Accessibility links

logo-print

სოფელ წითელუბანზე საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს ყველა ბრალდებას უარყოფს


რუსეთი კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ბრალდებებს 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით.

ინციდენტის გამოსაძიებლად საქართველოში 16-17 აგვისტოს ჩამოსულმა რუსმა ექსპერტებმა წარმოადგინეს დასკვნა, რომლის თანახმად, 6 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე არ დარღვეულა და, შესაბამისად, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზეც რაკეტა რუსეთის თვითმფრინავიდან არ ჩავარდნილა. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, რუსი ექსპერტების აზრით, არაობიექტურია, ვინაიდან მთლიანად საქართველოს მხარის ინფორმაციას ეყრდნობა. მხარეთა შორის დავა გრძელდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა 21 აგვისტოსთვის რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებების გაქარწყლება სწორედ რუსი ექსპერტების დასკვნის გამოყენებით დაგეგმა. მაგრამ არსებობს სხვა დასკვნაც და გრძელდება ინციდენტის შესწავლა, თუმცა საქართველო მოსკოვისგან დანაშაულის აღიარებას არ ელის. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს 6 აგვისტოს ინციდენტს?


რუსეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოფელ წითელუბანში მომხდარი ინციდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს განხილვის საკითხად რჩება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის ინფორმაციით, ინციდენტზე უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, სექტემბრის სხდომაზე იმსჯელებს. მანამდე კი გაეროში რუსეთის ელჩი კოლეგებს ინციდენტის შესასწავლად საქართველოში რუსი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგს, მათ მიერ დაწერილ დასკვნას აცნობს და ამ დასკვნის საფუძველზე ცდილობს რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებების გაბათილებას. რუსი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ 6 აგვისტოს რუსეთიდან საქართველოში არასანქცირებული ფრენა არ განხორციელებულა და საქართველოს საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. უფრო მეტიც, საქართველოში ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ, რუსმა სამხედრო ექსპერტებმა ეჭვქვეშ დააყენეს სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტიც - განაცხადეს, რომ ”ჰოს” ან ”არას” სათქმელად მტკიცებულებები არასაკმარისია და რომ ადგილზე ნანახსა და საქართველოს მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიებს შორის ლოგიკური ჯაჭვი არ იკვეთება. თვითმფრინავი, რომლიდანაც სოფელ წითელუბანში რაკეტა უნდა ჩამოვარდნილიყო, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან არის აფრენილი - ასეთია რუსი სამხედრო ექსპერტების ლოგიკა. მათ დასკვანზე დაყრნობით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩო აცხადებს, რომ წითელუბნის სარაკეტო სკანდალი საქართველოს მხარის მიერ არის პროვოცირებული. ამ ვერსიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რუსი სამხედრო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რუსეთის წარმომადგენელი ახმიანებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ამას სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის აზრით, თავის მართლებითა და საქართველოს მიმართ საკუთარი აბსურდული ბრალდებების გამოთქმით რუსეთი საერთაშორისო არენაზე მატყუარის იმიჯს იმტკიცებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”საერთაშორისო ექსპერტიზაა ჩატარებული. რუსები არაფერს იტყვიან. რუსებმა ჩამოიყვანეს სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც ჩამოჰყვნენ პოლიტიკური ზედამხედველები. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს იყო განწირული მცდელობა. არ გვიკვირს არავის. ეს არის ქვეყანა, რომელიც, სამხრეთ კორეის 280 კაცი რომ ჩამოაგდო, 11 წელი იძახდა, არ ვიცი რა მოხდაო. ”

გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მომხდარის შესწავლა ჯერ არ დასრულებულა. პროცესში ახლახან ეუთოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიომირ ზუზული ჩაერთო. 20 აგვისტოს მან სოფელ წითელუბანში სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულა, შეხვდა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, შეხვედრა გამართა საქართველოში რუსეთის საელჩოშიც და შემდეგ უკვე გეზი მოსკოვისკენ აიღო. ეუთოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იქ მოსკოვის არგუმენტებს მოისმენს, კომენტარს კი, როგორც თბილისში განაცხადა, ყველა მხარის არგუმენტაციის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

მუშაობას ჯერ კიდევ აგრძელებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფიც. საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მიაწოდა. აქვე განვმარტავთ, რომ საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფი პირველი ჯგუფის მტკიცებულებებს ამოწმებს. ამ მტკიცებულებებით კი, 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან აფრენილმა თვითმფრინავმა დაარღვია.
XS
SM
MD
LG