Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


”24 საათი” აშუქებს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას 22 აგვისტოს ბრიფინგს

და მკითხველს რამდენიმე ციტატას სთავაზობს. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს: ”რა რეალური განზრახვა იდგა ამ პროვოკაციის უკან?არსებული რეალობა შემდეგი დასკვნების საშუალებას იძლევა: საქართველოს დაშინება და საქართველოს სამხედრო მზადყოფნის შემოწმება; საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეგიონში მთავარი მოთამაშე და ასევე იმის შემოწმება, თუ როგორ დაიცავდა საერთაშორისო თანამეგობრობა ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნა და ასევე მხარდამჭერი სიგნალის გაგზავნა სეპარატისტული რეჟიმებისთვის.” - ნაწყვეტს გაეროში გამართული ბრიფინგიდან ”24 საათი” ბეჭდავს და მკითხველს ხვალისთვის გამოსვლის სრულ ტექსტს ჰპირდება.

”რუსები ისევ შემოიჭრნენ”, - ”რეზონანსი” 21 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს: ”შეგვიძლია არაერთი ფაქტი დავასახელოთ, როდესაც რუსეთმა არათუ დაბომბა სხვა სახელმწიფო ტერიტორიები, არამედ ტერორისტული აქტებიც კი მოაწყო და წლების გავლის შემდეგაც კი გაუჭირდა ამ ქმედებების აღიარება. იგივე ვითარებაა დღესაც. თუკი დასავლეთი ამ ფაქტებზე არ მოახდენს სერიოზულ რეაგირებას, რუსეთი კვლავაც გაარგძელებს აგრესიულ პოლიტიკას არა მარტო პოსტსაბჭოური ქვეყნების მიმართ, არამედ, შესაძლოა, ეს ქმედება განმეორდეს უკვე აღმოსავლეთ ევროპაში.” ამავე გაზეთში წაიკითხავთ ექსპერტ მამუკა არეშიძის მოსაზრებასაც, რომლის თანახმადაც, თუკი გაეროში 6 აგვისტოს ინციდენტზე მსჯელობა შედგება, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასკვნა რაც შეიძლება რბილი იყოს.

”ახალი თაობა” ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მომავალ არჩევნებზე ესაუბრა. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში შეუძლებელია არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის დამარცხება, თუმცა მოგვიანებით დასძენს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებაა შესაძლებელი. ზურაბიშვილი აგრეთვე ამბობს: ”ერთი რამ ვერ გავიგე, ტელევიზიების შვებულება რა უბედურებაა, საინფორმაციო სამსახურების შვებულებაში წასვლა. გაზეთებს ეს არ გეხებათ. იმის გამო, რომ ზაფხული მკვდარ სეზონად ითვლება, ტელევიზიებიც არ მუშაობენ, პოლიტიკოსებიც არ არიან, რაც კი რამ დასანგრევი იყო და ხალხი გამოსაყრელი, ყველაფერს ახლა აკეთებენ.”- ზურაბიშვილი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მიერ არჩევნებისას რაიმე წესების დაცვის მოლოდინი არ უნდა იყოს - ხელისუფლება ოპოზიციამ უნდა აიძულოს, რომ რაღაც წესები დაიცვას.


XS
SM
MD
LG