Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


”საიდუმლო სერობა სამხედრო სწავლებების ფონზე – რაზე ესაუბრნენ ბაღაფში და კოკოითი ყარაჩაი–ჩერქეზეთის პრეზიდენტს?”

- პუბლიკაცია ამ სათაურით დღეს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა. გაზეთი იუწყება, რომ ბიჭვინთაში, არაფორმალურ ვითარებაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებისა და ყარაჩაი–ჩერქეზეთის ლიდერის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, ნათქვამია სტატიაში, რომელშიც შეხვედრის თემატიკის შესახებ ვერსიებზე გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტები ლაპარაკობენ. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ არაფორმალური და დაუგეგმავი შეხვედრის მიზეზი ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები იყოს, საუბრის თემატიკა კი, იმ სამხედრო სწავლებების ფონზე, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს, – სამხედრო.

”ოქრუაშვილი პოლიტიკაში სერიოზული ძალა იქნება” –ინტერვიუში დეპუტატ გია თორთლაძესთან, რომელსაც გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის შეკრების შემდეგ ახალი ოპოზიციური ფრაქცია ოფიციალურად ჩამოყალიბდება. შეკითხვას კი, თუ რატომ ასაიდუმლოებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, რესპონდენტი უპასუხებს: “არ ვიცი, ვინ რატომ ასაიდუმლოებს, ამას ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ არ ვიცი, ვინ როდის ვის შეხვდა. საერთოდ, ამ ქვეყანაში დღეს რა სიტუაციაც არის, თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერები რამეს მალავენ, მალავენ ერთი მიზეზის გამო; ყველაფერი ისმინება, ყველას უსმენენ. ამ ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო მანქანა, რომელიც ხელს უშლის ყველანაირი გაერთიანების ჩამოყალიბებას, აშანტაჟებს ამ გაერთიანებაში წინასწარ მოაზრებულ ხალხს, მათ ნათესავებს, ეძებენ და იგონებენ ათასგვარ სიბინძურეს. აქედან გამომდინარე, ყველა ყველაფერს მალავს.“

”ბირთვულ ენერგიას ჩვენთვის ალტერნატივა არა აქვს” – საქართველოს ენერგეტიკისა და ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი სტრატეგიული საკითხის შესახებ ვრცელი სტატია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” დაიბეჭდა. ამონარიდი სტატიიდან: „ ბირთვული რეაქტორის მშენებლობა ჩვენი ქვეყნის პირობებში, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად გამართლებულია, მაგრამ არ გამორიცხავს მათი მშენებლობის ალტერნატიულ ვარიანტებს. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩატარდეს მონიტორინგი ბირთვული რეაქტორების ტიპის, მათი სიმძლავრის შესაბამისი სამშენებლო მოედნის, ბირთვული ენერგეტიკის შემადგენელი სამშენებლო დანიშნულების ნაგებობებისა და მშენებლობისათვის საჭირო თანამედროვე კონსტრუქციების შესარჩევად.” გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ პუბლიკაციის თანახმად, დღეისათვის საქართველო მძლავრი და ზემძლავრი ბირთვული რეაქტორის მშენებლობისათვის მზად არ არის, მაგრამ საშუალო ან მცირე სიმძლავრის ბირთვული სადგურის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებული და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

”დოლარი თუ ევრო” – საკითხს ამგვარად დღეს გაზეთი ”24 საათი” სვამს. გაზეთის თანახმად, მთელ მსოფლიოში სერიოზულად ალაპარაკდნენ იმაზე, ხომ არ დადგა დოლარის თავიდან მოშორების დრო და, თუ იგი დამდგარია, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს. მაშინ, როცა საქართველოში უცხოური ვალუტის დეპოზიტების 84 პროცენტი დოლარია, გაზეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მკითხველს ერთ–ერთი უცხოური აუდიტორული ფირმის რამდენიმე საყურადღებო რჩევა მისცეს. ეს რჩევები მოკლედ ასე ჟღერს: დოლარის სხვა ვალუტაში გადაყვანა, დოლარის საინვესტიციო ფონდში ჩადება და, ბოლოს, მისი მაღალი ხარისხის საქონლის შეძენაში დახარჯვა.
XS
SM
MD
LG