჩევნების არჩევნების შედეგად ყაზახეთი განაგრძობს ევოლუციურ სვლას დემორკატიული სახელმწიფოსკენ."

მაგრამ დი დინომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტები არ იქნა შესრულებული, განსაკუთრებით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სფეროში.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთვალყურეებს, მათი დასკვნა ასეთი გახლდათ: “არჩევნები იყო თავისუფალი და გამჭვირვალე.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში ელექტორატის მხოლოდ 65-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც 8 პროცენტით მეტია 2004 წლის არჩევნებთან შედარებით.

პარლამენტში ადგილისთვის ერთმანეთს ექიშპებოდა შვიდი პარტია. ადრეული არჩევნები გეგმით გათვალისწინებულზე ორი წლით ადრე გაიმართა წელს მაისში გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო.

ნაზარბაევმა, რომელიც 1989 წლიდანაა ხელისუფლების სათავეში, შაბათს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა, “რათა კიდევ უფრო შეაკავშიროს ჩვენი ხალხი ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ გამოხატული იდეების გარშემო.”

საკონსტიტუციო ცვლილებებით მაჯლისს გაეზარდა მთელი რიგი უფლებამოსილებები, მათ შორისაა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის დასახელება და პარლამენტში ადგილების რიცხვის გაზრდა. ამავე დროს, კონსტიტუციაში აღარ არის საპრეზიდენტო ვადების რაოდენობის შეზღუდვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთში გამართული არცერთი არჩევნები ან რეფერენდუმი არ მიუჩნევიათ საერთაშორისო მეთვალყურეებს თავისუფლად და სამართლიანად.
XS
SM
MD
LG