Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ თმობენ გორელი მეწარმეები კერძო საკუთრებას


ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში

გახშირდა კერძო მესაკუთრეების მხრიდან სახელმწიფოსათვის ქონების გადაცემის ფაქტები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე და ხელისუფლების წარმომადგენელი ნოტარიუსის თანდასწრებით აფორმებენ ქონების ჩუქების ხელშეკრულებას, სადაც მითითებულია, რომ მესაკუთრე ნებაყოფლობით თმობს ამა თუ იმ შენობას, საწარმოსა და სავაჭრო ობიექტს, თუმცა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა გაერთიანება სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ საქართველოში საკუთრების გადაცემა, როგორც წესი, ნებაყოფლობით კი არა, მუქარითა და ზეწოლის შედეგად ხდება. მინდა სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ერთი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ მოგითხროთ.

სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 2003 წლის ნოემბრის შემდეგ გორის გამგეობას საკუთარი ქონება ნებაყოფლობით, სულ ცოტა, ოთხმა ბიზნესმენმა გადასცა. ჟურნალისტმა ნანა ბიგანიშვილმა ინფორმაციის გადასამოწმებლად გორის გამგეობას მიმართა.

[ნანა ბიგანიშვილის ხმა] „მივაკითხეთ გორის გამგეობას, გამგებლის მოადგილე გურამ პაპუნაშვილს, რომელმაც გადმომცა ოთხი ნოტარიული აქტი, რომელთა თანახმად, კერძო მესაკუთრეები საკუთარ ქონებას ჩუქნიდნენ გორის გამგეობას.“ (სტილი დაცულია)

გამოძიების ავტორის ნანა ბიგანიშვილის თქმით, მჩუქებელთა შორის აღმოჩნდა გორის საკოლმეურნეო ბაზრის მფლობელი ჯემალ წიკლაურიც, რომელმაც ქონება 2004 წლის ივნისში დათმო, თუმცა მანამდე, როგორც წიკლაური ამბობს, მასთან კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდა მიხეილ ქარელს, შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მაშინდელ თანამშრომელს. ჯემალ წიკლაური და მისი მეუღლე მანანა წიკლაური იხსენებენ:

[ჯემალ წიკლაურის ხმა] „არაფერი არ იქნებაო, შენ და შენი მეუღლე, უბრალოდ, ბლანკზე მოაწერთ ხელს და თავისუფალი იქნებით, გააგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებასო. როცა მე ვუპასუხე, თანხა რომ მაქვს გადახდილი, იმას რა ვუყოთ-მეთქი, მითხრეს, შენ ამ წლების განმავლობაში ბევრი ფული იშოვე და გეყოფაო.“

[მანანა წიკლაურის ხმა] „როცა უარი მიიღო გუბერნატორმა, მაშინ დაემუქრა ჯემალს, ნახე, რაც დაგემართებაო. შემოვა პროკურატურა, შემოვა საგადასახადო და მერე შენ თავს დააბრალეო.“

პროკურატურამ და საგადასახადო ინსპექციამ საკოლმეურნეო ბაზრის შემოწმება 2004 წლის იანვარში დაიწყეს. ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ რევიზიას საფუძვლად დაედო ბაზარში მომუშავე ყასბის მიერ მოტყუებული მოქალაქის, ალუდა ჯოხაძის, საჩივარი. ჯემალ წიკლაურის ადვოკატი ვახტანგ ცხომელიძე განმარტავს:

[ვახტანგ ცხომელიძის ხმა] „აღელვებული ჯოხაძე მირბის პოლიციაში, წერს, ბაზარში მივედი, ათი კილო ხორცი ვიყიდე, მაგრამ მომატყუეს, სამი ლარი ვიზარალე და გთხოვთ მიიღოთ ზომებიო.“

ვახტანგ ცხომელიძის თქმით, ბაზრის შემოწმებისას პოლიციის, პროკურატურისა და საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებს თან ახლდა პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე დაწინაურებული მიხეილ ქარელიც.

[მიხეილ ქარელის ხმა] „ბაზარში არ არის საკონტროლო სასწორი და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ბაზრის დირექტორზე.“

მაგრამ, ვიდრე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ, საკოლმეურნეო ბაზარი საგადასახადო ინსპექციამ შეამოწმა. ინსპექტორების მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, ჯემალ წიკლაურმა ბიუჯეტს 278 ათასი ლარი დაუმალა. ვალის დასაფარად მეწარმეს ათი დღის ვადა მიეცა, თუმცა სამი დღის შემდეგ გორის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაბარებული წიკლაური დააპატიმრეს. სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მოსახდელად იგი თბილისში გადაიყვანეს. მანანა წიკლაური იხსენებს:

[მანანა წიკლაურის ხმა] „გავიდა სამი თვე, მაგრამ სასამართლო პროცესი არ დანიშნეს. ვიგებ, რომ საკანში შედიან და ზეწოლას ახდენენ, ეუბნებიან, უნდა ჩააბარო, უნდა ჩააბაროო!“

ჩაბარებამდე განმეორებითმა რევიზიამ აჩვენა, რომ ჯემალ წიკლაურს, 278 ათასი ლარის ნაცვლად, სახელმწიფოსათვის 37 ათასი უნდა გადაეხადა, რაც მან ციხეში ყოფნისას გააკეთა კიდეც, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯემალ წიკლაური პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს. საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორმა პირველი იზოლატორის საკანი 2004 წლის 23 ივნისს, ღამის 2 საათზე, მას შემდეგ დატოვა, რაც ციხეში მიყვანილი ნოტარიუსის თანდასწრებით ქონების გადაცემის აქტს მოაწერა ხელი, თუმცა გორის გამგებელი სოსო მუმლაძე ირწმუნება, რომ ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა:

[სოსო მუმლაძის ხმა] „ბაზარი ჯემალ წიკლაურმა გადმოგვცა თავისი ნებით. ეტყობა, სინდისმა გაიღვიძა.“

სოსო მუმლაძის გარდა, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტებმა კომენტარი მიხეილ ქარელსაც სთხოვეს. ჰქონდა თუ არა ადგილი ქონების იძულებით დათმობას?

{მიხეილ ქარელის ხმა] „რა სისულელეა, რას ლაპარაკობთ. ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა აბსოლუტურად.“(სტილი დაცულია)

თუმცა უნდა ითქვას, რომ შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის გულწრფელობაში ეჭვი სახალხო დამცველმა შეიტანა. გიგა გიორგაძე, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ჯემალ წიკლაურის საქმე სოზარ სუბარის 2004 წლის ანგარიშშია შეტანილი:

[გიგა გიორგაძის ხმა] „ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იყო საკუთრების უფლების დარღვევა. აქ ასევე საუბარია დანაშაულის ნიშნებზე, რომელიც იკვეთება სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან.“

რაც შეეხება ჯემალ წიკლაურს, მან საკუთრების უკან დაბრუნება გადაწყვიტა და სასამართლოში იჩივლა. იურისტთა განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დადებული ხელშეკრულება ბათილად ითვლება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG