Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”საქართველოს რესპუბლიკა” ჟურნალისტთა კავშირის შენობიდან რამდენიმე რედაქციის გამოსახლების შესახებ წერს:

”ამ დიდი ”გამოსახლების ჟამს”, როცა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს სრულიად მოულოდნელად და გაურფთხილებლად ვითომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ათობით რედაქციას დაატოვებინა ”სამშობლოს” შენობა, ბევრმა ქუჩაში გამოგდებულმა რედაქციამ დროებით თავის შესაფარებლად მიმართა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირს, მაგრამ ამაოდ!.. სრულიად შემთხვევითმა პიროვნებებმა, გეგიამ და ჟორჟოლიანმა, ვითომ კავშირის თანათავმჯდომარეებმა, რომლებმაც ბოლო წლებში გაანიავეს, ყუაზე დაიყვანეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ოღონდ თავიანთი ჯიბის გასასქელებლად) სრულიად საქართველოს ჟურნალისტთა საერთო ქონება, გუშინ კავშირის კარი მიუხურეს და შენობაში არ შეუშვეს ზოგიერთი რედაქცია, ზოგიერთი კი გამოაძევეს შენობიდან, რაც უპრეცედენტო ფაქტია ჟურნალისტურ ცხოვრებაში, მით უმეტეს დღეს, როდესაც გაჭირვებული კოლეგებისთვის თვითონ უნდა მიეცათ თავშესაფარი”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.

”მორიგი ნაციონალური ბლეფი - რაში დასჭირდა სააკაშვილის პარტიას ჯანმრთელობის ვაუჩერებზე სკანდალის აგორება?” - ამ სათაურით აქვეყნებს ”ალია” ინტერვიუს ლეიბორისტ გიორგი გუგავასთან, რომელიც ამბობს: ”თავის დროზე გიგი უგულავამაც განახორციელა ჯანდაცვის პროექტი გაუკუღმართებული ფორმით. მაშინაც საარჩევნოდ დაურიგეს ვაუჩერები პენსიონერებს, ინვალიდებს, ომის მონაწილეებს, სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიებს, 60 ათას კაცს, რომელთაც ვერანაირად ვერ ეყოფოდათ ის ჩადებული სამი მილიონი და მერე მერიასთან იყო ამ ვაუჩერების საჯაროდ ფხრეწა-გლეჯა”, - ამბობს გუგავა ”ალიასთან” ინტერვიუში.

”პოლიტიკური პროგნოზები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე” - ”რეზონანსი” ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ პუბლიკაციას, რომლის დასკვნით ნაწილში ავტორი წერს: ”რეალურად გაიმართება თუ არა დაუნდობელი ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციას შორის, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუკი ბადრი პატარკაციშვილი რეალურად დაუდგება დიდ ოპოზიციურ ფრონტს თავისი ფინანსებითა და საერთაშორისო კავშირებით, შესაძლოა, დაკავება-დაჭერების ახალი სერიალი ვიხილოთ. სერიოზულად შეუტევენ ”იმედსაც”, რომელიც დღეს ხელისუფლების მთავარი თავ-გულსატკივარია მედიაში. თუკი სააკაშვილსა და პატარკაციშვილს შორის გარიგება შედგა, ”იმედი” ლაითად კრიტიკული იქნება, პარლამენტში კი ასევე ლაითად კრიტიკული და კარგად კონტროლირებადი ოპოზიცია შევა, რაც მიხეილ სააკაშვილს უფრო აძლევს ხელს, ვიდრე უცნობი და არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსების ხილვა საკუთარ ორბიტაზე”, - წერს ”რეზონანსის” მიმომხილველი.

ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება ”ახალი თაობა” მედეა თუშმალიშვილს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში საგარეო ურთიერთობათა კომისიას ხელმძღვანელობდა და უკვე 15 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. თუშმალიშვილი ფიქრობს, რომ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის მსგავსება და ეს მსგავსება მიზანშია, რაც ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას გულისხმობს. ”ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილს მხოლოდ პიარტექნოლოგიების მცოდნე პრეზიდენტად მიიჩნევს, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს”, - ამბობს თუშმალიშვილი და განაგრძობს: ”ოპოზიციაში დღეს იგივე პიროვნებები არიან, რომლებიც 1991 წელს ზვიად გამსახურდიას უპირისპირდებოდნენ. ისინი იმავე ლექსიკით, იმავე ბრალდებებითა და იმავე მოქმედებებით შეგვახსენებენ თავს. მათ წერილებს ვკითხულობ, მათ სატელევიზიო გამოსვლებს ვისმენ და ირკვევა, რომ სამოქმედო პროგრამა არ გააჩნიათ, თუ არ ჩავთვლით უწმაწურ გამოთქმებს, რასაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს”, - ამბობს ქართულ ოპოზიციაზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ყოფილი წევრი, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” ბეჭდავს.”
XS
SM
MD
LG