Accessibility links

logo-print

რატომ ვერ ისვენებენ ტაჯიკები ზაფხულში და რატომ ვერ მოგზაურობენ საზღვარგარეთ


მაშინ, როცა ზაფხული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოგზაურობისა და დასვენების სეზონად აღიქმება, ტაჯიკეთში ძალიან ცოტამ თუ იცის

, რას ნიშნავს დაისვენო საზღვარგარეთ და დაისვენო ისე, როგორც გსურს. ძირითადი მიზეზებია: უფულობა, საზღვარგარეთის პასპორტისა და ამა თუ იმ ქვეყნის ვიზის აღებასთან დაკავშირებული სიძნელეები. და ამიტომ ტაჯიკები, ძირითადად, მშობლიურ ქვეყანაში ატარებენ ზაფხულს: ქალაქელები სოფელში მიდიან, სოფლელები კი – ვერსად.

ლოლა კოლეჯის მასწავლებელია. ის ოჯახით, სადაც 3 ბავშვი იზრდება, ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდში ცხოვრობს. ლოლა არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ და, საერთოდ, მისთვის ნამდვილი არდადეგები და დასვენება მიუღწეველი ფუფუნებაა. ლოლა ზაფხულობით ბავშვებთან ერთად მხოლოდ სოფელში, მშობლებთან ახერხებს ჩასვლას, მაშინ როცა მისი ინჟინერი მეუღლე სეზონური სამუშაოს საშოვნელად რუსეთში მიემგზავრება. ოჯახის მამა ზაფხულშიც მუშაობს. ლოლასთვის ზაფხული და შვებულება დასვენებასთან თითქმის აღარ ასოცირდება:

(ლოლას ხმა) "აქ არ არსებობს არდადეგები, როგორც ასეთი... ადამიანები შვებულების დროს საკუთარი საქმეების მოგვარებით არიან დაკავებული – სახლში ხომ ათასი რამ არის გასაკეთებელი. ბევრი კი მუშაობს - დამატებითი ფულის საშოვნელად. მოკლედ, ადამიანები დასვენების დროსაც მუშაობენ..."

ლოლა და მისი მეუღლე გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ტაჯიკების უმრავლესობისთვის ნამდვილად უცხოა საზღვარგარეთ, ვთქვათ, ზღვაზე ან მთაში დასვენების სიამოვნება. თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ეს მათ არ სურთ ანდა დასვენებისგან სიამოვნების მიღება არ შეუძლიათ. უბრალოდ, შუა აზიის ეკონომიკურად საკმაოდ ჩამორჩენილ ქვეყანაში უმუშევრობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად 500 ათასი, ანუ დაახლოებით ყოველი მე-12, ტაჯიკი სამუშაოს საძებნელად რუსეთისკენ იღებს გეზს. ქვეყანაში ყოველთვიური საშუალო ხელფასი დაახლოებით 30 დოლარს შეადგენს, რომლითაც მხოლოდ ძირითადი საკვები პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი. მეტს ვერც ჰარამგული ახერხებს, სკოლის მასწავლებელი ტაჯიკეთის დედაქალაქიდან, დუშანბედან. დეპრესიით გამოწვეული პრობლემების გამო ექიმმა მას დასვენება ურჩია, მაგრამ ჰარამგული დილემის წინაშე აღმოჩნდა:

(ჰარამგულის ხმა) "სამსახურში პრობლემები მქონდა და, მძიმე სტრესის გამო, მინდოდა სადმე წავსულიყავი დასასვენებლად. მაგრამ ფულის ნაკლებობისა თუ არახელმისაწვდომი შემოთავაზებების გამო, ვერსადაც ვერ შევძელი წასვლა."

თუმცა ფული ერთადერთი პრობლემა არ არის. ტაჯიკების ის ნაწილი, რომელსაც ფული აქვს, წუხს, რომ მოგზაურობის სურვილს ვიზასთან დაკავშირებული სიძნელეები აქრობს. საქმე ისაა, რომ დუშანბეში ყველა ქვეყნის საელჩო არ არის გახსნილი და ვიზებისთვის ტაჯიკებს ხშირად მოსკოვში უწევთ ჩასვლა. ამიტომ ფულიანების არჩევანიც იძულებით ხასიათს ატარებს. ზედმეტი საზრუნავის თავიდან აცილების მიზნით, ისინი ისეთ ქვეყნებს ირჩევენ, რომელთა საელჩოებიც წარმოდგენილია ტაჯიკეთში (მაგალითად - ინდოეთი), ანდა სადაც ვიზა სულაც არ არის საჭირო. ესენია, მაგალითად, თურქეთი ან ზოგიერთი არაბული ქვეყანა.

ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს დირექტორი ფურკატ ახმადოვი ამბობს, რომ ტაჯიკეთში განსაკუთრებით პოპულარულია თურქეთი, ინდოეთი, ირანი და ეგვიპტე, მიუხედავად იმისა, რომ მას მსურველების გაგზავნა 28 ქვეყანაში შეუძლია. თუმცა თავად მოგზაურობის მსურველთა რიცხვიც საკმაოდ დაბალია. ახმადოვი ამბობს, რომ წელს მის სააგენტოს საზღვარგარეთ წასვლის მსურველმა დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიაკითხა. შესაბამისად, ტაჯიკეთში მეტად მცირეა ტურისტული სააგენტოების რიცხვიც.

საზღვარგარეთ წასვლის მსურველს სჭირდება საზღვარგარეთის პასპორტი, რაც დაახლოებით 40 დოლარის შესაბამისი თანხა ჯდება. ლოლა ამბობს, რომ, არათუ საზღვარგარეთ მოგზაურობას, მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები პასპორტის აღებასაც ვერ მოახერხებენ. მისი თქმით, უარესი ვითარებაა სოფლად:

(ლოლას ხმა) "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არც კი გამიგია, რომ ვინმე, სოფლად მცხოვრები, დასასვენებლად გამგზავრებულიყოს შორს, ვთქვათ – სამკურნალო კურორტზე... "

ახალი სასწავლო წელი მოახლოვდა და ლოლამ ბავშვები უკვე ჩაიყვანა სოფლიდან ქალაქში. მართალია, საზღვარგარეთ არ დაუსვენიათ, მაგრამ დედა კმაყოფილია, რომ ბავშვებმა სოფელშიც მშვენიერი დრო გაატარეს, იმხიარულეს თანატოლ ნათესავებთან ერთად, გული იჯერეს მდინარეში ბანაობით და მიირთვეს უამრავი უფასო ხილი პაპა-ბებიის მშვენიერი ბაღიდან.
XS
SM
MD
LG