Accessibility links

ქართული პრესა


”ლევან ნიკოლეიშვილი გადადგა. რას შეეწირა თავდაცვის მინისტრის მოადგილე–კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ გამოძიებას თუ წითელუბნის ინციდენტს?”

–პუბლიკაციას ამ სათაურით დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას შორის პირდაპირი კავშირის მოძიება რთულია, თუმცა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დღევანდელი უსუსურობა სწორედ ნიკოლეიშვილის მოქმედების შედეგია. „ მეგობრობაზე, ახლობლობაზე და, განსაკუთრებით, მორჩილებაზე აწყობილი სისტემა ჰქონდა და არ ითვალისწინებდა მაღალკვალიფიციური კადრების აზრს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მისი მმართველობის პერიოდი საკმაოდ ცუდად აისახა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე და ამ ყველაფერს დღეს ვიმკით. ჩვენს ტერიტორიაზე შემოფრინდნენ რუსეთის საფრენი აპარატები და ჩვენ ელემენტარული საშუალება არ გვაქვს, რომ ისინი ან გავანადგუროთ, ან განსაკუთრებული საფრთხე შევუქმნათ. ეს ყველაფერი კი იმის შედეგია, როგორ მმართველობასაც ახორციელებდნენ ნიკოლეიშვილი და მისი მსგავსი თანამდებობის პირები თავდაცვის სამინისტროში,“ - განუცხადა ”რეზონანსს” სამხედრო ექსპერტმა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, არაა გამორიცხული ნიკოლეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

”დიდი დეპორტაცია – კრემლის პასუხი წითელუბნის ინციდენტზე” – „რეზონანსის“ აღნიშნულ სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ უახლოეს ხანში რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი მასობრივი გამოსახლებაა მოსალოდნელი. გაზეთის ფურცლებზე ამგვარ მოსაზრებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამოთქვამს: „ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. რუსეთს არჩევნებში გასამარჯვებლად ძალიან სჭირდება რომელიმე ქვეყნის მიმართ აგრესიის გამოვლენა.რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ ნიადაგი, ადრინდელი კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, უკვე არსებობდა და ბევრი არც უფიქრიათ. სანამ არჩევნები არ დამთავრდება, რუსეთის ხელისუფლება ეცდება, რომ კონფლიქტური სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გამწვავდეს.“

„სააკაშვილი–პუტინის შეხვედრა აუცილებელია“ – რუბრიკით „რუსეთის რაკეტული ვნებანი“ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს სტატიას, რომლის თანახმად, რაკეტის ჩამოგდება სწორედ ის მიზეზია, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრასა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გარკვევას აუცილებელს ხდის: „წითელუბნის ინციდენტი უფრო ამ შეხვედრის დამაჩქარებელი უნდა იყოს, ვიდრე დამაბრკოლებელი. ისიც ხომ ცხადია, რომ ერთი რამ ითქმება ოფიციალურად და, შესაძლოა, სულ სხვა რამ ითქვას პირისპირ საუბრისას.”

”მორიგი რუსული შანტაჟი–სამიზნე ამჯერად უკრაინაა.” უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაზეთი ”24 საათი” უკრაინა–რუსეთის ურთიერთობათა დაძაბვის თემით ეხმიანება. სტატიის განსჯის საგანია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მორიგი სკანდალური განცხადება შავი ზღვის ფლოტისა და ყირიმის საკითხის ურთიერთკავშირის შესახებ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე ზეწოლას გააგრძელებს, რუსეთი ყირიმის კუთვნილების საკითხს დასვამს. გაზეთ ”24 საათის” ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ, რუსეთ–უკრაინის 1997 წლის დიდი ხელშეკრულების თანახმად, უკრაინა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის 2017 წლამდე შენარჩუნებაზე დათანხმდა. სანაცვლოდ რუსეთმა სადავო ყირიმი უკრაინის ტერიტორიად აღიარა. ამჯერად კი კიევმა შავი ზღვის ფლოტის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა და მონაწილეობა მოითხოვა. კიევს ფლოტის გაყვანაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. როგორც გაზეთი ”24 საათი” იუწყება, ამჯერად რუსული შანტაჟი უკრაინის მიმართ საკმაოდ დაბალი დიპლომატიური რანგისგან გაისმა. გაზეთი მოვლენების შემდეგი სცენარით განვითარებას ვარაუდობს: „ რუსეთისათვის უკეთეს შემთხვევაში, კრემლი ზეწოლას გააძლიერებს, უარეს შემთხვევაში კი, უკრაინაში რუსეთის საელჩოში ლისენკოს შემცვლელს ადვილად მოძებნიან.” ”24 საათის” ცნობით, ზემოხსენებული სკანდალური განცხადება უკრაინაში რუსეთის საელჩოს მრჩეველს ვლადიმირ ლისენკოს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG