Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა მაგალითად ყაზახეთის მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის?


როცა ყაზახეთის მმართველმა პარტიამ 18 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნებში 98-ვე ადგილი მოიპოვა, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თქვა,

რომ ერთპარტიული სისტემა ზიანს არ მიაყენებს დემოკრატიასა და პლურალიზმს. მაგრამ პოლიტიკური მიმომხილველები და ოპოზიცია ცენტრალურ აზიაში გამოთქვამენ ეჭვებს, რომ ე.წ. "ყაზახური მეთოდი" მთელი რეგიონის მთავრობებისთვის შეიძლება იქცეს ძალაუფლების გამყარების მიმზიდველ მაგალითად.

როცა მისმა მმართველმა პარტიამ, ნურ ოტანმა მთელი ქვედა პალატა, მაჟილისი თავისთვის დაიბევა, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ერთპარტიული პარლამენტი ტრაგედია არ არის.

[ნაზარბაევის ხმა] "მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ერთპარტიული, ამავე დროს საკმაოდ ეფექტიანი პარლამენტების მაგალითები. მით უმეტეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ოპოზიციის კონსტრუქციულ წინადადებებს."

მაგრამ თავად ოპოზიცია ერთპარტიულ პარლამენტს უკან, საბჭოთა სტილის მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

ოპოზიციის ლიდერები და ანალიტიკოსები ცენტრალურ აზიაში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ყაზახეთის მაგალითს მალე რეგიონის სხვა ქვეყნებმაც შეიძლება მიბაძონ.

პოსტსაბჭოთა ყირგიზეთი, ბევრის აზრით, ცენტრალური აზიის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა. მაგრამ თავად ბიშკეკშიც კი შიშობენ, რომ ყაზახეთის არჩევნების შედეგმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ყირგიზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ადილ ტურდუგულოვმა, ბიშკეკელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ შესაძლოა "ყაზახურ მეთოდს" მიმართოს მომავალ არჩევნებში.

[ტურდუგულოვის ხმა] "ადრეული საპარლამენტო არჩევნების ინიციატორი ნაზარბაევი იყო. მისი მთავარი მიზანი იყო, უახლოესი ადამიანების თავმოყრა პარლამენტში, რათა ნებისმიერი საშუალებით შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება."

რაჰმატულო ვალიევი მეზობელი ტაჯიკეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. ვალიევის თანახმად, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ყაზახეთში აგვისტოს არჩევნებში უმრავლესობას მმართველი ნურ ოტანი მოიპოვებდა. მაგრამ, მისი თქმით, პარლამენტში ოპოზიციის სრულიად არარსებობამ განაცვიფრა:

[ვალიევის ხმა] "ქვეყანა მრავალპარტიულია მხოლოდ მაშინ, როცა მის პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფებაა და ამ დაჯგუფებებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო დებატებში, გამოხატონ თავიანთი აზრები, შეცვალონ კანონები. ყაზახეთი კი ერთპარტიულ ქვეყნად იქცა, როგორც საბჭოთა კავშირი."

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ოპოზიციის სრული არარსებობა სიახლეა, ახალი პარლამენტი რადიკალურად არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან. ძველ მაჟილისში ოპოზიცია ერთ ადგილს აკონტროლებდა.

უზბეკეთში ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხუთივე პარტია, რომელსაც უზბეკეთის პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლები, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს უჭერს მხარს.

თურქმენეთში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს - თურქმენეთის დემოკრატიული პარტია.

მრავალთა აზრით, ტაჯიკეთის პარლამენტში მხოლოდ ორი ნამდვილად ოპოზიციური წარმომადგენელია - ორივე ისლამური აღორძინების პარტიიდან. პრეზიდენტ ემომალი რახმონოვის სახალხო-დემოკრატიული პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას ფლობს და მას გარდა ოპოზიციას ნომინალურად წარმოადგენს რამდენიმე დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან.

მაგრამ ლონდონის ჩეთემ ჰაუსის კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, შირინ აკინერის აზრით, არჩევნების შედეგები არც იმაზე მეტი ყოფილა, არც იმაზე ნაკლები, რაც ყაზახ ხალხს სურდა.

როგორც აკინერი ამბობს, მოსახლეობას არ სჯერა ოპოზიციური პარტიებისა და სურს ქმედითუნარიანი პოლიტიკური სისტემა:

[აკინერის ხმა] "მე ვფიქრობ, ხალხი იმისთვის არ ცხოვრობს, რომ საუკეთესო პოლიტიკური სისტემა შექმნას. ხალხი იმისთვის ცხოვრობს, რომ იცხოვროს, როგორც შეუძლია. თუკი სისტემა, რომელიც ყაზახეთში არსებობს, ხალხს ცხოვრების კარგ დონეს სთავაზობს, სთავაზობს მას იმის საშუალებას, რომ მომავალს იმედიანად შეჰყურებდეს, უთუოდ ესაა უმთავრესი."

თავად ნაზარბაევმაც განაცხადა, რომ ელექტორატი ირჩევს იმ პარტიას, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია პოლიტიკური სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტირება.

მაგრამ დამოუკიდებელი მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ერთპარტიულობა შორი პერსპექტივით ყაზახეთის ხელისუფლებისთვის გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს. მათი აზრით, თუკი პრეზიდენტი ნაზარბაევი ჩამოშორდება პოლიტიკურ ასპარეზს, მაშინ მისი პარტიაც გაუჩინარდება.
XS
SM
MD
LG